"ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - ამომრჩევლებს უნდათ, ძირეულად შეიცვალოს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყანა რჩება სიღარიბის ზღვარზე და ჩვენ გვჭირდება არა ადამიანების ცვლილება, არამედ რეფორმები. რეფორმებს კი არავითარი პირი არ უჩანს. თუ არ ჩავთვლით ჯანდაცვის რეფორმას, სხვა სფეროებში არავითარი მსგავსი არ ჩანს.
"ადამიანების გადანაცვლებით არაფერი იცვლება. მთავარია, როგორ დავძლიოთ სიღარიბე. ყველა იტყვის, რომ სიღარიბე უცებ არ დაიძლევა, რაც უდავოა, მაგრამ არც გაუმჯობესების ნიშანწყალი ჩანს," - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.
"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე დააანონსა, რომ გუნდში დიდ ცვლილებას დაიწყებდა და ამიტომაც ახლა უკვე მედიაში არის მოლოდინი, რომ პრემიერიც და სხვა რამდენიმე მინისტრიც მალე შეიცვლება; ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემაც, შესაძლოა, დაკარგონ პარტიული თანამდებობები. თქვენ ელოდებით საკადრო ცვლილებას?
კორნელი კაკაჩია: ცვლილების დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. სიტუაცია, რაც "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გარშემოა შექმნილი, საკმაოდ ტრაგიკომიკურია. ივანიშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი ეს არჩევნები ჩამთავრდებოდა, მიხედავს საკუთარ პარტიას და გაწმენდს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ, რეალურად, "ოცნება", როგორც პოლიტიკური პარტია, არ არსებობს. ის არის ერთი კაცის მფლობელობაში არსებული ორგანიზაცია და როგორც ამ ერთ კაცს მოესურვება და მოეჩვენება, იმის მიხედვით შეცვლის როგორც პარტიას, ისე მთავრობას.
ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართული დემოკრატიისა. არ შეიძლება, ერთი ადამიანი ფლობდეს პარტიას როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად და თვითონ წყვეტდეს, რა და როგორ წარმოუდგენია. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენებს, ვინც ამ პარტიაში არიან, არანაირი უფლებები არა აქვთ და მათ აზრსაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
ბუნებრივია, ეს პრობლემა სახელმწიფო დონეზე გადადის. ივანიშვილის ინტერესები და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთში გადადის და ერთი კაცი პრემიერ-მინისტრად და მინისტრებად ნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიიდან კი არ მოდიან, პარტიის კადრი კი არ არიან, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია, არამედ ივანიშვილის მიერ მოწონებული ადამიანებია.
რაც მთავარია, ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - მას ჰგონია, რომ ძირითადი პრობლემა კოსმეტიკაა, რომ კოსმეტიკურად ერთ ადამიანს შეცვლის მეორეთი, რეალურად კი, ამაზე არ ყოფილა საზოგადოებიდან მინიშნება. ამომრჩევლებს უნდათ, ძირეულად შეიცვალოს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძირეულად ახალი ხედვა უნდა იყოს ჩამოყალიბებული და არ მგონია, რომ "ოცნება" და ივანიშვილი ამას შეძლებენ. 6 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს და არ მგონია, დარჩენილ ერთ წელში ქვეყნის მართვის ახალი ხედვა და ნარატივი ჩამოაყალიბონ.
აქედან გამომდინარე, სკეპტიკურად ვუყურებ იმის შესაძლებლობას, რომ ივანიშვილი შეძლებს ქართულ პოლიტიკაში ძირეული გარდატეხის შეტანას, რაც შემდეგ აისახება იმაში, რომ ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება.
"რ": ფასადურ ცვლილებასაც არ ელოდებით, ერთი-ორი მინისტრის შეცვლას მაინც?
