„მერაბიშვილის უდანაშაულობა თუკი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ღამე ძილის სიმყუდროვე დაურღვიეს და საკნიდან გაიყვანეს, ეს საქმე გამოსაძლიებელია, თუკი გამოძიებული არ არის. მაგრამ სხვა ყველაფერი, როგორც ვიცი, ძალაშია და არც ევროპის საბჭოს, არც სტრასბურგის სასამართლოს და არც არავის დაუდგენია მის მიმართ დამდგარი განაჩენის უკანონობა," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. მისი განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 2019 წლის ივნისამდე მისცა დრო რვაპუნქტიან დოკუმენტში ჩაწერილი მითითებების შესასრულებლად.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.
კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.
ქუცნაშვილის განცხადებით კი, არავის დაუდგენია მერაბიშვილის უდანაშაულობა; მისი თქმით, მერაბიშვილის სახელი ფიგურირებს ისეთ საქმეებში, როგორიცაა 7 ნოემბერი, გირგვლიანის საქმე და საკუთრების უკანონო ხელყოფა. მისივე თქმით, თუკი კითხვის ნიშნები არსებობს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ, საქმე ამ მხრივ უნდა გადაიხედოს.
„რის გამოც იგი ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება, ეს სხვა არის; ესაა 7 ნოემბერი, გირგვლიანი საქმე, საკუთრებების უკანონოდ ხელყოფა. ამაში სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ არასწორად არის მსჯავრდებული.
„რაც შეეხება იმ სხვა საქმეს, რომ ღამის საათებში მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს თუ არა და მოახდინეს დაკითხვა პატიმრის და არა მოქალაქის, ამაზე გამოძიებასთან მიმართებაში შეიძლება ვინმეს შეკითხვა ჰქონდეს," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.