სამინისტრო: "რასაკვირველია, მოიმატებს გადახდილი თანხის რაოდენობაც, რომელსაც სრულად "ქართუ" გაიღებს"
თამარ მუკბანიანი
12.12.2018

 ვალების ჩამოწერის პროგრამის ფარგლებში ფონდი "ქართუ" 3 მლრდ ლარზე მეტს გაანულებს. სია ვებ-გვერდზე არასრულად, თუმცა უკვე ატვირთულია. მონაცემები 6 ბანკის 679 000-ზე მეტ სესხსა და 407 000 მსესხებელს შეეხება. ფონდში ამბობენ, რომ სიისა და მათ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს.

ფონდ "ქართუს", თავდაპირველ ეტაპზე, 1,5 მლრდ-ის განულება ჰქონდა დაგეგმილი, დღევანდელი მონაცემით კი გასანულებელი ვალი უკვე 3 მლრდ-ს აღემატება და სია კიდევ გაიზრდება, რადგან მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ სესხების ნაწილი ჯერჯერობით არ არის ატვირთული საიტზე, სადაც განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

ვებ-გვერდზე www.vali.ge ამ დროისათვის ატვირთულია ინფორმაცია 407 000-ზე მეტი მსესხებლის 679 000-ზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის "მე არ ვარ რობოტი" მონიშვნა.

"აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება. ამ ეტაპისათვის უკვე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები: სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "სილქ როუდ ბანკი", სს "ხალიკ ბანკი საქართველო" და სს "იშბანკი საქართველო".

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სიის ზრდა მოხდება და შესაბამისად გაიზრდება თანხაც, რომელსაც "ქართუ" გაანულებს.

"ნამდვილად მოხდება სიის ზრდა. ეს არასრული მონაცემია, რადგან მხოლოდ 6 ბანკის სასესხო პორტფელია ატვირთული. მსესხებლების ზრდის პარალელურად, რასაკვირველია, მოიმატებს გადახდილი თანხის რაოდენობაც, რომელსაც სრულად "ქართუ" გაიღებს", - აცხადებენ სამინისტროში.

"რეზონანსი" "ქართუ ფონდსაც" დაუკავშირდა და გადაამოწმა, იზრდება თუ არა მათ მიერ გადახდილი თანხა.

"რაც უნდა განულდეს, საიტზე ის არის ატვირთული. ასე რომ, ყველა მსესხებელს, რომელმაც საკუთარი მონაცემი ამოიკითხა "ვალი.გე"-ზე, შეუძლია, მშვიდად იყოს, მისი დავალიანება განულდება 15 დეკემბრიდან. სასესხო პორტფელის მთლიანი მოცულობა ჯერჯერობით სრული არ არის, რადგან ონლაინსესხების ნაწილის ვალი არ ასახულა", - აცხადებენ "ქართუში".

სესხების ჩამოწერის პარალელურად, ინტერნეტში "ვალი.გე"-ს ცრუ გვერდებიც გაჩნდა. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს სპეციალური განცხადების გავრცელებაც მოუწია, სადაც ხალხს სიფრთხილისაკენ მოუწოდა.

"მსესხებელთა საყურადღებოდ! პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ამ პროექტისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე ცცც.მფდშ.პუ. ამ დროისათვის სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი (მაგალითად: wali.ge), სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები. ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისათვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, განულების პროცესი 15-დან 31 დეკემბრის ჩათვლით დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×