საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა.
შედეგად საინტერესო პრეცენდენტი მივიღეთ - ერთის მხრივ ორშაბათიდან, 10 დეკემბრიდან მორატორიუმი უქმდება და უცხოელებს თავისუფლად შეეძლებათ საქართველოში მიწების შეძენა, მეორეს მხრივ კი 16 დეკემბერს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, რომლის შემდეგაც, უკვე 17 დეკემბრიდან კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის ძალაში, რომელიც უცხოელთათვის მიწების მიყიდვა საერთოდ იკრძალება. შესაბამისად, გაჩნდა ერთკვირიანი „ფანჯარა" - 10-დან 17 დეკემბრამდე - რომლის განმავლობაშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების შეძენა უპრობლემოდ შეეძლებათ.
საზოგადოების ნაწილი ამაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს. ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ და ა/ო „საქართველოს დემოგრაფიულო საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს, სადაც საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოუწოდებენ ამ ერთი კვირის განმავლობაში გაფიცვა გამოაცხადონ და უარი თქვან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწების დარეგისტრირებაზე.
გარდა ამისა, ისინი თავიანთ მიმართვაში წერენ, რომ „დღეის მდგომარეობით ასეთი 2500 განაცხადია შესული საჯარო რეესტრში, რომელთა უკან ათასობით ჰექტარი ქართული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა იგულისხმება გაყიდვა-გასხვისების მოლოდინში!!!"
„რეზონანსი" შეეცადა იმის გარკვევას, თუ რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მასობრივი გასხვისება დაიწყოს უცხოეთის მოქალაქეებისთვის.
იურისტი დავით ზარდიაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში დიდი რაოდენობით მიწების გასხვისება ფიზიკურად ვერ მოესწრება და საჯარო რეესტრის თანამშრომელთა გაფიცვის მოწყობაც არ არის საჭირო. თუმცა, ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სხვა ცვლილებებია განსახორციელებელი, რომელთა გარეშეც შესაძლოა დიდი პრობლემები შეიქმნას.
აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციაში ამ საკითხზე არსებული ფორმულირება უნდა შეიცვალოს. მისივე განცხადებით, უცხოელებს საქართველოს სასოფლოსამეურნეო მიწები სპეკულაციისთვის უნდათ.
„განაცხადი ნამდვილად ბევრია შესული საჯარო რეესტრში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულების სავარგულია. ქვემოთ კი აქვს მინაწერი, რომ სხვა კერძო შემთხვევები იქნება მოცემული ორგანულ კანონში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუ ამას დავიცავთ, ძალიან კარგი იქნება. მე ძალიან მაღელვებს ეს „განსაკუთრებული შემთხვევები". შესაძლოა, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა ყოველდღიურად აქციონ, რაც ყოვლად დაუშვებელია.
„საფრთხე იმისა, რომ ეს მიწები ერთ კვირაში დიდი რაოდენობით უცხოელებმა იყიდონ, არსებობს. მაგრამ მე ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ ამ უცხოელებს მიწები სპეკულაციის მიზნით უნდათ, რათა ურბანული გახადონ და გაასხვისონ. ეს უნდა გაიგოს იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაგნგაშს უნდა ტეხდეს", - განაცხადა კოღუაშვილმა.
დავით ზარდიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში პრობლემა არა ერთკვირიანი შუალედია, არამედ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ მიწის გაყიდვის ამკრძალავი ნორმის გასაჩივრებას:
„ერთი კვირა არაა დიდი პრობლემა, მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, კონსტიტუციური ნორმა, რომელიც კრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, უნდა გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში. აი, ეს უფრო საშიშია.
„არ მგონია, რომ 2500 განცხადება იყოს შეტანილი, ნაკლები იქნება. როგორც ვთქვი, ეს ერთი კვირა არაა დიდი პრობლემა. რეესტრს თავისი წესი და პროცედურა აქვს საკუთრების უფლების მინიჭებისა", - ამბობს იურისტი.
პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხმა კანონის ფარგლებში ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები არ მიჰყიდონ უცხოელებს:
„სახელმწიფომ მიწის პრივატიზაცია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალქეებზე უნდა უზრუნველჰყოს. ხელისუფლებამ არაერთხელ მოატყუა საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ სხვა გამოსავალი არ არის, უნდა წავიდეს საზოგადოება ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჩარჩოში ექცევა", - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.
იურისტი ზარდიაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელთა გაფიცვა საჭირო არაა.
„ასეთი რადიკალური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაა სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრობლემა უდაოდ არის, მაგრამ საფიქრალია მიწის საკითხის შესახებ - ისაა ფუნდამენტური. საფრთხე უდაოდ არის, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს განწყობა და დამოკიდებულებ ამ საკითხის მიმართ ნათლად ჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე რადიკალური ზომების მიღება შედეგის მომტანი არ იქნება", - განაცხადა იურისტმა.