ელზა პაპოშვილი
12.12.2018

 ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში 13 წლის მოზარდი ერთთვიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის  გარდაცვალებაში ოჯახი თანასოფლელებს ადანაშაულებს. მათი განცხადებით,  12 ნოემბერს 4 მოზარდს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  

კონფლიქტის მიზეზი კი ოჯახის ინფორმაციით,  ფული  გახდა. გარდაცვლილის ბაბუა  ყვება, რომ ბიჭი თანასოფლელებმა  სასტიკად სცემეს. ის დილით მაღაზიაში პურის და ჩაის საყიდლად გაუშვეს, უკან კი, ნაცემი დაბრუნდა. სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა მშობლებს უთხრა, რომ მისი თანატოლები მისთვის ფულის წართმევას ცდილობდნენ, მან კი წაინააღმდეგობა გაუწიათ. 

ამის შემდეგ, მოზარდი შეუძლოდ გახდა და განაცხადა, რომ მას თავი ძალიან სტკიოდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო კომაში ჩავარდნის შემდეგ, თბილისში გადაიყვანეს. ერთ თვის განმავლობაში მოზარდი კომაში იმყოფებოდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ბავშვის  გარდაცვალების მიზეზი თავის მძიმე ტრავმა გახდა. 

ოჯახი აცხადებს, რომ თუ გამოძიება სიმართლეს არ დაადგენს და მოზარდების პასუხისგებაში მიცემა არ მოხდება, მაშინ მათ დასჯას ისინი თავად  შეეცდებიან. 

„თუ ამ ბავშვების დასჯა არ მოხდა, ოჯახი შურს იძიებს და სოფელში საშინელება დატრიალდება“, - აცხადებენ გარდაცვლილი ბიჭის მეზობლები. 

გარდაცვლილის მამა იდაიფ ბადალოვი დაწარმუნებულია, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მისი ცემა გახდა და მან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მამის მტკიცებით, ისმაილ ბადალოვს დაზიანებები ჩხუბის დროს მისივე თანატოლმა რამდენიმე მოზარდმა მიაყენა და მათ ბავშვების ვინაობაც იციან. ოჯახი  საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლის აღსრულებას თავად განახორციელებენ. 

 „ვითხოვ, ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც ჩემი შვილი ამ დღეში ჩააგდო. ვიცი, რომ 12 ნოემბერს ჩემი ბიჭი სამმა თანატოლმა სცემა. სახლში რომ მოვიდა ცუდად იყო, თავი სტკიოდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ექიმმა ნემსი გაუკეთა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. მას შემდეგ კომაში იყო და გუშინ გარდაიცვალა. ექიმებმა მითხრეს, რომ ძლიერი დარტყმის შედეგად ჰქონდა ტრავმა მიღებული, ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, რომ ზუსტი მიზეზი გავიგოთ,“ - განაცხადა იდაიფ ბადალოვმა. 

თანასოფლელი ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისმაილს ხელი კრეს და ის დაეცა.  მაგრამ ის მალევე ფეხზე წამოდგა და თამაში გააგრძელა. ბავშვები ფულის გამოძალვის და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტსაც უარყოფებ და ამბობენ, რომ წაქცევის შემდეგ, გარდაცვლილმა მოზარდმა მათთან კიდევ რამდენიმე ხანი ითამაშა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქემზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ასევე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რამ გამოიწვია მოზარდის გარდაცვალება. 

ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის ისმაილ ბადალოვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ექპერტიზის დასკვნას ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაეცნობიან.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×