(რეზონანსი) მოქმედმა პრეზიდენტმა, მომავალის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი მიიღო. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ის ცერემონიას, მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მოწოდებულია, რომ იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე:
„რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, შემიძლია გითხრათ, რომ მან მიიღო მოწვევა. პროტოკოლის სამსახური მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როცა ეს დეტალები გადაწყდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის დასწრების და კონკრეტული ფუნქციის შესახებ. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი, ისევე როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, რომ იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა, იმედია, იქნება კონსტრუქციული. იმედია, ორივე მხარე სასარგებლო ინფორმაციამდე მივა და ამის შემდეგ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განწყობა მუდმივად იყო და ახლაც არის, რომ ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალი პასუხისმგებლობა მას ავალდებულებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ დეტალებზე კონსტრუქციული შეთანხმება მოხდეს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.