პარლამენტში უკვე დაიწყეს მსჯელობა კანონპროექტზე, რის მიხედვითაც პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფი დაცვა აღარ მოემსახურებათ და უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 1 წლის შემდეგ დაცვა მოეხსნებათ.
მოქმედი პრეზიდენტი ცვლილებებს არ ეთანხმება. როგორც ადმინსტრაცია აცხადებს, ეს ცვლილება პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები აუარესებს და პრეზიდენტის ინსტიტუტის შელახვისა და დაკნინების სამწუხარო ტრადიციის გაგრძელებაა.
„ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ თანამდებობის პირებისთვის სიცოცხლის ბოლომდე დაცვის დანიშვნა თანხების ფუჭი გაფლანგვაა, თანაც, როცა საუბარია გადასახადის გადამხდელთა ფულის ასე ხარჯვაზე.
ცვლილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტი სამშაბათს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა და კომიტეტმა ცვლილებებს მხარიც დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელწიფო დაცვა მხოლოდ 1 წლით შეუნარჩუნდებათ. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, აღნიშნულ პირებს სახელმწიფო დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით გაუგრძელდებათ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
კანონში ასევე დაგეგმილი ცვლილება, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის დაცვის რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირებას და კანონის დამტკიცების შემდეგ, ახალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შემცირებული დაცვა ეყოლება.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცვლილებებს არ ეთანხმება. მისივე თქმით, წლების განმავლობაში ვხედავთ თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ და კარგად გააზრებულ საკანონმდებლო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების შეკვეცისა და მთლიანად წაღებისაკენ არის მიმართული. ვხედავთ ნაბიჯების გადადგმას, რომ ამ მნიშვნელოვანი პოზიციის უფუნქციობას გაესვას ხაზი.
„ერთ-ერთი ბოლო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, არის ის, რომ სახელმწიფოს მეთაურს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების უფლებამოსილება აღარ დაუტოვეს, თუ ამაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არ ჩაერევა. ამ თანმიმდევრულობითა და პრინციპულობით საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე რომ ეზრუნა, ალბათ, ცოტა უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიის პროტესტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე პასუხობს და ამბობს, რომ ევროპულ, ცივილურ ქვეყანას უნდა დავემსგავსოთ, სადაც გარკვეული დროისა და ანალიზის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ.
ჩუბინიძის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვის გაგრძელება თუ მოხსნა მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება - პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა გაუგრძელდებათ ერთი წელიწადი, შემდეგ კი ოპერატიული სამსახური დასაცავი პირის გარშემო ინფორმაციას შეკრებს და თუ რისკები არ იარსებებს, მიმართავენ მთავრობას, რომ ყოფილ თანამდებობის პირს დაცვა მოეხსნას.
„საფუძველი არის იმის, რომ ევროპულ, ცივილურ ქვეყანას დავემსგავსოთ, სადაც დაცვა ასეთი ფორმით ხდება და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ანალიზი კეთდება და რისკები აღარ არსებობს, დაცვა იხსნება. რაციონალურად უნდა მოვიქცეთ და დაცვამ უნდა იმუშაოს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. სახელმწიფო დაცვა უნდა მოქმედებდეს საჭიროებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტია და პრემიერია. თუ ამის საჭიროება არ არის, რატომ უნდა ვატაროთ წინ და უკან?“, – განაცხადა ჩუბინიძემ.