პერიოდული ტექნიკური დათცვალიერების მესამე ეტაპის ამოქმედებამდე, რომელიც ყველაზე დიდ სეგმენტს, მსუბუქი ავტომობილების კატეგორიას ეხება, 3 კვირაზე ნაკლები დარჩა, თუმცა საინფორმაციო კამპანია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მძღოლები საერთოდ არ არიან ინფორმირებული, როდის, როგორ და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.
2019 წლის 1-ლი იანვრიდან მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იწყება. პირველ ეტაპზე ავტომობილებს შეამოწმებენ მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. მაგალითად: თუ მანქანა არის მსუბუქი კატეგორიის და მისი საქართველოში რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28.10.2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2019 წლის 28 ოქტომბრამდე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციისას პერიოდული ინსპექტირება ჩატარდება რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. არის თუ არა აკრედიტაციის ცენტრები მზად, რომ რეგისტირებული ავტომობილები იანვრიდანვე სრულად შეამოწმონ და რამდენად დაცულია ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორია კორუფციისაგან, როცა უკვე გაჩნდა მსგავსი რისკი, ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებზე არ პასუხობენ.
საუბარს არ ერიდებიან და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მექნიზმის დახვეწას ითხოვენ საავტომობილო სფეროს სპეციალისტები. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საინფორმაციო კამპანია საერთოდ არ ჩაუტარებია სახელმწიფოს ინსპექტირების მესამე ეტაპის დაწყების წინ. ამიტომ მძღოლებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ 3 კვირის შემდეგ.
"ტექდათვალიერების მიმდინარეობა და ისიც, რაც დაანონსებულია სამომავლოდ, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. ბოლო პერიოდში შევხვდით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, სადაც მე პირადად დავაყენე საკითხი, რომ არანაირი საინფორმაციო კამპანია არ მიმდინარეობს ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით და საზოგადოებას საერთოდ არა აქვს ინფორმაცია.
საინფორმაციო კამპანია უნდა დაიყოს ორ ნაწილად: ერთი, რომელიც ამცნობს მძღოლებს, როდის მივიდნენ და გაიარონ ინსპექტირება და მეორე - რატომ უნდა მივიდნენ და რა მოწმდება. რეფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კამპანია უნდა ყოფილიყო მძლავრი და მოეცვა მთელი მედია. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. როცა ვეუბნებით ამის შესახებ, ამბობენ, ნახონ, "მაცნეშია" გამოქვეყნებული ან საიტზე დევსო და ა.შ. ეს არის წარმოუდგენლად არასერიოზული მიდგომა.
ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ვახსენე, მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ ეს საჭიროა და მართლები ვართ, თუმცა თავადაც ხედავთ, ჩვენი რჩევა არავის გაუთვალისწინებია და არაფერი შეცვლილა ამ კუთხით", - ამბობს მესხიშვილი.
საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ კორუფციული რისკი ჩნდება იქ, სადაც მენეჯმენტი არასწორია. ტექინსპექტირების შემთხვევაში კი მენეჯმენტი საერთოდ არ არსებობს, რაც პრობლემებს იწვევს დღეს და კორუფციის საფრთხეს აჩენს სამომავლოდაც.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოო შედეგი, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში კორუფციის ნიშნები დადგინდა თუ არა, რა რგოლებში და რა დოზით იყო, ან იყო თუ არა საერთოდ, ამიტომ არ შეიძლება, ვინმეს ხელი დავადო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში რისკი მუდმივადაა და ძალიან სამწუხარო გამოცდილება გვაქვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საერთოდ არ მოწმდებოდა ავტომობილი.
დღეს კი კორუფციის რისკს აჩენს არასწორი მენეჯმენტი. მეტიც, მენეჯერული მიდგომა საერთოდ არ არსებობს. ისეა გაბნეული სტრუქტურებში მოვალეობები, შეუძლებელია თავისა და ბოლოს გაგება. ერთი მხრივ, ეს ეხება ტრანსპორტის სააგენტოს, სახმელეთო სააგენტოს, ჩართულია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო კანონის აღსრულება კი ეხება შსს-ს. ეს საბოლოოდ კორდინაციის პრობლემას იწვევს და აჩენს კორუფციის საფრთხესაც.
ამ ასპექტში კანონის აღსრულება არ მიმდინარეობს. ვერც მოსთხოვ პატრულს, რომ ქუჩებში სდიოს სათითაოდ მანქანებს და დაადგინოს, აქვთ თუ არა ტექდათვალიერება გავლილი. ეს უნდა მომხდარიყო ჭკვიანი კამერებისა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" მესხიშვილმა.
უკვე გაჩნდა სხვადასხვა ხრიკი და მეთოდი მძღოლების მხრიდან პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სხვადასხვა გზით თავიდან ასარიდებლად ან უპატიოსნოდ გასავლელად, მათ წინააღმდეგ კი სისტემა მზად არ აღმოჩნდა.
"კითხვებს აჩენს საწვავის ხარისხი, ჯერ ამის კვლევა უნდა დაიწყოს. გამოდის, რომ არავის იცის, როგორ საწვავს ასხამს ავზში, მაგრამ მძღოლს სთხოვენ, რომ მანქანა გამართული იყოს ტექნიკურად, რაც წარმოუდგენელია. ხარვეზები ბევრია და გამოდის, ტექნიკური ინსპექტირება წინ უსწრებს საორგანიზაციო საკითხებს, რომლებიც, წესით, უკვე მოგვარებული უნდა ყოფილიყო.
პრობლემაა შემოწმების გრაფიკთან დაკავშირებითაც. ვიცი არაერთი შემთხვევა, როცა წლის პირველ თვეებში რეგისტრირებული მანქანის მფლობელებმა ნოემბერ-დეკემბერში ავტომობილი ოჯახის სხვა წევრზე გადააფორმეს, რათა დიდი დრო ჰქონდეთ ინსპექტირების გასავლელად.
მძღოლებმა უკვე დაიწყეს სხვადასხვა ხრიკის მოფიქრება. ფაქტები უკვე მომრავლდა და რამდენად მზად არის სისტემა ასეთი ამბებისთვის, უცნობია. მაგალითად, არსებობს ასეთი მაქინაციები, რამაც კარგად მოიკიდა ფეხი. ეს არის ინსპექტირებისათვის სათადარიგო ნაწილების თხოვება ან ქირაობა. ესეც ერთგვარ ბიზნესად იქცა. მე მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ დაგვიანებულიც კია ტექდათვალიერების დაწყება, მაგრამ არა ამ ფორმით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა.
ყველა კითხვა, რაზეც ავტომფლობელები და სფეროს სპეციალისტები საუბრობენ, უპასუხოდ დარჩა. "ბიზნეს-რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირებას.