10 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვითაც, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.
„რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტარები აცხადებენ, რომ მრავალჯერადი უბედური შემთხვევის, ხალხის ჯანმრთელობის დაზიანებისა და უშუალოდ საზოგადოების თხოვნით გადაწყდა ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობა.
მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გულისხმობს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.
უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ პარლამენტში პირველი მოსმენის ჩატარებამდე რთული იქნება წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა:
„ხვალ პირველი მოსმენა გაიმართება და უნდა ვიმსჯელოთ. ჯერ არ გვიმსჯელია იმაზე, თუ რა და როგორ იქნება. ამ საკითხზე მუშაობის დაწყება გამოიწვია იმან, რომ ბავშვები ზიანდებიან ამ პიროტექნიკის შედეგად. რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები 18 წლამდე ასაკის პირები იგულისხმებიან", - ამბობს ენძელა მაჭავარიანი.
დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ თემის წამოჭრა გამოიწვია ახალი წლის პერიოდში, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა ხშირმა დაზიანებებმა ამ პიროტექნიკის გამო:
„ზოგადად, თემა გულისხმობს ამ სფეროს რაიმე გზით დარეგულირებას, ეს იყო საზოგადოების დიდი ნაწილის თხოვნა. დეტალები, როგორ და რანაირად ჩაჯდება ეს რეგულაციები ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას გაირკვევა.
„რაც შეეხება მონიტორინგს, ვის მიერაც უფრო სწორი და პრაქტიკული იქნება ამ საკითხის მონიტორინგი, უკვე კონკრეტულ კომიტეტებზე და მსჯელობის პროცესში განვიხილავთ. რა თქმა უნდა, ჩაერთვება მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, დადგინდება აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი ნაწილი მოახერხებს ამ საკითხის პრაქტიკულად მონიტორინგს.
„18 წლამდე თუ 21 წლამდე პირისთვის დაწესდება შეზღუდვა, ჩემი აზრით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. იდეის მიხედვით, უნდა აიკრძალოს არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა.
„კიდევ ვიმეორებ, დეტალებში - რა, როგორ და რანაირად მოხდება, ეს ჯერ განხილული არ გვაქვს. საუბარია იდეაზე, რომლის თანახმადაც უნდა დარეგულირდეს ეს სფერო და ამის მომხრე უმრავლესობაა, მეც მათ შორის", - ამბობს მაჭარაშვილი.