საფრანგეთიდან ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გრძელდება და როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გასულ წელს ნაყიდი მცირე სიშორის ფრანგული ანტისაჰაერო კომპლექსის - "მისტრალის" შემდეგ ახლა უკვე მეორე ეტაპი იწყება და სულ მალე გვექნება მართვისა და კონტროლის თანამედროვე ფრანგული სისტემებიც. ეს სისტემები კი, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მოგვცემს საშუალებას, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი უცხო საფრენი აპარატის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია წამებში გადამუშავდეს.
თუმცა, ექსპერტებისვე თქმით, თუ საშუალო და შორი მანძილის სარაკეტო კომპლექსები არ გვექნება და მტრის თვითმფრინავებს ვერ ჩამოვაგდებთ, მარტო მართვისა და კოტროლის სისტემებს აზრი არ აქვს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ლევან იზორიამ საფრანგეთში ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს და ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გაგრძელდება. ამჯერად საუბარია საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვაზე.
იზორიას თქმით, ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა ჩვენი საჰაერო სივრცისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის მნიშვნელოვანი გარანტიაა და მეორეც, ეს სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ნატო-ს ერთიანი კონტროლის სივრცეში.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ჩვენ უკვე გვაქვს რადიოლოკატორები, ინფორმაციის გადამუშავების სისტემა და მცირე რადიუსზე მოქმედი ანტისაჰაერო კომპლექსები, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ შემდგომში საშუალო და შორი რადიუსის თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემები ვიყიდოთ, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა 100 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა - "ასტერ 30", რომელიც სულ ახლახან შეიძინა აზერბაიჯანმა და რომლის შესყიდვაც იგეგმებოდა ირაკლი ალასანიას მინისტრობისას, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში ეს შეთანხმება ჩაიშალა; ასევე, საშუალო სიშორის - 20-30 კილომეტრზე მოქმედი სისტემა "მიკა".
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ახლა ვყიდულობთ სისტემას, რომლითაც მოხდება გათვლა, რომელი ტიპის საჰაერო წერტილები მოემართება საქართველოსკენ, დღემდე კი მხოლოდ საბჭოთა დროინდელი მართვისა და კონტროლის სისტემები გვქონდა, რაც ძალიან მოძველებულია. ამის შემდეგ უმთავრესია თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რათა წამოსული საჰაერო აპარატების ჩამოგდება შევძლოთ.
"სულ ახლახან აზერბაიჯანმა შეიძინა ფრანგული სისტემა "ასტერ 30", რის შეძენასაც თავის დროზე საქართველო აპირებდა, მაგრამ როცა ირაკლი ალასანია საფრანგეთში ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გეგმავდა, მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და ამის გაკეთება აუკრძალა.
"მისტრალიც" და "ასტერ 30"-იც ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. "ასტერ 30"-ს შეუძლია არა მარტო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაჭერა, საფრენი აპარატების ჩამოგდება, არამედ ბალისტიკური ტაქტიკური რაკეტების გადაჭერაც. "მისტრალებს" კი მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაჭერა შეუძლია. ის, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, გააკეთა აზერბაიჯანმა და შეისყიდა "ასტერ 30", - ამბობს მაისაია.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის აზრით, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ შევქმნათ, საჭიროა სამი კომპონენტი: პირველი - საფრენი აპარატების აღმომჩენი რადიოლოკატორები, მეორე - აღმოჩენის შემდეგ ინფორმაციის მიმღები და გადამამუშავებელი მართვისა და კონტროლის ერთიანი სისტემა და მესამე - ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელიც მართვის ცენტრიდან მიიღებს ინფორმაციას და შემდეგ რაკეტებს გაუშვებს.
"პირველი ხელშეკრულების თანახმად, შევიძინეთ რამდენიმე მობილური რადიოლოკატორი და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "მისტრალ-ატლასები". ახლა, მეორე ეტაპზე, ხელი მოეწერა მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვას, ანუ მეორე კომპონენტს, რომლითაც უნდა დადგინდეს, ეს საფრენი სისტემა ვისია, რა სიმაღლეზე და რა მიმართულებით მიფრინავს, შემდეგ კი უნდა გაუშვა რაკეტა. თანამედროვე კომპიუტერული სისტემების წყალობით, ინფორმაციის გადამუშავება ძალიან სწრაფად ხდება და ამიტომაცაა ეს სისტემა კარგი," - ამბობს ალადაშვილი.
მისვე თქმით, ამ თანამედროვე სისტემის შესყიდვის დამატებითი პლუსი ისაა, რომ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ადვილად ინტეგრირება მოხდება ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში, როგორც ეს იზორიამ დააანონსა კიდეც.
"არსებობს ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს მთელ საჰაერო სივრცეს. ჩვენ ვართ სამხრეთი ფლანგი. ამ მიმართულებაზე ძირითადად თურქეთია პასუხისმგებელი და თუ ჩვენც ჩავერთვებით ამ სისტემაში, ეს ნატო-სთვისაც მომგებიანია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდანაც მიიღებს ინფორმაციას. ჩვენ თუ ვიქნებით მისთვის ინფორმაციის მიმწოდებლები, იმედია, ისინიც მოგვაწვდიან და წინასწარ გვეცოდინება, დავუშვათ, რა საფრენი აპარატები უახლოვდება საქართველოს საჰაერო სივრცეს თუნდაც ჩრდილოეთიდან და ა.შ.
"ამ დროს ყველაფერს წამები წყვეტს და ამიტომაცაა ეს ინტეგრაცია მნიშვნელოვანი. დაახლოებით ასეთი რამ ახლაც მოქმედებს, მაგრამ ეს უფრო თანამედროვეა. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და უკეთესი კონტროლისთვის ბევრი რადიოლოკატორია საჭირო," - აღნიშნავს ალადაშვილი.
სამხედრო ექსპერტის თქმით, ახლა მთავარია საჰაერო თავდაცვის მესამე კომპონენტის გაძლიერება. მაგალითად, "მისტრალი", რაც უკვე გვაქვს, მცირე მანძილზე, მაქსიმუმ, 6 კილომეტრის რადიუსზე და 3 კილომეტრის სიმაღლეზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. ამიტომ ახლა უკვე საჭიროა საშუალო სიშორისა და შორი მოქმედების თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა.
"უნდა გვქონდეს საშუალო, ვთქვათ, 20-30 კილომეტრზე მოქმედი სისტემა, რაც შეიძლება დააკმაყოფილოს ფრანგულმა სისტემამ "მიკა" და შორი მოქმედების "ასტერ 30", რომელსაც 100 კილომეტრზე შეუძლია მოქმედება. ეს ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად დაცულად ვიგრძნოთ თავი, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი უმთავრესია ქვეყნისთვის.
"ლოკატორები და მართვის პუნქტი აუცილებელია, მაგრამ თუ რაკეტები არ გვექნება და ვერ იმოქმედებ, რა აზრი აქვს?!" - აღნიშნა ალადაშვილმა.