ეკატერინე ბასილაია
10.12.2018

 "სალომე ზურაბიშვილს უფრო ვუყურებ, როგორც რეალითი შოუს გმირს, რომელზეც ხან გამეცინება, ხან გავბრაზდები და ხან რა... მუდმივად თავის "ზემოთ ყოფნას" უსვამს ხაზს. ერთხელ რომ თქვა, კი, ბატონო, შეიძლება რაღაც ვერ გავიგეთ, მეორედ გუშინ გაიმეორა, რომ არა მარტო ხალხის ზემოთ, პარტიების ზემოთაც უნდა იყოს.

"არ მინდა, ღრმა ანალიზში წავიდე, მაგრამ მისი ასეთი გამონათქვამები ტრაგიკომიკურ ლინკს ქმნის მის ირგვლივ. პირადად ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო ეს, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ გააფუჭებს ისეთს და ცოტა გაგვართოს," - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

"მთელი კვირა": ოპოზიცია ითხოვს, ხელისუფლებამ დაიწყოს მათთან დიალოგი პროპორციული საარჩევნო სისტემის ახლა შემოღებაზე; "ოცნება" პასუხობს, რომ არჩევნები დიდი პროცენტით მოიგეს და ოპოზიციის ულტიმატუმს რატომ უნდა მოუსმინოს. რამდენად ადეკვატურია მიდგომა - "გამარჯვებული ვარ და არაფერს დავთმობ" და აქვს თუ არა პერსპექტივა იმას, რომ "ოცნება" დიალოგზე წამოვა?

გია ხუხაშვილი: ამ ვითარებაში ეს ძალიან უგუნური პოზიციაა. დავიწყებ იმით, რომ ამ ხელისუფლებას არაფერი არ მოუგია. არითმეტიკულად პირველ ტურში მათ არჩევნები წააგეს და მეორე ტურში უკვე არა თავისი ამომრჩევლის, არამედ ნეგატიური არჩევანის ხარჯზე და თუნდაც "პატრიოტთა ალიანსის" ამომრჩევლის ხარზე მოიგეს.

თუმცა ამ ხელისუფლებისთვის ამ ტიპის ინფანტილიზმი დამახასიათებელია. ბავშვივით იქცევიან - რომ გაჯიუტდება ბავშვი, ისტერიკაში ვარდება და ფეხებს აბაკუნებს, დაახლოებით ამ ტიპის ხელისუფლება გვყავს. ჩვენ გვახსოვს, 2 კვირის წინ ძალიან შეშინებულები სრულ ისტერიკაში იყვნენ. თუ ჩათვალეს, რომ პრობლემა უკვე გადააგორეს, ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, იმდენად მაღალის, რომ შეიძლება სამეულშიც ვერ აღმოჩნდნენ 2020 წლის არჩევნებზე.

ეს ინფანტილიზმი ადრე თუ გვიან დასჯადია. შეიძლება საზოგადოებამ ბევრჯერ აპატიოს, მაგრამ ნდობის კრედიტი მათ უკვე მთლიანად ამოწურეს. ასე გაჯიქდნენ და ეცადონ, რომ კაბინეტიდან ელაპარაკონ საზოგადოებას, ხოლო როცა გაუჭირდებათ, მერე იტირონ, თავზე ნაცარი დაიყარონ და იფიქრონ, რომ გაუვათ ყველაფერი, ეს ისტორია უკვე დასრულდა.

"მ.კ.": არ ელოდებით, რომ დიალოგზე წავლენ ოპოზიციასთან?

გ.ხ.: მათ მარტო ეს პრობლემა არ აქვთ. ისინი პარტიულ სპექტრსაც უნდა ელაპარაკონ და ხალხსაც. ხომ ამბობდნენ, ჩვენ პარტიებთან არ გვაქვს საქმე, ხალხთან გვაქვსო, სად არის ხალხთან მათი დიალოგი, ძალიან მაინტერესებს.

რა ფორმით ელაპარაკებიან ხალხს? არსებობს სახელმწიფოებრივი გამოწვევები - ამ მიმართულებით ბევრი არაფერი კეთდება; არსებობს პოლიტიკური გამოწვევები - ამ მიმართულებით საერთოდ არაადეკვატურები არიან და მაშინ ვინ არიან და რას აკეთებენ?

"მ.კ.": "ოცნებას" მომდევნო არჩევნებამდე ხალხი ისევ დაავიწყდება?

გ.ხ.: წინ არ იყურებიან, მუდმივად ინსტინქტებით იქცევიან. ბავშვი ტყუილად არ ვახსენე. ბავშვი როგორ ცხოვრობს - მოშივდა და ჭამა, მერე თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შესაბამის ადგილამდე ვერც ასწრებს ხოლმე და სძინავს. დაახლოებით ასეა ხელისუფლებაც. მათ ჰგონიათ, რომ ამ არჩევნებზე პრობლემა გადააგორეს და მორჩა, ახლა 2020 წლამდე შეუძლიათ, ისევ ისე მოიქცნენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ.

