ელზა პაპოშვილი
11.12.2018

 თბილისში მამაკაცს ავტომობილი გასტაცეს. შემთხვევა „დიდუბის“ მეტროსთან  მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ტელეფონზე ჩასარიცხად ავტომობილიდან გადავიდა. მძღოლი ამბობს, რომ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა - როგორც კი აპარატთან მივიდა, მაშინვე დაინახა, რომ მის ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელმაც ტერიტორია დიდი სისწრაფით დატოვა. 

შემთხვევა დაახლოებით შუადღის 12 საათზე მოხდა.  გამტაცებელმა სულ რამდენიმე წამიანი შესაძლებლობით ისარგებლა, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი გაიტაცა, თუმცა შორს წასვლა ვეღარ მოასწრო. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, გამტაცებელმა რამდენიმე კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა. მან ერთდროულად ხუთ ავტომობილს გატაცებული მანქანით დაარტყა.  

სამართალდამცველებმა ბრალდებული ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას  დააკავა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

„თეთრი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. დავინახე, რომ მეჯახებოდა. გიჟივით მოჰქროდა. ვინც მოასწრო და დაინახა, მოერიდა, ვინც ვერა - ყველას დაარყა. მე გზიდან გადასვლა მოვასწარი, სარკიდან დავინახე  და ასე გადავრჩი. ხუთივე ავტომობილს ერთნაირად, ერთმანეთის მიყოლებით დაარტყა. 

„როგორც ვიცი, არავინ დაზარალებულა, მაგრამ ავტომობილები დაამტვრია. პოლცია მაშინვე მოვიდა. თურმე ეს ავტომობილი გატაცებული ჰქონია. „დიდუბის“ მეტროსთან მოუპარავს. იქვე ადგილზევე დააკავეს. 

„ამ ბიჭის მამაცა მოვიდა და ამბობდა, რომ ცუდად არის და ერთ-ერთი საავადმყოფოდან გამოიქცაო. არ უთქვამს რა სჭირდა და რაზე მკურნალობდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მსხვერპლი არ არის, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ავტომობილის გატაცებაში ბრალდებულის მამა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და არ განმარტავს რომელი საავადმყოფოდან გამოიქცა მისი შვილი და რაზე მკურნალობდა. თუმცა, ამის შესახებ მან ინფორმაცია დაზარალებულ ავტომობილების მძღოლებს მიაწოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×