10 ყველაზე მსხვილი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის მხოლოდ ერთი მწარმოებელი მოხვდა, ხოლო ორმოცდაათეულში - 8. ტოპ ათეულში სამი ტოტალიზატორია. ასეთი სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეალური სექტორი ქვეყნაში კვლავ განუვითარებელია. ასეთი ტენდენცია ქვეყანასა და მის მოსახლეობას კატასტროფას უქადის.
2017 წლის მონაცემებით, ორმოცდაათ ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის ბანკები ვერ მოხვდნენ. ასევე, ჩამონათვალში არ არიან საგანმანათლებლო ტიპის ორგანიზაციები, თითებზე ჩამოსათვლელია საწარმოები, რომლებიც ადგილობრივ პროდუქციას ქმნიან.
აყველაზე დიდი წილი მომსახურებისა და გაყიდვების სფეროს უჭირავს, ხოლო თანაბარი წილი აქვთ აზარტული თამაშების ბიზნესსა და მწარმოებლებს, ანუ რეალურ სექტორს, რომლის განვითარებაც, ქვეყნის ეკონომიკური გუნდის გაცხადებული პოლიტიკით მთავარი საზრუნავია.
"ოცნების" ხელისუფლების 6 წელში კვლავ არ გაზრდილა წარმოების წილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მთავარი დანაპირები სწორედ ეს იყო. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი კატასტროფად მიიჩნევს ფაქტს, რომ 50 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მხოლოდ 8 არის მწარმოებელი. იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ზუსტად იმდენივეა აზარტული თამაშების კომპანია, რამდენიც რეალური სექტორის წარმომადგენელი.
"ეს მონაცემები არის კატასტროფა ეკონომიკისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ტოპ ათეულში 3 აზარტული თამაშების კომპანიაა და დანარჩენი ყველა იმპორტიორია. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სახე, რითიც უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ, თუ რა აქვს გამოსასწორებელი. ამის შედეგია ლარის გაუფასურებაც და ერთციფრიანი ეკონომიკური ზრდაც. რასაკვირველია, ეს იწვევს უმუშევრობასაც.
გაუგებარია, მუდმივი საუბრის შემდეგ ასეთი ვინ ლობირებს აზარტულ თამაშებს, რომ ეს სფერო რეალური რეგულაციების ქვეშ ვერა და ვერ მოექცა.
მესმის, რომ იმპორტიორიც ასაქმებს ხალხს, მაგრამ წარმოების შემთხვევაში ქვეყანა იღებს ბევრად მეტ დოვლათს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობაზე და მიდის რაღაც გაურკვეველი საუბრები, რომ იმპორტიორის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამ დროს აშშ-შიც კი დღეს შეზღუდვები უწესდებათ იმპორტიორებს, რაც ადგილობრივი წარმოების წახალისებას იწვევს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.
ანალიტიკოსი ასევე აქცენტს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მთავარ ხედვაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი ეკონომიკა მომსახურებისა და თამაშების ბიზნესით არ შენდება.
"ის, რომ ყველაზე დიდ 50 კომპანიას შორის მხოლოდ 8 არის მწარმოებელი, არის სახელმძღვანელო, თუ რაზე უნდა დასვას სახელისუფლების ეკონომიკურმა გუნდა აქცენტი, რა უნდა განავითაროს.
ეკონომიკური ზრდა რომ მთავარი არ არის, ამას ჩვენი უახლოესი ისტორიის გამოცდილებაც მოწმობს. 2006-07 წლებში გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ პარელელურად უმუშევრობა და სიღარიბე იზრდებოდა, რაც ზრდიდა უთანასწორობას. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეიძლება, გაზარდოს პრივატიზაციამ ან უცებ შემოსულმა დიდმა იმპორტმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დადებითი პროცესი მიმდინარეობს. ინდიკატორი უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობა. ამას ვერ მივაღწევთ ვერც იმპორტითა და ვერც ტურიზმით.
ეკონომიკის მინისტრი ამბობდა ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებაში, რომ 3,5 მლრდ დეფიციტს საგარეო ვაჭრობაში თურმე აფინანსებს 2 მლრდ დოლარი, რასაც ტურიზმით ვიღებთ. რეალურად კი 3,5-მილიარდიან დეფიციტში ტურიზმსაც დიდი წილი აქვს. უცხოელი ჩამოდის საქართველოში და ხარჯავს თანხას, ყიდულობს პროდუქციას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში წარმოება ძალიან დაბალ დონეზეა, ეს დახარჯული თანხაც ისევ უცხო ქვეყნებში გაედინება და ეკონომიკურ სიჯანსაღეს არაფერი ემატება. ამაზე უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება", - ამბობს "რეზონანსთან" ჯანიაშვილი.
ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ სამწუხარო რეალობის შესაცვლელეად ქვეყანაში საჭიროა ეკონომიკური აქტივიზაციის უნარის მქონე ახალი პოლიტიკური და მმართველობითი ძალა.
"საქართველოში, რეგისტრირებულია 709 729 ბიზნესსუბიექტი, სადაც აქტიური არის მხოლოდ 184 660, მათ შორის კი 180 437 კერძო პირია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა და გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა. კერძოდ, 2018 წლის ||| კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ შეადგინა 21.8 მლრდ ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.3%-ით მეტია. შესაბამისად, 5.6%-ით გაიზარდა გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი და მიაღწია 10.7 მლრდ ლარს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მოცემულობას ქმნის მსხვილი ბიზნესის 44.3%, საშუალო ბიზნესის - 23.6% და მცირე ბიზნესისას - 32.1%.
სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიის მიერ. მათ შორის ლიდერობს 50 მსხვილი კომპანია ვაჭრობისა და აზარტული თამაშების სფეროდან.
ბუნებრივია, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების პირობებში არასაკმარისია ქვეყნის ეკონომიკის "ჭაპანის მზიდი" ბიზნესსუბიექტების რაოდენობა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში გვაქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, არაჯეროვანი ეკონომიკური აქტივობა, იმპორტული პროდუქციის დომინირება, ფასების ზრდა, უმუშევრობისა და შრომითი უფლებების დაცვის პრობლემები, ვალებისა და ვალდებულებების გასტუმრების გამოწვევები.
ჯამში, აღნიშნული მოცემულობა არის სიგნალი იმ გარემოებისა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური აქტივიზაციის უნარის მქონე ახალი პოლიტიკური და მმართველობითი ძალა", -აცხადებს "რეზონანსთან" აბულაძე.