„ბაქოში, დღეს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლ გენერალ კერტის სკაპაროტის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მხარეებს შორის სამხედრო მაღალი დონის შეხვედრა, ეს არ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური და ფორმალური ტიპის შეხევდრა. ნატო ამ შეხვედრას საკმაოდ სერიოზულად ეკიდება. გენერალი სკაპაროტი ასე უბრალოდ ნამდვილად არ დადის," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი ცნობით, აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში, ნატო-სა და რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი საკითხები კი - გასაიდუმლოებულია.
„შერჩეულია კავკასიის რეგიონი, აზერბაიჯანი, - ბაქო, რომელსაც ლიდერი სახელმწიფოს ერთგვარი ამბიცია აქვს. მოლაპარაკებების თემა ძალიან გასაიდუმლოებულია. ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა ტარდება დღეს ბაქოში, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
„შესაძლოა ეს შეხვედრა შავი ზღვის რეგიონში დაძაბული სიტუაციას დავუკავშიროთ, - ქერჩის სრუტეში არსებულ ინციდენტს და რუსეთ-უკრაინას შორის დაწყებულ ფარულ საომარ მოქმედებებს. ასევე, ამერიკელების მიერ შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო გემების გაგზავნას, რამაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.
„როდესაც ერთმანეთს ორი მაღალი დონის სამხედრო ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონემდეა დაძაბული და სასწრაფოდ რეაგირებას მოითხოვს. მოლაპარაკებები ამიტომაც არის განხორციელებული ბაქოში," - აცხადებს ის.
მისი თქმით, ნატო-სა და რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირების შეხვედრა შესაძლოა რამდენიმე ფაქტს დავუკავშიროთ, კერძოდ: „გარკვეულწილად შესაძლოა საქართველოს თემაც შევიდეს ამ შეხვედრაში. ფაქტობრივად, ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა დამრტყმელი ტიპის შეიარაღების ელემენტები განათავსა.
„შესაძლოა გამოიყოს თურქეთის გააქტიურებაც, რომელიც უკვე რეგიონულ ჰეგემონობაზე აცხადებს პრეტენზიას. იგი სამხედრო-საზღვაო ბაზას ტრაბზონის მიდამოებში ხსნის. თურქეთი ნატო-ს წვერი ქვეყანაა, თუმცა რეალურ ქმედებაში ის უფრო რუსეთის ფარული მოკავშირის ფუნქციას უფრო ღებულობს, ვიდრე ნატო-ს ფორმალური მოკავშირეობის ფუნქციებს.
„თურქეთი უკვე დამოუკიდებელი ხდება, რომელიც არც ნატო-ს, არც ამერიკას და არც რუსეთს არ დაექვემდებარება. იგი დამოუკიდებელ ცურვაშია შესული. ერდოღანმა ამერიკული მხარე გააფრთხილა კიდევაც ქურთების მიმართ შეწყვიტოს იარაღის მიწოდება.
"იგი იმუქრება, რომ ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს ქურთების წინააღმდეგ. ასევე, ამერიკა მცირე და საშუალო ბალისტიკური რაკეტების შემცირების ხელშეკრულებიდან გამოვიდა და ამან შესაძლოა უფრო დაძაბოს რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა.
„გასათვალისიწინებელია ასევე ავღანეთში არსებული სიტუაცია, რომელსაც ბაქოს სამიტი განიხილავს. ნატო-ში რეალური ბერკეტები უმაღლეს მთავარსარდალს და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უკავია.
"ავღანეთში არსებული სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლიდან გამოსული. მნიშვნელოანია როგორ ითანამშრომლებს ნატო-სა და რუსეთის სამხედრო სტრუქტუქტურები, რომ ის საფრთხე, რომელიც დღეს ავღანეთში არსებობს, დაძლეული იქნას.
„ბაქოში მიმდინარე შეხვედრა ასევე შესაძლოა აპატურაის საქართველოში ვიზიტსაც დავუკავშიროთ. აპატურაიმ გამონახა დრო და საქართველოში ჩამოვიდა. კავკასიის რეგიონი საკმაოდ საინტერესო რეგიონად გადაიქცა. აპატურაი ჩავა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.