ელზა პაპოშვილი
12.12.2018

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. თანამშრომლები, რომელებიც უკვე წლებია, ადმინისტრაციაში მუშაობენ და საჯარო მოხელის სტატუსი აქვთ, უმუშევარი რჩებიან. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გარეშე. 

კანონპროექტზე ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, კანონპროექტის ავტორსა და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ჟურნალისტების კითხვას, რის გამო შემოვიდა მსგავსი შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში მარგველაშვილის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, — ეს ხომ ნიშნავს, რომ ყველას მარტივად გაუშვებენ, — კანონპროექტის ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა: “კონსულტაციები მიდის და გეტყვით ზუსტად… რა ფორმულირებით იქნება და როგორი იქნება, მაგას გეტყვით ზუსტად კონსულტაციების შემდეგ”, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 114 თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ადამიანების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმება კონკურსის გარეშე იქნება შესაძლებელი და მათ ერთიანი სტანდარტი არ ექნებათ დასაკმაყოფილებელი იმისთვის, რომ აღნიშნულ უწყებაში მუშაობა დაიწყონ.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მთელი სულისკვეთება არის აბსოლუტურად უმნიშვნელო იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთი ცვლილების განხორციელება მოიფიქრა. კანონპროექტი ხაზს გადაუსვამს საჯარო სამსახურის რეფორმას. ეს არის ინსტიტუტის ნგრევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში ათობით კვალიფიციური საჯარო მოხელე მუშაობს, რომელთაც რამდენიმე პრეზიდენტის დროს უმუშავიათ და საკუთარ საქმეს ძალიან კარგად იცნობენ.

მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეთ დაცულობის ის გარანტიები, რომელსაც აქამდე კანონის აწესებდა. ეს არის ძალიან არასწორი იდეა და კანონპროექტი. ის არღვევს ძალიან ბევრ პრინციპს და ინსტიტუციურ მდგრადობას უპირისპირდება. საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთება სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად აგრძელებდეს მუშაობას. პარლამენტში წარდგენილი პროექტი ამას მთლიანად ეწინააღმდეგება, არის ძალიან საშიში და არასწორი იდეა“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ პროექტი ისე მომზადდა, რომ არანაირი კომუნიკაცია და კონსულტაციები თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არ გამართულა.

საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავენ. გიორგი კახიანის თქმით, ინიციატივის შესახებ კითხვები მასაც ჰქონდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დატოვებს, მესამე სექტორი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

ამ თემის განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იგეგმება.

ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.

ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტის 10 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდა. პროექტი 12 დეკემბერს  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უნდა განეხილა, თუმცა განხილვა გადაიდო.

საია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინიცირებულ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს- ამის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი:

"მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და არ შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპებს, რითაც უხეშად არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს" აცხადებენ "საიაში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×