გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს, კახი კალაძეს და მამუკა ბახტაძეს სასამართლოში უჩივის. „ძალა ერთობაშია“ სასამართლოს მიმართავს, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია მოუხსნას. ოპოზიცია არჩეულ პრეზიდენტს და მმართველ გუნდს საარჩევნოდ ბრალს ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებს.
თბილისში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გამოიკვლიეს ყველა ფაქტობრივი გარემოება და სასამართლოს თხოვენ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე.
ეს მუხლი ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება. ვაშაძემ მოსყიდვად შეაფასა 600 მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა. მისივე თქმით, მოსყიდვაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ამიტომ პროკურატურისგან მოითხოვენ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
„ბევრი ამბობს, რა აზრი აქვსო... ის აზრი აქვს, რომ დემოკრატიისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე“, – განაცხადა ვაშაძემ.
რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს? იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, დაუსრულებლად საუბრობენ. ამიტომაც ამ ყველაფერს თუ სამართლებლივი დავის ფორმა მიეცემა, ყველასთვის ნათელი გახდება საქმე რასთან გვაქვს.
ალაფიშვილის თქმით, უდავოა, რომ ამ ყველაფერს მოსყიდვის ნიშნები ჰქონდა, თუმცა, ერთია პოლიტიკოსების განცხადებები და მეორე სამართლებლივი ფაქტებით დადგენილი დასკვნა, რომელიც შესაძლოა სრულიად არ იყოს ის, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ.
იურისტის აზრით, რასთან გვაქვს ვალების ჩამოწერის საკითხთან საქმე, ეს თუ ზუსტად არ განიმარტა. მტკიცება, რომ მოსყიდვას და შეპირებას ადგილი ჰქონდა, შესაძლოა უსაფუძვლო აღმოჩნდეს. მისი განცხადებით, ეს იმდენად სპეციფიური სამართლებლივი საკითხია, რომ შესაბამისი კომპეტენციის ორგანომ უნდა იმსჯელოს.
„სასესხო ურთიერთობები სამოქალაქო ურთიერთობებია. ეს არის გამცემი და მოვალე. შესაბამისად, რა შემთხვევაში აღარ ექნება ამომრჩეველს ვალი, სასამართლომ ამაზე უნდა იმსჯელოს.
„ვალი შეიძლება ორი სახით ტრანსფორმირდეს. ერთი ეს გახლავთ, როდესაც ვალის მოთხოვნის უფლებას გამსესხებელი სხვას უთმობს. ანუ ბანკი კონკრეტული კომპანიით ჩანაცვლდება, მაგრამ მოვალე არ იცვლება და ვალი რჩება.
„მეორეა ვალის გადაკისრება, როდესაც სესხის გამცემი იგივე პირი რჩება, მაგრამ მოვალე იცვლება და მის მაცვლად ვალდებულებას სხვა იღებს, ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ფონდი „ქართუ“.
„თუ ვალის გადაკისრებაა და მოხდება ამომრჩევლისთვის ვალის განულება, ეს უკვე დანაშაულია. კერძოდ, ამას ამომრჩევლის მოსყიდვა ჰქვია. ხოლო თუ მოთხოვნის უფლების დათმობაზეა საუბარი და მე, ამომრჩეველს, ვალი ისევ მრჩება სხვა კომპანიასთან, ანუ „ქართუ ბანკი“ ხდება ჩემი ახალი მოვალე, მაშინ აქ დასრულებულ დანაშაული არ გვაქვს. ეს არის ამ ყველაფრის მთავარი გასაღები“, - აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ერთია რა თქვა ბახტაძემ და მერეა ისინი სამართლებლივად რას აკეთებენ. იურისტი ვარაუდობს, რომ აქ ერთ დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე და ხელისუფლებამ მოსახლეობას სრულიად სხვა ინფორმაცია მიაწოდა. დიდი ალბათობით, მან ვალები უბრალოდ გადაიბარა და არავის არაფერს არ დაუფარავს.
ალაფიშვილის განცხადებით, რაც შეეხება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დაპირებას, რომ ისინი ამ ვალებს ამომრჩეველს ბიუჯეტის ხარჯზე ჩამოაწერდნენ, კანონდარღვევა ამ შემთხვევაში არ ყოფილა. იურისტი ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანებების კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ დაპირება საბიუჯეტო თანხის გაცემას გულისხმობს, ეს კანონდარღვევად და მოსყიდვად არ ჩაითვლება. თუმცა, დაპირება თუ ბიუჯეტთან არ არის დაკავშირებული, ეს უკვე განხილული უნდა იქნას, როგორც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა.
„იმ 600 ათას ადამიანს სამართლებლივად ვალი არ გაუნულდება. ეს არის პოლიტიკური ტყუილი. თუ ეს რეალობას შეესაბამება და სასამართლომ ეს დაადგინა, მაშინ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა. ამ შემთხვევაში კი არაერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„მოსახლეობას სიტყვიერად ერთს ეუბნებიან და არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მეორეს აკეთებენ, რათა სამართლებლივად თვითონ პასუხი არ აგონ. ამის ნათელი მაგალითი კი ორი დღის წინ საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულება და მისი ტექსტი იყო. აქ ეწერა, რომ ეს იყო მოთხოვნის უფლების დათმობა, ანუ მევალე ხდება „ქართუ ბანკი“ და ყველა ამ 600 ათასი ადამიანის დავალიანებას ის იბარებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქართველი ხალხი სამართლებლივად მოატყუეს. თუ დღეს, ვთქვათ, „საქართველოს ბანკის“ ვალი გქონდათ, ხვალ „ქართუ ბანკის“ ვალი გექნებათ. როგორც კი დოკუმენტურად ვალის განულებაზე წავა საუბარი, იმ წუთიდანვე დანაშაული სრულ სახეს მიიღებს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ალაფიშვილი.