აფთიაქებში მედიკამენტებს ისე გასცემენ, რომ აღარც კი ეკითხებიან მყიდველს, აქვს თუ არა ექიმის დანიშნულება
მარი ჩიტაია
11.12.2018

 რეცეპტების გაცემის სისტემა საქართველოში მთლიანად ჩავარდა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით კონტროლი საერთოდ აღარ არსებობს და სააფთიაქო ბიზნესს არაფერი უშლის ხელს, რომ წამლების რეალიზაცია თვითნებურად მოახდინონ. ეს ეხება როგორც ანტიბიოტიკებს, ასევე ფსიქოტროპულ წამლებსაც. აფთიაქებში სარეცეპტე მედიკამენტებს ისე გასცემენ, რომ აღარც კი ეკითხებიან მყიდველს, აქვს თუ არა ექიმის დანიშნულება.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ აფთიაქებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც კი უკვე ურეცეპტოდ ყიდიან. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ სამინისტრომ ამ საკითხის დარეგულირება ვერ შეძლო.

ერთ-ერთი პრობლემა, როგორც ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე აცხადებს, ბაზარზე არსებული მონოპოლიაა.

"რეცეპტებთან დაკავშირებით დარღვევები სისტემატურად ხდება, რადგან არ კონტროლდება. ჩვენ ვიცით, რომ რეცეპტების სისტემაზე გადასვლა სწორედ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემამ განაპირობა, მაგრამ რეალურად ვითარება უცვლელი დარჩა. ეს აჩვენა დრომ და თუ ჩვენ ჩავატარებთ შესაბამის გამოკითხვას მოსახლეობაში, დავრწმუნედებით, რომ ეს სფერო არ არის დარეგულირებული.

პრობლემა იარსებებს მანამ, სანამ ერთი სუბიექტის ხელში იქნება კლინიკა, ფარმაცევტული ბიზნესი და დაზღვევა. ფარმაცევტული კომპანია ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული, რაც მეტს გაყიდის, მით უკეთესი მისთვის! ექიმი მოტივირებული უნდა იყოს, რომ ოპტიმალურად დაინიშნოს წამალი და სწორედ ამისთვის გვაქვს ჩვენ რეცეპტების სისტემა.

ახლა კი არავინ არაფერს ეკითხება მოქალაქეს, რომელიც შედის აფთიაქში და ითხოვს წამალს. 100%-იანი მტკიცებულებით ვერ ვიტყვი, რომ ასეა ყოველთვის, მაგრამ ასეთი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება", - ამბობს ბერაძე და დასძენს, რომ რეცეპტების სისტემას ჯანდაცვის სამინისტრო კარგად უნდა აკონტროლებდეს, რასაც თავი ვერ გაართვა.

"პირველ რიგში, დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა. ნუ შეგვაშინებს, რომ ბიზნესს შეეშლება ხელი. მედიცინა არ არის მხოლოდ ბიზნესი და ის ბიზნესის სუფთა კანონებით ვერ იმართება. მედიცინაც და ფარმაციაც მეცნიერებაა და ბიზნესთან არ უნდა იყოს გაიგივებული. ასე ურეცეპტოდ წამლების შეძენა იწვევს გვერდით მოვლენებს, რომელთა კვლევაც ჯერჯერობით ჩვენთან არ მიმდინარეობს.

უცხოეთში ადამიანი ანტიბიოტიკს აფთიაქში ვერ შეიძენს, აქ კი დიდი სიხარულით მოგყიდიან. ფსიქოტროპულს საერთოდ ცალკე რეგულაცია აქვს და თუ იგივე ხდება, ე.ი. სახელმწიფოს მხრიდან მიდგომამ ვერ გამართლა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" მარინა ბერაძე.

 სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ელექტრონულად რეცეპტის გამოწერის შემთხვევაშიც დაშვებულია იგივე შეცდომა, რაც იყო ქაღალდზე დანიშნულების გამოწერის დროს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჯიხლაძე ამბობს, რომ კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით შესუსტებულია, თუმცა ამ მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა რეგიონებში.

"არც ერთი წამალი, გარდა სუსტი ტკივილგამაყუჩებლებისა და სუსტი ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებისა, არ უნდა გაიცემოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. ელექტრონული ბაზებით რეცეპტირების შემთხვევაში დაშვებულია იგივე შეცდომა, რაც იყო საქაღალდე დანიშნულების დროს. პროექტი ისევ მოუმზადებლად ჩაეშვა და არც მომზადებული იყო ველი იმისთვის, რომ ეს ნორმა ამოქმედებულიყო. ის პერიოდი, დრო და რესურსი რომ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის მომზადებაში დახარჯულიყო, მერწმუნეთ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის მეორე ფაზაც კრახით არ დასრულდებოდა.

როცა ამ მასშტაბისა და მოცულობის ბიუჯეტის პროექტს იწყებ, არ არის აუცილებელი, მაშინვე მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედო. შეიძლებოდა, თავიდან საპილოტე არეალები შერჩეულიყო ან რამდენიმე ქსელური აფთიაქი, რომლებზეც ტესტირებას გაივლიდნენ.

რეგულაცია ვითომ მოქმედებს, მაგრამ უამრავია შემთხვევა, როცა წამლები კვლავ ურეცეპტოდ გაიცემა. ელექტრონული ბაზები მოუწესრიგებელია. წესით, ეს სისტემა ჯერ უნდა დანერგილიყო თბილისის მასშტაბით, შემდეგ რეგიონებში, სადაც არც არის ამაზე მუშაობა დაწყებული. ფაქტია, რომ არ გვაქვს თითქმის არანაირი შედეგი და ნებისმიერი წამალი, ანტიბიოტიკი თუ სხვა, შეიძლება უპრობლემოდ გაიყიდოს. გამოდის, თითქმის არაფერი შეცვლილა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიხლაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთ სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის სააფთიაქო ნარკომანიაა და სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის მიმართ არ ხდება სათანადო რეაგირება.

"სამწუხაროდ, სახელმწიფომ ეს საკითხი ვერ მოაგვარა. საქმეში შესაბამისი უწყებებიც არიან ჩართული. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში სააფთიაქო ნარკომანიაზე 21 ადამიანია დაკავებული, მათ შორის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც. საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, რაც მხოლოდ რეცეპტების გაცემას არ უკავშირდება, ეს არის ჩვეულებრივი ნარკომანია, რომელთანაც საჭიროა ბრძოლა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ ხდება.

მსგავსი ფაქტები ყოველთვის იყო, მაგრამ ყურადღებას იქცევს მასშტაბები, რაც ბოლო პერიოდში მზარდია. ქალაქში ყველამ იცის, რომელ აფთიაქში შეუძლიათ ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, შემოტანა და ა.შ. ამას აქვს ორი ახსნა: აბსოლუტური გულგრილობა და უუნარობა ან გარკვეული ფინანსური ინტერესი და ვიღაცის ლობირება.

პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პრევენცია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა დაიწყოს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. მეორე, უნდა შემუშავდეს პრევენცია სარისკო ჯგუფებისთვის, ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს ან არიან მაღალი რისკის ქვეშ, რათა არ მოხდეს სხვადასხვა დაავადების გავრცელება და სხვა. მესამე - აუცილებელია სარეაბილიტიაციო ცენტრების დანერგვა, რის გარეშეც მთლიანად ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა, რისი ნებაც სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×