უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებამდე დღეებია დარჩენილი და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ილარიონ ალფეევი ილია ||-სთან მოლაპარაკებებს მართავს, რომ საქართველომ მხარი მოსკოვს დაუჭიროს და არა - კონსტანტინოპოლსა და უკრაინას.
15 დეკემბერს უკრაინაში გამაერთიანებელი საეკლესიო კრება იმართება, რომლის არჩეული პირველ იერარქსაც კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს და ამ კრებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის ეკლესიამ თბილისში საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი გამოგზავნა წმინდა ნაწილებითა და საბუთებით, სადაც დაფიქსირებულია მოსკოვის უარყოფითი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე.
რუსი მაღალიერარქის, ალფეევის სტუმრობასა და საბუთების გადაცემაზე ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს შეხვდა და ალფეევმა "შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო".
"შეხვედრაზე ეკლესიათა შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია.
"მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმ. სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა და რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს ეკლესია - აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, არ აღიარებს და მოსკოვის პოზიციას გაიზიარებს, თუ შეძლებისდაგვარად შეეცდება, გააჭიანუროს ამ საკითხზე თავისი ოფიციალური პოზიციის გამოცხადება.
თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიას ანიჭებს მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, რისი კანონიკური უფლება აქვს და შემდეგ კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული ეკლესია უნდა აღიაროს სხვა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სხვა შემთხვევაში მათ შორის ევქარისტული კავშირი არ იქნება.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს.
"კონსტანტინოპოლის არგუმენტები გაჯერებულია საეკლესიო კანონებით, მთელი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, რაც ზოგადად ავტოკეფალიის საკითხს შეეხება, რუსეთის არგუმენტები კი მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებებია. თუნდაც მოსკოვის პატრიარქის გუშინდელი გამოსვლა, რომ უკრაინის ადგილობრივი ეკლესია ეშმაკის, ბოროტების ეკლესიაა და ა.შ. მათ არგუმენტები არ აქვთ და ასეთ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე არიან გადასული", - ამბობს ბარნოვი.
რა მოხდება, თუ საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს
"ჩვენთან გავრცელებულია რუსული ნარატივი - რომ რუსეთი საპირისპიროდ აღიარებს აფხაზეთს. აფხაზეთი ე.წ. რესპუბლიკად რუსეთის სახელმწიფომ აღიარა და არც საეკლესიო ე.წ. აღიარება არ არის გამორიცხული, მაგრამ, როგორც პოლიტიკურად არავინ არ აღიარა აფხაზეთი რესპუბლიკად, ასევე არანაირი რეზონანსი არ მოჰყვება ამას საეკლესიო სფეროში.
"რუსეთის ეკლესიას, კანონიკური წესებიდან გამომდინარე, არანაირი უფლება არ აქვს, რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. რუსეთმა, მაგალითად, ეროვნული ნიშნით აღიარა ამერიკის ეკლესია და ამან არანაირი რეზონანსი არ გამოიწვია. რუსეთისა და, სამწუხაროდ, საქართველოს გარდა ამერიკის ეკლესიას არავინ აღიარებს. თუკი ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო ჩვენ დავკარგავთ აფხაზეთს, ეს რუსული ნარატივია", - ამბობს გოჩა ბარნოვი.
რა მოხდება, თუკი საქართველომ არ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია
ბარნოვის თქმით, საქართველო აღმოჩნდება ჩიხში რუსეთის ეკლესიასთან ერთად. გარდა ამისა, მართლმადიდებელ სამყაროში ისედაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკლესია გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებელი არ არის, მასზე დიდია რუსული გავლენა და ეს სამწუხარო ნარატივი კიდევ უფრო გამტკიცდება, რაც ეკლესიას ჩრდილს აყენებს.
"საქართველოს ეკლესია ბევრ უხერხულობაში ჩავარდება. მაგალითად, როდესაც ეკლესიების სინაქსისი შედგება და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ჩასვლა მოუწევთ, იქ წირვაზე იქნება უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელი და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ეკლესიამ, რომელიც არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, წირვა უნდა დატოვოს თუ მიესალმება? თუ მიესალმები, ე.ი. აღიარებ.
"ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. კანონიკურად, საქართველოს ეკლესიამ, რა თქმა უნდა, რუსეთისა და კოსტანტინოპოლის მტკიცებულებებს უნდა გადახედოს, მაგრამ მთავარია ის, რომ კონსტანტინოპოლი მიჰყვება კანონიკურ ტრადიციას, რაც აქვს მინიჭებული მსოფლიო კრების მიერ", - მიიჩნევს ბარნოვი.
რა იქნება, თუ საქართველოს ეკლესია შეეცდება, გააჭიანუროს პოზიციის დაფიქსირება
თეოლოგის თქმით, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ უსასრულოდ ასე მაინც ვერ გაგრძელდება და საქართველოს ეკლესიას მოუწევს, რაღაც პოზიცია დააფიქსიროს.
"რამდენ ხანს შეიძლება, გაურკვეველ სიტუაციაში იყოს ეკლესია? იქნება რაღაც შეხვედრები, სინაქსისები, კრებები, ერთობლივი მსახურება და რამდენ ხანს გაწელავს დუმილს - 1 წელი, 2 წელი? თვითონ უკრაინა მოსთხოვს პასუხს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მასთან, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა აღიარებს. უარყოფისა და დროის გაწელვის შემთხვევაში საქართველოს ეკლესია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება", - მიიჩნევს ბარნოვი.
მისი თქმით, დღეს ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს საპატრიარქო, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მღვდელმთავრების დიდი ნაწილის აზრით, უკრაინას ავტოკეფალია ეკუთვნის და აქედან გამომდინარე იმედოვნებს, რომ სინოდის სხდომა უკრაინას დაუჭერს მხარს.
"სავარაუდოდ, დაუჭერენ უკრაინას მხარს. აქ პოლიტიკური ფაქტორებიც დიდ როლს ითამაშებს. საეკლესიო კანონებით განსაზღვრულია, რომ სინოდის სხდომა გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ამ წესს ყველა სხვა ეკლესია იცავს და ჩვენთან საშემოდგომო სხდომას როდის ჩაატარებენ, ძნელი სათქმელია", - დასძენს ბარნოვი.