"მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს"
თამარ მუკბანიანი
12.12.2018

 სადაზღვევო სექტორი, ბანკების ექსპანსიის შესაჩერებლად, მთავრობას, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს მიმართავს. განცხადებას 12 სადაზღვევო კომპანია ავრცელებს. ისინი ბანკებთან დაკავშირებული კომპანიების მიერ პოლისების მომხმარებლისათვის არჩევანის შეზღუდვით მიყიდვაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, მზღვეველებსა და ბანკირებს შორის ღია ომი დაიწყო, სადაც მთავრობას დანამდვილებით მოუწევს ჩარევა.

სადაზღვევო სექტორისა და დაზღვევის საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისათვის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისაკენ მოუწოდებენ.

"მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის არსებობა ეკონომიკის სტაბილურობისა და თანამედროვე საზოგადოების მშენებლობისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისათვის ადგილი აღარ რჩება.

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვითა და იძულებით, სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების პოლისები", - ნათქვამია 12 სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიები ეროვნული ბანკისა და მთავრობისაგან ითხოვენ, შეაჩერონ ბანკების ექსპანსია.

"ჩვენ მივმართავთ ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად. ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები. მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს. სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავლესობაში აღმოჩნდებიან.

ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთან, რათა დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის წვერი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი არა მხოლოდ სადაზღვევო სექტორში, არამედ ზოგადად ბანკების მიერ არაპროფილურ აქტივებს პრობლემად მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს სერიოზული ჩარევა და რეგულირებაა საჭირო, რასაც ის პირადად გეგმავს.

"პარლამენტში იყო ეროვნული ბანკის როლის განხილვა არაპროფილურ აქტვებთან მიმართებით. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ზღუდავს ასეთ საქმიანობას, მაგრამ ფაქტია, საბუთებისა და დეკლარაციების დონეზე ეს არ წყდება. საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო, საკვლევი მექნიზმების ამუშავება, რომელიც რეალურად დაადგენს კავშირს კორპორაციებსა თუ კონგლომერატებში.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ამ განცხადების შინაარსი. მათი გულისწუხილი და პრობლემები უნდა იყოს ბევრად უფრო ხმამაღალი განხილვის თემა.

მე პირადად ვგეგმავ ძალიან მალე, ბევრად აქტიურად ჩართვას ამ საკითხში. სადაზღვევოებზე მეტად ეს ეხება სამედიცინო სექტორს. მაგალითად, "ევექსს" მონოპოლიზებული აქვს მთელი სამედიცინო სექტორი. მაინტერესებს, რატომ? ამას თუ არ გაეწია შესაბამისი კონტროლი, პირველ რიგში, ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი ფასები და მეორე, სახელმწიფო გახდება მომსახურების მიწოდების კუთხით უძლური", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი.

"რეზონანსი" ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, სადაც, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ჩანს, მზღვეველებსა და ბანკირებს შორის ღია ომი დაიწყო, სადაც მთავრობას დანამდვილებით მოუწევს ჩარევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×