„ხალხში ცვლილებების მოლოდინი არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. კონკრეტულად, როდის და როგორ, ჯერ ამაზე მსჯელობა არც ყოფილა," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბრისას.
მმართველ გუნდში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოსალოდნელია სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, თუმცა, როდის დაიწყება და კონკრეტულად, რა ცვლილებებზეა საუბარი, მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, რადგან ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.
ქანთარიას განცხადებით, სწორედ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად განხორციელდება.
„პირველი ტურის გზავნილიც იყო, რომ მმართველ სახელისუფლებო გუნდში ხალხი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვს. კონკრეტული ინფორმაცია როდის, რა და როგორ - ეს ინფორმაცია არამგონია ვინმეს ჰქონდეს.
„პარტიის თავმჯდომარემაც თქვა, დაანონსა და კრიტერიუმიც აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან უნდა იყოს კვალიფიკაცია, ერთგულება, სახელმწიფოებრივი ხედვაც და პატრიოტიზმიც," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები და ამაზე საუბარი უკვე ღიად მიმდინარეობს.
„დაანოსებულია ცვლილება და ამაზე არა მარტო ბესელიამ თქვა, ამაზე საუბარი მიმდინარეობს. კონკრეტულად რომელი მიმართულებით, არ ვიცი, თუმცა უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებებს," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პრაქტიკულად დაადასტურა ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი ცნობით, ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და საუბარი იყო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ამ თვეში იქნება განცხადებული.
„უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ცვლილებები. ჩვენ პრემიერთან გვქონდა საუბარი ორი დღის წინ და შევთანხმდით, რომ დეკემბრის თვეში გაჟღერდება ახალი ინიციატივები. ახალი წლის შემდეგ ალბათ უკვე იქნება კომპლექსური ხედვის თაობაზე შეჯერება პოზიციების, რომელიც უკავშირდება მათ შორის შიდა მენეჯმენტის ახალ შეთავაზებებს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბრობს მმართველი გუნდის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ცვლილებების მოლოდინი საზოგადოებაში არჩევნების მეორე ტურის დროს შეიქმნა.
„ცვლილებების საკითხი ჩვენი წიაღიდან წამოვიდა და არ ვიცი, აქ „ნაციონალური მოძრაობა" რა შუაშია. ცვლილებების მოლოდინი არჩევნების მეორე ტურის დროს შეიქმნა. აქ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების სიკეთე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოსახლეობამდე. განცხადებები, რომელიც ახლა კეთდება, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნება, ეს არის შექმნილი მოლოდინების საწინააღმდეგო," - განუცხადა გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესიუსს".