ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს უკვე მეორედ უწევს ბაზრის მოკვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე წლის წინ დარღვევები ვერ გამოავლინა, ხადურის უწყებაში პირობას იძლევიან, რომ ამჟამინდელ ვითარებას უმოკლეს ვადაში შეისწავლიან. რა ვადა დასჭირდება მოკვლევას და როდის იქნება საბოლოო პასუხი, ამასთან დაკავშირებით სააგენტოში ჯერჯერობით არ საუბრობენ. სპეციალისტები ობიექტურ შედეგს ნაკლებად ელოდებიან და ფიქრობენ, რომ რამდენიმე დღეში პურის გაძვირების პრობლემას ხალხიც და მთავრობაც მიივიწყებს.
კონკრეტულად რა მუშაობა მიდის და საზოგადოებისათვის როდის გახდება შედეგი ცნობილი, არც მთავრობის ადმინისტრაციაში აკონკრეტებენ. ადმინისტრაციაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ შესაბამის ორგანოს დავალება მიეცა და ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით მათ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
საგაზეთო კომენტარზე კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებენ უარს და შემოიფარგლებიან მათ მიერვე გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს და ეს პროცესი, საახალწლო პერიოდის მიუხედავად, შეუფერხებლად გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრს კი მიაჩნია, რომ პურის ბაზარზე არასამართლიანი კონკურენციაა, რის მოსაზრებაც არსებობს.
"შეიძლება, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოში არის საბაზრო ეკონომიკა, თუმცა არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალება არავის ექნება.
კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე საათში დაიწყო, მაგრამ რა პერიოდში დაასრულებს კვლევას ან როგორია მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღება, დიდი მცდელობის მიუხედავად, სააგანტოს მხრიდან შეუძლებელი გახდა.
საგულისხმოა, რომ უწყებამ საწვავის ბაზრის შემდეგ, 2015 წელს მეორე მასშტაბური კვლევა სწორედ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე ჩაატარა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა. კვლევის შედეგად აზერბაიჯანული კომპანია, რომლის მიმართაც ბაზრის ქართული მოთამაშეები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, სააგენტომ "გაამართლა".
ბაზრის თითქმის 1-წლიანი კვლევა მარეგულირებელმა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალაგროს" განცხადების საფუძველზე დაიწყო.
ასოციაცია მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანული კომპანიის "კარატ ჰოლდინგის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა ხდებოდა, რაც კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის საფუძველზე არ დადასტურდა.
ძნელად დასაჯერებელია, რომ საახალწლო პერიოდში ხადურის უწყებამ ბაზრის კვლევა გააგრძელოს. საახალწლოდ ეს პრობლემა ბევრს არ ემახსოვრება და მოსახლეობას გაძვირებული პურის ფასთან შეგუება მოუწევს. პურის შემდეგ კი გაძვირებისათვის სამზადისს შეუდგებიან საცხობები და ისინი პურპროდუქტებს კიდევ ერთხელ გააძვირებენ, რაზეც სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ.
მომხმარებელთა უფლებადამცველი ამირან შენგელია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს პროცესი დაწყებულია.
"რეალურად არის თუ არა დარღვევა, ბაზრის მონიტორინგი დაადასტურებს. მარტო პური კი არა, ნახევარფაბრიკატები და პურპროდუქტებიც გაძვირდა. ჯაჭვური რეაქციასავითაა, როგორც კი პურის ფასი მოიმატებს, სხვა პროდუქტიც მიჰყვება. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ პური მაინც არ გაძვირებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ვერ შეაჩერეს.
ცხადია, კონკურენციის კანონი დაირღვა, აბა, რით უნდა გამართლდეს ფაქტი, რომ ერთ დღეს ყველა ქარხანასა და მეწარმეს ერთბაშად მოუნდა პურის გაძვირება, აშკარად შეთანხმდნენ ფასში, მაგრამ ეს კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადასტუროს, ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია საუბარი.
ახალი წლის წინა დღეებში რა ქნას ხალხმა, ვისაც პური გაუძვირდა?! ფაქტია, რომ პროდუქტის ფასმა მოულოდნელად მოიმატა და მიზეზი უნდა გაირკვეს. წინ ახალი წელია, ხალხს შერჩება ეს გაძვირებული ფასი, საეჭვოა, რომ ობიექტურად გამოიკვლიონ ან ამ პროცესს დროში გაწელავენ. კონკურენციის სააგენტოს უდიდესი რესურსი აქვს და თუ მოინდომებს, ბაზრის მოკვლევას 1 თვეშიც დაასრულებენ", - ამბობს შენგელია.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა თვითონ ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაში ჩაერია და მითითება გასცა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბექა კემულარია ამბობს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიეღო.
"კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა და ვინმეს მითითებებით არ მოქმედებს. როცა ავალებ, რომ რაღაც შეისწავლოს, მინიმუმ, შენს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. სააგენტო საჩივრის საფუძველზე დაიწყებს მოკვლევას ან საკუთარი სურვილით, თუ ხედავს ამის საჭიროებას. საკმაოდ სენსიტიური თემაა, პური მოსახლეობისათვის მტკივნეული, პირველადი მოხმარების პროდუქტია და ამიტომ იყო პრემიერის განცხადება, მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას.
ხორბლის ბაზარი მოსაკვლევი იყო, გაჩნდა ეჭვი და ჩატარდა მოკვლევა, მაგრამ დარღვევა არ გამოვლინდა. კონკრეტულ შემთხვევაში რატომღაც არ ვფიქრობ, რომ კონკურენციის კანონის დარღვევა მომხდარიყო. ხორბლის მწარმოებლებს შორის დარღვევა არ აღმოჩნდა 2 წლის წინ, დღეს ვერ დავადასტურებ, რომ ყველაფერი რიგზეა, რადგან ამის მტკიცებულება არ გაგვაჩნია", - განუცხადა "რეზონანსს" კემულარიამ.