რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) ყველას სურვილია, რომ ინაუგურაციას რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს, - ამის შესახებ ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტს სტუმრების რაოდენობის შემდეგ დაადგენენ. მისივე თქმით, სტუმრების სიას საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვალ წარმოადგენს.

„სტუმრების შესახებ არ გვექნება ინფორმაცია იქამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ გვექნება ინფორმაცია. მათ ორშაბათამდე აქვთ ვადა, რომ წარმოადგინონ სია, დაახლოებით ვინ ჩამობრძანდებიან უცხოეთიდან. რაც შეეხება ლოკაციებს, ისევ ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. თბილისთან მიმართებაში საუბარია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობაზე, გმირთა მემორიალზე მისვლაზე. ფიცის დადების ცერემონია კი გაიმართება თელავში, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ არ შეიცვლება. ასევე განიხილება წინანდალის ლოკაცია, სადაც საზეიმო მიღება უნდა გაიმართოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა ჩვენ პარტნიორთან, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს. ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება დაახლოებით 19:00 საათზე. აქედან გამომდინარე, არ არის სურვილი სტუმრების მხრიდან, რომ განთავსდნენ სასტუმროში", - აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ინაუგურაციაზე დასწრება მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ლოკაცია არის საკმაოდ შორს თბილისიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ვმუშაობთ საკითხზე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ტრანსპორტირებაც მოხდება და ხელშეწყობაც იქნება გონიერების ფარგლებში",- განაცხადა კახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×