კ.კ.: კი, ბატონო, შესაძლებელია, ეს მოხდეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ასეთი ფასადური ცვლილება ადრეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ქვეყანა რჩება სიღარიბის ზღვარზე. ჩვენ გვჭირდება არა ადამიანების ცვლილება, არამედ რეფორმები. რეფორმებს კი არავითარი პირი არ უჩანს. თუ არ ჩავთვლით ჯანდაცვის რეფორმას, სხვა სფეროებში არავითარი მსგავსი არ ჩანს.
ადამიანების გადანაცვლებით არაფერი იცვლება. მთავარია, როგორ დავძლიოთ სიღარიბე. ყველა იტყვის, რომ სიღარიბე უცებ არ დაიძლევა, რაც უდავოა, მაგრამ არც გაუმჯობესების ნიშანწყალი ჩანს.
"რ": ივანიშვილმა არჩევნებამდე თქვა, რომ ხალხი ღარიბია და დრო მომეცით, რომ ეს გამოვასწოროო. თუმცა არჩევნები დასრულდა და პური 10-15 თეთრით გაძვიდა. რას მოიტანს ეს? მუდმივად საუბარია, რომ საქართველოში სოციალური პრობლემის გამო აქციები არ იმართება-ხოლმე და პურის ფასის გაზრდა არ გააბრაზებს მოსახლეობას?
კ.კ.: მოსახლეობა ყველაფერს ხვდება და დღეს შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ იმახსოვრებს. ერთი წელი ძალიან სწრაფად გავა და ერთ წელიწადში წინასაარჩევნო პერიოდიც დაიწყება. მოსახლეობა როცა ნახავს, რომ ამ ხნის განმავლობაში არ გაუმჯობესდა ვითარება, ეს აისახება არჩევნების წინაც და არჩევნებზეც.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს ან ხვალ გამოვა მოსახლეობა სოციალური პროტესტით, მაგრამ ფაქტია, მეორე ტურში ამომრჩეველი ბოლოჯერ ენდო ივანიშვილს და ამის შემდეგ, თუ არაფერი გამოსწორდა, მისი სიტყვა ფასს დაკარგავს. აქამდეც შერყეული ჰქონდა ავტორიტეტი, მაგრამ თუ არაფერი შეცვალა, შემდგომ არჩევნებში არ ექნება ავტორიტეტი, რაც განსაზღვრავს კიდეც "ოცნების" რეიტინგს.
"რ": პურის გაძვირების კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა გვითხრა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. პრემიერმა კი პურის ფასის ზრდის შესწავლა "სპეციალურ ორგანოებს" დაავალა. პრემიერის ეს განცხადება ადეკვატურია?
კ.კ.: ხელისუფლება ამომრჩეველს ხომ შეჰპირდა, რომ შემოსავალი გაეზრდებოდათ, მაგრამ ვხედავთ, რომ პური გაძვირდა და ამით ადამიანებს შემოსავალი, გაზრდის ნაცვლად, აკლდებათ.
არავინ არ სთხოვს მთავრობას, პურის ფასი ერთ ადგილზე გაყინოს და ხელოვნურად შეინახოს. პრემიერის განცხადება კი ძალიან ძველი, შევარდანაძისდროინდელი ტექნიკაა - როდესაც რაღაც პრობლემა დგებოდა და ამ პრობლემის შემსწავლელი კომისია იქმნებოდა.
ეს არის დროის გაწელვის ტაქტიკა, მაგრამ ამომრჩეველი გაიზარდა და ამიტომ ყველა ხვდება, რომ პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებით ამბობს, რომ მათ არ აქვთ პრობლემის მოგვარების გეგმა, მთავრობას არ აქვს პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც შეიქმნა.
"რ": სალომე ზურაბიშვილზეც გკითხავთ. როგორი ურთიერთობა ექნება "ოცნებასთან", მორჩილი იქნება თუ კინკლაობას უნდა ველოდოთ?
კ.კ.: არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" მორჩილი გახდეს. არ ვიცით, ეს როდის მოხდება, მაგრამ გარდაუვალია.