ელზა პაპოშვილი
10.12.2018

 შესაძლოა, საქართველოს ახალი წლის შემდეგ ახალი პრემიერი და მთავრობა ჰყავდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში, შესაძლოა, საკადრო ცვლილება განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა კულუარებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, მამუკა ბახტაძე გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.

თანამდებობები, ასევე, შეიძლება დატოვონ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თუმცა ეს ინფორმაცია იზორიამ ჟურნალისტებთან საუბარში კატეგორიულად უარყო.

გახარიას ადგილზე, შესაძლოა, ალეკო ტაბატაძე დაინიშნოს. მაია ცქიტიშვილს, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეცვლის. დანელიაზე ამბობენ, რომ შეიძლება თავდაცვაში გადაიყვანონ.

იზორიას შემცვლელად მედიამ უკვე დაასახელა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე. ეს ინფორმაცია მედიისთვის შიდა კულუარული წყაროებიდან გახდა ცნობილი. მთავრობის სავარაუდო შეცვლის საბოლოო სურათი ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ქვეყნის მთავრობაში საკადრო ცვლილებას არ გამორიცხავენ.

"შესაძლოა, იყოს საკადრო გადაწყვეტილებებიც", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება. ამჟამად კი მიმდინარეობს კონსულტაციები, რის შედეგებსაც ელოდება როგორც მმართველი პარტია, ისე მოსახლეობა.

ვისთან მიმდინარეობს ეს კონსულტაციები, არავინ აკონკრეტებს, რადგანაც როგორც ასევე კულუარული ინფორმაციით გახდა ცნობილი, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველ პარტიაშიც არავის უნახავს. სავარაუდოდ, თავად "ოცნებაშიც" მოლოდინის რეჟიმში არიან და არ იციან, ივანიშვილი რას როგორ გადაწყვეტს.

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ უბარლო საკადრო გადაადგილება ქვეყანაში მმართველობითი კრიზისის გადაწყვეტას ვერ შეძლებს. რაც მთავარია, თავად მმართველობის ალგორითმია შესაცვლელი. მთლიანად ქვეყანაში წესრიგია აღსადგენი.

მისი აზრით, გიორგი გახარიას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რამაც მმართველობითი კუთხით, შესაძლოა, წარმატება მოუტანოს, თუმცა ის მაინც ყოველთვის ხელ-ფეხშეკრული იქნება, რადგანაც მისი მმართველობითი დამოუკიდებლობის ხარისხი და დიაპაზონი ყოველთვის შეზღუდული იქნება.

"დღეს ვიღაცამ ამა თუ იმ თანამდებობაზე რაც უნდა ითამაშოს, მაქსიმალური, რაც შეიძლება მოხდეს, თანამდებობიდან გაუშვან. რეალურად, ის პასუხისმგებელი არაფერზე არ არის და გადაწყვეტილების მთავარი ვექტორი პირადად ივანიშვილთან მიდის. შესაბამისად, სისტემა აბსოლუტურად მოუქნელია, რაც პირველ რიგშია გამოსასწორებელი, რათა ინსტიტუციონალური კრიზისი არ იყოს.

"დღეს მთავრობაში, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, რომლებსაც გარკვეული პოლიტიკური ღირებულებები აქვთ, თუნდაც გახარია, მაგრამ მისი პოტენციალი გამოყენებული რომ იქნეს, მას მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს", - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, "ოცნებაში" ყველაზე მეტად პოლიტიკური ფიგურები ჭირს, თუმცა ამ ბოლო დროს ორი ფიგურაა გამოკვეთილი - გახარია და კალაძე. გახარია ნამდვილად საინტერესო და კარგი პერსპექტივის მქონე პოლიტიკოსი შეიძლება გახდეს. ბოლო დროს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ელემენტად წარმოჩინდა. რაც შეეხება კალაძეს, ხუხაშვილი აქ უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი და მის პერსპექტივას დიდად ვერ ხედავს, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ.

ანალიტიკოსი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ გიორგი გახარიას აქვს ის თვისებები, რომელიც პრემიერად დანიშვნის შემდეგ გამოადგება, თუმცა აქ სრულიად სხვა პრობლემას ხედავს. მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად დამოუკიდებელი იქნება იგი და გუნდი თავის ლიდერად რამდენად აღიარებს.

კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ძირეული გადაწყვეტილებებია საჭირო, ასეთ ვითარებაში კი, მისი აზრით, კარგი იქნება, რომ ივანიშვილი თავად იყოს პრემიერი, გახარია კი - ვიცე-პრემიერი.

"შეუძლებელია, რომ კონსტიტუციური ფორმა იყოს ერთი და რეალური მმართველი ქვეყანაში - სრულიად სხვა. აქ პიროვნებებზე საუბარი ნაკლებად არის. მთელი სამთავრობო ცვლილება უნდა განხორციელდეს. საჭიროა, კომპლექსური ცვლილება მოხდეს.

"აქ ბევრი თემაა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი მართლა პასუხისმგებელი უნდა იყოს. ამას მხოლოდ პერსონების შეცვლა არ შველის. ეს კაბინეტი პოლიტიკოსებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომლებიც თავიანთ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებლები იქნებიან.

"ქართულ ოცნებაში" ორი პერსონა, როგორც გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე, ნამდვილად გამოირჩევა - გახარია და კალაძე, თუმცა მარტო ეს არ კმარა. ამ ადამიანებს საინტერესო პოლიტიკოსებად ჩამოყალიბების რესურსი ნამდვილად აქვთ, რასაც მათ პერსპექტივაზე ვერ ვიტყოდი. პერსპექტივა თავად პარტიამ უნდა შეუქმნას. თუმცა ვიცით, რომ პარტიაც ვერაფერს ვერ წყვეტს და ისევ ივანიშვილამდე მივდივართ.

"ეჭვი მაქვს, რომ გახარია ლიდერად გუნდმა აღიაროს, რადგანაც მათთვის ლიდერი ივანიშვილია. იგი ყოველთვის რაღაცას შეეჯახება და მუდმივად თავისი გადაწყვეტილების სიმართლეში ივანიშვილის დარწმუნება მოუწევს. ვიცით, რომ ივანიშვილთან განაწყენებული პარტიის წევრები მირბიან ხოლმე და ბევრ რაღაცას უყვებიან. ასე რომ, მთავარი პრობლემა სწორედ აქ შეიქმნება", - აცხადებს ძაბირაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×