ია აბულაშვილი
11.12.2018

 აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან - დონეცკიდან და ლუგანსკიდან სეზონურ სამუშაოებზე მოქალაქეები აფხაზეთში მიდიან და წელს ამან განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო. ამის შესახებ რუსული „კამსამოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი დმიტრი ტიხომიროვი წერს, რომელიც თავადაც სეზონური მუშის სტატუსით ჩავიდა აფხაზეთში და იქ ნანახის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.

აფხაზეთში დონეცკელებისა და ლუგანსკელების რაოდენობის მატება ციტრუსების კრეფის სეზონს უკავშირდება.

„მოსკოვში მთელს შავ სამუშაოს სამხრეთელები ასრულებენ, აფხაზეთში პირიქითაა. მანდარინის პლანტაციებში მუშაობის დროს არცერთი აფხაზი არ შემხვედრია, ძირითადად მუშაობენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან მასიურად წამოსული ადამიანები, ასევე ადგილობრივი რუსები, რომლებსაც, აფხაზებისგან განსხვავებით, მიწების იჯარით აღების საშუალება არ აქვთ. აქ პოლიტიკაზე არავინ ლაპარკობს“, - წერს სტატიაში „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდენტი.

იგი მანდარინის შეგროვებისა და ჩაბარების სისტემასაც აღწერს - რომ არის გაუსაძლისი პირობები, დამქირავებელს მუშები პალანტაციებში დილის 6 საათზე მიჰყავს. თითო ყუთ დაკრეფილ მანდარინში მუშას 50 რუბლს (2 ლარი) უხდიან. ერთი სეზონური მუშა დღეში საშუალოდ 4-5 ყუთის დაკრეფას ახერხებს, თუმცა, აქედან აღებული ფული ძირითადად ბინაში ეხარჯებათ. მაგალითად, ოთახის დაქირავება აფხაზეთში დღეში კაცზე საშუალოდ 200 რუბლი (8 ლარი) ჯდება.

რუსი ჟურნალისტის ცნობით, სეზონური მუშების უმრავლესობოსათვის ეს პირობები მისაღებია - ურჩევნიათ მხოლოდ საჭმლისა და დასაძინებელი ადგილის სანაცვლოდაც იმუშაონ შედარებით თბილ კლიმატურ პირობებში, ვიდრე ცივი ზამთარი რუსეთში ან უკრაინაში გაატარონ.

როგორც „რეზონანსთან“ აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, მანადარინის ეს ბაღები, სადაც დღეს რუსეთის ქალაქებიდან ჩასული ადამიანები მუშაობენ, ქართველებს ეკუთვნოდა და ახლა აფხაზები არიან დაპატრონებული.

„ეს ახალი ამბავი არ არის და არც „კომსომოლსკაი პრავდის“ ჟურტანლისტს აღმოუჩენია. წლები ეს ტენდენცია შეიმჩნევა, რომ აფხაზები ციტრუსებს სეზონზე რუსებს აკრეფინებენ. ციტრუსების კრეფის დროს სამუშაოდ ჩადიან ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან - როსტოვიდან, კარასნოდარიდან და ა.შ.

მანდარინის ეს ბაღები ადრე ქართველების საკუთრება იყო. ძალიან ბევრი მანდარინის პლანტაცია ჰქონდათ ქართველებს სოხუმში, გაგარაში, გუდაუთაში, გულრიფში და სხვაგან, ახლა კი აფხაზები დაეპატრონენ და რუსეთიდან თუ უკრაინიდან ჩასულ მუშახელს აკრეფინებენ მიზერულ თანხად, ხშირ შემთხვევებში კი ნატურით უხდიან“, - განაცხადა ლევან კიკნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×