(რეზონანსი) როგორ გადარჩა ქართული დოკუმენტური ფილმების უნიკალური ფონდი, ამის შესახებ ქართული დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანის" მთავარმა რედაქტორმა ნონა ღამბაშიძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
"1896 წელს პარიზში პირველი ფილმები უჩვენეს და უკვე 1900 წელს თბილისში მამა-შვილმა დიღმელოვებმა (დიღმელაშვილებმა) პირველი კინოაპარატი საქართველოში შემოიტანეს. "აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობამდე" არსებობს პირველი დოკუმენტური სურათი, ეს მეცენატ დავით სარაჯიშვილის დაკრძალვაა, რომელზეც, როგორც ფილმში ჩანს, იმდენ ხალხს მოუყრია თავი, რომ ქუჩაში ლამის ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩა. სხვათა შორის, ამ ფილმში ნიკალა ფიროსმანის სახეა შემონახული. ამხელა პროცესიაში ნიკალა სულ მარტოა. ალბათ, როგორც ცხოვრებაში, მის გვერდით არავინ არის, სევდიანად იცქირება აქეთ-იქით.
ვფიქრობ, ნიკალა იმიტომ დააფიქსირა ოპერატორმა, რომ შეუძლებელია ოპერატორს ნიკალა არ სცნობოდა. ახლა იმაზე, თუ როგორ მივხვდით, რომ ეს ნამდვილად ნიკალაა - რეჟისორი გიორგი მონავარდიშვილი დოკუმენტურ ფილმს იღებდა და დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრების ნახვა მოინდომა, რასაც დანარჩენებიც ვუცქერდით. უცებ ეკრანზე გამოჩნდა პროცესიისგან განცალკევებული კაცი და მაშინვე ჩაბნელებულ დარბაზში ვიღაცამ იყვირა, ნიკალაო! იმ წუთში კი თქვეს, რა ნიკალა, რის ნიკალაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს რეჟისორს გულში ჩარჩა და იმავე დღეს ლადო გუდიაშვილი მოიყვანა. ეს იყო 70-იანი წლები, ლადო იყო ერთადერთი კაცი, რომელიც ნიკალას იცნობდა. რეჟისორმა როგორც კი კადრი ფიროსმანზე შეაჩერა, უეცრად ლადო წამოხტა და იყვირა, ნიკალაო".