"მ.კ.": ოპოზიცია თუ შეძლებს გაერთიანებას და გაძლიერებას, რომ ხელისუფლებას ძალა დაანახოს? ჯერ თითქოს ახალი დაწყებულია გაერთიანებაზე საუბარი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არ სურს ისეთ აქციებზე სიარული, სადაც გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად მიიჩნევენ. სააკაშვილმა მიმართა ასე ვაშაძეს წინა აქციაზე და შესაძლოა, სააკაშვილის ფაქტორის გამო ოპოზიციის ერთიანობას ხელი შეეშალოს?

გ.ხ.: არ მგონია. ჩვენ ეს შიგა უკმაყოფილებები ბევრჯერ გვინახავს, რის გამოც დაიშალნენ კიდეც, მაგრამ ვნახეთ, რომ საჭირო მომენტში ისევ გაერთიანდნენ. იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ ოპოზიცია როდესმე დაიშლება. საჭირო მომენტში ისინი ყოველთვის ერთად იქნებიან.

თუმცა ოპოზიციაც სხვადასხვანაირია. ძნელად წარმოსადგენია "პატრიოტთა ალიანსისა" და "ნაცმოძრაობის" ერთად დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ დღის წესრიგი მათ ერთი ექნებათ. ერთიც და მეორეც ითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლას, უფრო სწორად, 2024 წლისთვის მიღებული გადაწყვეტილების გადმოვადებას და ხელისუფლებას აბსოლუტურად არ აქვს არგუმენტი, პროპორციული არჩევნები რატომ უნდა გადავადდეს კიდევ 4 წლით. ამის არგუმენტი არ არსებობს.

ასე რომ, ვფიქრობ, დღეს ხელისუფლება კომპრომისების ძიებაში უნდა იყოს, რომ საზოგადოებას ორთქლის გამოშვების საშუალება მისცეს. თუ ეს არ გააკეთა, წნევა გაიზრდება და სახიფათო ფორმით ისევ ხელისუფლებას გადმოეღვრება თავზე.

"მ.კ.": გამოდის, აქციებს უნდა ველოდოთ მომავალ წელს?

გ.ხ.: რა თქმა უნდა, აქციები იქნება, თუმცა ხელისუფლებას შეუძლია, დიალოგი დაიწყოს. თუ ეს არ გააკეთა, აქციებიც იქნება სხვადასხვა ფორმით. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რევოლუციის მოლოდინი მქონდეს, ასე დრამატულად არ ვუყურებ პროცესს, მაგრამ გადახდილი პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალი იქნება.

ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ "მოვა არჩევნები და ჩვენ ისევ ვიყიდით არჩევნებს სხვადასხვა მექანიზმებით", მათი რესურსები უკვე აღარ ეყოფა არჩევნების მოგებას. ეს ისტორია დასრულდა, როდესაც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით, "სისხლიანი 9 წლის" რიტორიკით და ა.შ. შედეგის მიღება იყო შესაძლებელი.

"მ.კ.": სალომე ზურაბიშვილზეც მინდა გკითხოთ. მან ერთ-ერთ უცხოურ მედიასთან თქვა, რომ შეხვდა ივანიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ პარტიასთან ვალში არ არის და შეუძლია, დამოუკიდებელი იყოს. 16 დეკემბრიდან იგი უკვე პრეზიდენტობას შეუდგება და ამით რას გვეუბნება - ივანიშვილს ნება რომ არ დაერთო, დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა?

გ.ხ.: ამაზე რა კომენტარი უნდა გამოვთქვა?! ჩვენ ქალბატონ სალომეს გამონათქვამებს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რბილად ვუყურებთ ხოლმე, ამას ენის არცოდნასა და ქართული ენის მწირ ლექსიკას მივაწერთ, მაგრამ აქ შინაარსობრივად ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს...

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი ჩვენთან უკვე საკმაოდ დაკნინებულია და წარმომადგენლობითი ფუნქციის მეტი არაფრის მატარებელი არ არის, შესაბამისად, მშვიდად ვარ და ვფიქრობ, რომ ბევრს ვერაფერს გააფუჭებს. არც გაკეთებას ველოდები და არც გაფუჭებას. ამიტომ სალომე ზურაბიშვილს უფრო ვუყურებ, როგორც რეალითი შოუს გმირს, რომელზეც ხან - გამეცინება, ხან - გავბრაზდები და ხან - რა.

მან ასევე სხვა რაღაცებიც თქვა. მუდმივად თავის "ზემოთ ყოფნას" უსვამს ხაზს. ერთხელ რომ თქვა, კი, ბატონო, შეიძლება რაღაც ვერ გავიგეთ, მეორედ გუშინ გაიმეორა, რომ არა მარტო ხალხის ზემოთ, პარტიების ზემოთაც უნდა იყოს.

არ მინდა, ღრმა ანალიზში წავიდე, მაგრამ მისი ასეთი გამონათქვამები ტრაგიკომიკურ ლინკს ქმნის მის ირგვლივ. პირადად ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო ეს, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ, იმიტომ რომ, ვერაფერს ვერ გააფუჭებს ისეთს და ცოტა გაგვართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×