"ვამბობდით, რომ 1 ლარით მატებასაც კი ვეღარ გაუძლებდა ბიზნესი, ახლა სწორედ ეს დღე დადგა"
თამარ მუკბანიანი
11.12.2018

 პურის ფასმა 10 დეკემბრიდან 5-10 თეთრით მოიმატა. არჩევნების დასრულებისთანავე თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროდუქტი გაძვირდა. ბიზნესი გაძვირებას თვითღირებულების ზრდით და საწარმოო პროცესის დანახარჯით ხსნის, ქვეყნის პრემიერი კი ეჭვობს, რომ ერთბაშად სხვადასხვა კომპანიის მიერ პურის გაძვირება მონოპოლიის ბრალია.

საქართველოში პური გაძვირდა და როგორც ამბობენ, მისი ფასი კიდევ მოიმატებს. მაღაზიებში მისი ფასი ჯერჯერობით 5-10 თეთრით გაიზარდა. სექტემბერში 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შემდეგ, რაც ხორბლისა და ჭვავის სამანქანო გზით იმპორტირების აკრძალვას შეეხებოდა, გააჩინა განცდა, რომ პურპროდუქტების ფასი აღარ გაიზრდებოდა, თუმცა ყველა შეცდა. მომხმარებელი 10 დეკემბერს მოულოდნელი ფაქტის წინაშე დააყენეს.

გაძვირების მიზეზებს შორის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალუტის კურსსა და რუსეთში ხორბლის ღირებულების ზრდას ასახელებს. "ფასი რუსეთში გაზრდილია, ხორბალი იქ 10-15%-ით გაძვირდა", - ამბობს ლევან სილაგავა.

გაძვირების მიზეზებზე საუბრობენ "იფქლშიც" და ამბობენ, რომ ეს იყო მინიმალური ფასნამატი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ხარისხიანი პროდუქტი აწარმოოს.

"მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან "იფქლის" დასახელების პურეული საქართველოს მაღაზიებში შეცვლილი ღირებულებით გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი და, შესაბამისად, პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოში 33-დან 35 ლარამდე ღირდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში "იფქლი" ფქვილის არსებული მარაგისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა, ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა", - განაცხადეს "იფქლში".

ის, რაც ლოგიკურია კერძო სექტორისათვის, მონოპოლიის ეჭვს უჩენს პრემიერს. მამუკა ბახტაძის აზრით, პურის ფასის ზრდა, შესაძლოა, უსამართლო კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ პრემიერმა შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ, რა ხდება ამ მიმართულებით.

"მინდა, შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო, ღია ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის საშუალებას ვერავის მივცემთ", - განაცხადა ბახტაძემ.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური ამბობს, რომ მისი უწყება უკვე დაინტერესდა პურის გაძვირების მიზეზებით. დაიწყება მონიტორინგი და უწყება მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საკითხს.

"საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და რთული საკითხია. ჩვენ დროს არ ვკარგავთ, ახლაც შეკრებილები ვართ და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ და სწრაფადვე მივიღოთ შედეგი", - ამბობს ხადური.

მეპურეთა ასოციაციის თამჯდომარე მალხაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ფასის ზრდა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და ბიზნესს არავითარი ინტერესი არ ჰქონია, ეს ხელოვნურად გაეკეთებინა.

"ალბათ ყველას ახსოვს, რომ აგვისტოდან 37 ლარიდან 44 ლარამდე გაიზარდა 1 ტომარა ფქვილის ფასი. მაშინ ვამბობდით, რომ ეს იყო ზღვრული გაძვირება და 1 ლარით მატებასაც კი ვეღარ გაუძლებდა ბიზნესი, ახლა სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე.

ბოლო 4 დღეა, ფქვილის ფასმა კიდევ მოიმატა და 47 ლარი გახდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო არც ბიზნესისათვის. ძალიან დიდი დროის განმავლობაში ვიკავებდით თავს, რომ გაძვირება არ დაწყებულიყო, მაგრამ უკვე შეუძლებელი გახდა.

ფასის ზრდა არ მომხდარა არც პოლიტიკური და არც სხვა რამე ფაქტორით. ობიექტური რეალობაა, თვითღირებულება გაიზარდა და გაიზარდა პროდუქციის ფასიც. მით უფრო, შემოვიდა ახალი მოთხოვნები სტანდარტებთან დაკავშირებით, ჰიგიენასთან, ასევე, აიკრძალა პოლიეთილენის პარკში ჩადება და გადავიდა ქაღალდზე. ეს ყველაფერი ერთიმეორეზეა აგებული და მეწარმე ვეღარ ჩაეტია ამ ფასში.

უნდა აღნიშნოს, რომ, ფქვილისა და ხორბლის დისტრიბუტორებისაგან განსხვავებით, კონკურენტულია საცხობებისა და კომბინატების სეგმენტი. ამიტომ პირველივე შემთხვევაში ნებისმიერ ბიზნესს ექნება ინტერესი, პირველმა მან დაწიოს ფასი, მიიმხროს მომხმარებელი და ამით მეტი მოგება მიიღოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×