"თიბისი ჯგუფი" საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა VENDOO, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია, მცირე და საშუალო მეწარმეებს კი შეეძლებათ, საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.
როგორც "თიბისი" ბანკში განმარტავენ, VENDOO ონლაინ მაღაზია SWOOP-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100-პროცენტიანი წილიც "თიბისი ჯგუფმა" შეისყიდა. SWOOP ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებებისა და გაყიდვების კომპანიაა. იგი დარჩება ცალკე ბრენდად და გააგრძელებს იმავე საქმიანობას, არსებულ მომხმარებლებს კი შეეძლებათ, ორივე ბრენდის ვებ-გვერდის მომსახურებით ისარგებლონ.
"თიბისი" ბანკის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, VENDOO თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს შეექმნება ღირებული ქართული ალტერნატივა, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი.
ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ ბანკის მიზანია, ამით ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება, შესაბამისად, პლატფორმა ყველასათვის ღია იქნება და მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.
"სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს, უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. VENDOO მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება. ეს აპლიკაცია მათ საშუალებას მისცემს, რომ საქართველოში შეიძინონ მაღალი ხარისხის მომსახურება და, ამავე დროს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთი საქონლის მარკეტირება და რეალიზება წარმატებით განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში იგი გახდება ერთ-ერთი ხარისხიანი მომსახურება. ინვესტიცია სულ რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენს, მაგრამ ეს ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანსა და მისიას, რომ რაც შეიძლება, გავუმარტივოთ მოქალაქეებს ცხოვრება.
ამიერიდან მათ შეეძლებათ, უფრო მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ონლაინ შესყიდვებთან დაკავშირებით, შესაბამისად, საუკეთესო მომსახურება მიიღონ. გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღეთ. ჩვენი სურვილია, რომ ელექტრონული კომერცია განვავითაროთ არა მარტო საქართველოში, არამედ - რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში. გვაქვს ამბიცია, რომ ქართული "ამაზონი" გავაკეთოთ. ვვარაუდობთ, რომ მეოთხე წლისთავზე "თიბისი" ბანკი 10 მილიონამდე ქართველ და უცხოელ მომხმარებელს მოიცავს. 2019 წელს აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ვგეგმავთ შესვლას", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ამდენად, ციფრული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც 2019 წლის თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი, დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ, გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ამირან შეროზიას შეფასებით, ელექტრონული კომერცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
როგორც მან განაცხადა, ახალი ციფრული პლატფორმა VENDOO, ერთი მხრივ, გაუადვილებს მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
"VENDOO არის ელექტრონული მაღაზია, რომლის შექმნის იდეაა, საქართველოში ელექტრონული კომერცია განვითარდეს. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ქართველ მეწარმეებს, მცირე თუ საშუალო კომპანიებს მივცემთ საშუალებას, საკუთარი პროდუქცია საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადონ. ეს პლატფორმა იქნება ღია და საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომ ისარგებლოს პროდუქციის ფართო არჩევანით და ეს სერვისი კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. მომსახურება გათვლილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კაგეგორიის პროდუქცია, როგორც - ძვირად ღირებული, ასევე საშუალო და იაფიანიც, ხოლო ხარისხი ყველა შემთხვევაში იქნება გარანტირებული.
დღეს ვხედავთ, რომ ელექტრონული კომერციის განვითარების პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე არსებული ბაზარი. მოსახლეობას სხვადასხვა შესყიდვისთვის უცხოური საიტებით უწევს სარგებლობა. ამიერიდან მომხმარებელი უფრო სწრაფად შეძლებს პროდუქტის მიღებას, ვიდრე ეს უცხოური კომპანიების საშუალებით არის შესაძლებელი. უცხოურ საიტებს თუ შევადარებთ, უპირატესობა იქნება სისწრაფე, კომფორტი და პროდუქტის სახლში მიტანა, რისი სერვისიც აქამდე არ იყო", - აღნიშნა ამირან შეროზიამ.
ამდენად, VENDOO- ეს იქნება ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ბევრ სიახლესა და საინტერესო სერვისებს შესთავაზებს.
VENDOO-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლატფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოგისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის. ბიზნესს პლატფორმით სარგებლობის დამატებითი ხარჯი არ ექნება, მათი ხარჯები პროდუქციის შეძენისა და საწყობში მიტანის დანახარჯით შემოიფარგლება.