თამარ შუკვანი
12.12.2018

 "ალბათ, "ნაციონალური მოძრაობა" რთულ მდგომარეობაშია; სააკაშვილი მათგან ითხოვდა დაუმორჩილებლობას, დესტაბილიზაციასა და ინაუგურაციის პროცესში ხელის შეშლას, თუმცა ბოლო ხანებში გაჩერდა. მეორე მხრივ, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც ითხოვენ, რომ დამარცხებულმა გამარჯვებული უნდა ცნოს გამარჯვებულად და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისათვის", - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე, რაზეც მმართველ გუნდში უკვე ღიად საუბრობენ, 600 ათასი მსესხებლისათვის ვალის განულებასა და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც 16 დეკემბერს, ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად არის დაანონსებული, "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: ერთი მხრიდან დასავლეთი და მეორე მხრიდან სააკაშვილი - ამ ორ ცეცხლს შუა მოქცეულმა "ნაცმოძრაობამ" შეიძლება, გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. ვხედავთ, რომ სამადაშვილმა, დასავლური სტანდარტების მიმდევარმა, არ გაიზიარა ინაუგურაციის ჩაშლის მიზნით დაანონსებული აქცია და ამ პროცესს გამოეთიშა. ალბათ, ანალოგიურად ფიქრობს ბევრი.

ყველაზე კარგი იქნება, რომ დასავლური გადაწყვეტილება მიიღონ, ამ ეტაპზე მარცხი აღიარონ და შემდეგი ეტაპის ბრძოლისათვის მოემზადონ. ეს ყველა ქვეყნის სტანდარტთან შესაბამისი იქნება. ესენი რასაც აკეთებენ, სტანდარტებთან შეუსაბამოა და ასევე უაზრო - როდემდე უნდა იდგნენ ქუჩაში?

"რეზონანსი": 600 ათას მსესხებელს ვალი გაუნულდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

რ.ს.: ვალების განულებაზე დადებითი აზრისა ვარ. როგორც ვიცით, ასეთი შემთხვევები უცხოეთის პრაქტიკაშიც ხშირია. ჩვენს ყოფაშიც, მევალე თუკი ატყობს, რომ მხარე ვალს ვერ უბრუნებს, გადაუვადებს იმისათვის, რომ თავისი ეკონომიკური აქტივობით დააგროვოს ის თანხა, რაც ვალის გასტუმრებას სჭირდება.

ბახტაძის ერთ-ერთ პოზიტივად ნახსენები იყო, რომ აპირებს ჭარბვალიანობის მოსპობას და იქიდან მოდის ეს თემაც. შეიძლება, საარჩევნო პროცესს დაამთხვიეს, მაგრამ მაშინაც ითქვა, რომ 2018 წლის ბოლოს ეცდებოდნენ ამ პრობლემის გადაჭრას. შეიძლება, კარგად გათვლილი პროცესია, მაგრამ ანალოგიური გათვლები ყოველთვის კეთდება.

"რ": თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებებს მთავრობაში?

რ.ს.: არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ივანიშვილს. საკადრო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ მუშაობა ეფექტიანი იყოს. შეიძლება იგივე გუნდი უკეთესად აამუშაო, თუკი სწორად ააწყობ მისი, როგორც გუნდის მოქმედებას. კარგი მწვრთნელი კარგ გუნდს აყენებს, ცუდი მწვრთნელი კი - ცუდს.

გაუმჯობესება შეიძლება, მათი პრინციპების შეცვლაშიც იყოს. თუ ამას გულისხმობდა ივანიშვილი, მაშინ საკადრო ცვლილებები აუცილებელი არაა. მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ახსენა "საკადრო ცვლილებები". ამიტომ სავარაუდოა, რომ საკადრო ცვლილებები იქნება.

"რ": თქვენ პირადად ამ ეტაპზე თუ ხედავთ საკადრო ცვლილებების აუცილებლობას?

რ.ს.: პირველი პირების, მინისტრების შეცვლამ შეიძლება, არაფერი გამოიწვიოს. "ოცნების" რეიტინგი რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ერთ-ერთი, რაც "ოცნებით" უკმაყოფილებას იწვევს, ეს არის საკადრო პოლიტიკა ქვედა სართულებზე. იქ, სადაც "ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხალხი შეუშვა და უარი უთხრა ჩვეულებრივ თანამშრომლებად სტრუქტურებში მუშაობაზე თავის თანამებრძოლებს.

ეს უკმაყოფელებას იწვევს, მით უმეტეს, ვნახეთ, "ნაციონალებმა" ეს უპირატესობა "ოცნების" სასარგებლოდ არ გამოიყენეს, პირიქით, პროცესი დესტაბილიზაციისაკენ მიჰყავთ. ამდენად, საკადრო ცვლილებები ამ სიბრტყეზე და ამ თვალსაზრისითაა გასაკეთებელი.

მოსახლეობის თვალში ამგვარი ცვლილებები პოზიტიურად აღიქმება, მაგრამ თუკი "ქართული ოცნება" იტყვის, რომ მას არ შეუძლია, ჩაატაროს ასეთი წმენდა და ამის თავი არ აქვს, ასეთი უუნარობა მოსახლეობის მხრიდან უარყოფითად აღიქმება.

მოსახლეობას სურს, რომ ძალაუფლება უნარიან ადამიანებს ჰქონდეთ. უუნაროს ხელში ძალაუფლება ძალა აღარ არის. ის არც მოსახლეობას არგია და არც თვით ხელისუფლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×