"კახი კალაძეს თავისი გუნდიც ჰყავს და ძალებსაც იკრებს"
ია აბულაშვილი
13.12.2018

 "ფაქტია, რომ ეს სტაგნაცია უნდა შეივალოს, რადგან დღეს სახეზეა ორი წარსული პარტია, უარყოფითი ბიოგრაფიით და ისინი ერთმანეთს ებრძვიან. გამოსავალს როცა ეძებ, ეს არის შანსი, რომელიც შეიძლება, იყოს პარტიის შიგნით ან გარეთ.

"უკვე ვიხილეთ ელისაშვილის მიერ დაარსებული მოძრაობა, ასევე უსუფაშვილი აპირებს რაღაცას. გამორიცხული არ არის, რომ თავად "ოცნებაში" შეიკრას რაღაც ჯგუფები. გამოეყონ ახალგაზრდები, როგორც ეს "მოქალაქეთა კავშირის" დროს მოხდა. მაგრამ მაშინ შევარდნაძე არ გაჰყვა ამ ახალგაზრდა ფრთას და შეცდომა დაუშვა. ივანიშვილი შეიძლება, გაჰყვეს", - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესაძლებლობაზე.

ხმებს იმის თაობაზე, რომ მესამე პოლიტიკური ძალა თავად "ოცნების" წიაღში შეიძლება შეიქმნას, კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, ეს ხმები გაზვიადებულია და არავითარი გაყოფა ან ჯგუფებად დაშლა "ოცნებაში" არ იგეგმება; პირიქით, ერთ გუნდად შეკრულნი აპირებენ, გადაჭრან ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც ამ არჩევნებში საზოგადოებისაგან მიიღეს.

ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობაზე საუბარობენ ექსპერტები. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეს სტაგნაცია უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს.

"ეს არის მოსაზრება და ამის თაობაზე მეც გამომითქვამს ჩემი აზრი, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა და არც ნაბიჯები ჩანს.

"რაც შეეხება "ოცნების" წიაღში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ამის რესურსი "ოცნებაში" არის და თეორიულადაც შესაძლებელია. ეს არის როგორც გეოლოგია, ნავთობს ეძებ იქ, სადაც იცი, რომ შეიძლება, აღმოაჩინო.

"ფაქტია, რომ ეს სტაგნაცია უნდა შეიცვალოს, რადგან დღეს სახეზეა ორი წარსული პარტია უარყოფითი ბიოგრაფიით და ისინი ერთმანეთს ებრძვიან. გამოსავალს როცა ეძებ, ეს არის შანსი, რომელიც შეიძლება, იყოს პარტიის შიგნით ან გარეთ.

"უკვე ვიხილეთ ელისაშვილის მიერ დაარსებული მოძრაობა, ასევე უსუფაშვილი აპირებს რაღაცას. გამორიცხული არ არის, რომ თავად "ოცნებაში" შეიკრას რაღაც ჯგუფები. გამოეყონ ახალგაზრდები, როგორც ეს "მოქალაქეთა კავშირის" დროს მოხდა. მაგრამ მაშინ შევარდნაძე არ გაჰყვა ამ ახალგაზრდა ფრთას და შეცდომა დაუშვა. ივანიშვილი, შეიძლება გაჰყვეს.

"მე პირადად მივესალმები, რომ მესამე პოლიტიკური ძალა შეიქმნას, რადგან თუ ეს არ გაკეთდა, "ოცნება" ჩაიფერფლება თავისივე ნაკვერჩხალში. მათ სჭირდებათ რეფორმები, თუ არა, დაიღუპებიან, გაძლიერდება "ნაციონალური მოძრაობა".

"ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის მოთხოვნა ჩანს საზოგადოებაშიც, რაც მალე შეიქმნება, მით უკეთესი, ვიდრე ქვეყანა ღრმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კრიზისში არ შესულა.

"ვინ შეიძლება მოვიაზროთ მესამე პოლიტიკურ ძალაში, ვერ გეტყვით, თუმცა ვხედავ ძალიან ენერგიულ და ამბიციურ კაცს - კახი კალაძეს. მას თავისი გუნდიც ჰყავს და ძალებსაც იკრებს. პარტიის შიგნითაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება, გაერთიანდნენ. ასე რომ, უამრავი ვარიაცია არსებობს", - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს. ის მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა არა "ოცნების", არამედ საზოგადოების წიაღში უნდა შეიქმნას, რადგან მეტი ნდობა და მხარდაჭერა ექნება.

"ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იქნება ფუჭი გასროლა, რადგან არა მგონია, რომ დიდი ნდობა და მხარდაჭერა ჰქონდეს, თუ ისევ ის ადამიანები იქნებიან მესამე პოლიტიკურ ძალაში გაერთიანებული.

"თუ ვინმეს სურს, რომ რეალურად შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, ის უნდა იყოს საზოგადოების წიაღიდან, ბუნებრივად შექმნილი და არა - ხელოვნურად.

"ისე, როგორც "მოქალაქეთა კავშირის" შემთხვევაში მოხდა, ახალგაზრდა რეფორმატორებს ხელისუფლება ფაქტობრივად რომ გადააბარეს. ხალხს ამნეზია არ სჭირს და ამ ხრიკებს ადვილად გაშიფრავს", - განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×