ელზა პაპოშვილი
13.12.2018

 ქვეყანაში თვითმკვლელობის  მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა შესამჩნევი ზრდა უფრო სუიციდის მცდელობის ფაქტებზე შეიმჩნევა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელი განმავლობაში თვითმკვლელობის 365 ფაქტი დაფიქსირდა,  ხოლო სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევა მოხდა. 2018 წელს კი ჯერ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელობის 202 ფაქტი დაფიქსირდა, მცდელობა კი 234 ადამიანს ჰქონდა. 

საინტერესოა ასევე ის გარემოებაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლისგან განსხვავებით, წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით საქმის აღძვრა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება. ანუ ადამიანი ბუნებრივი სიკვდილითაც რომ გარდაიცვალოს, გამოძიება ამ მუხლით იწყება. სწორედ ამიტომაც, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერაა გაზრდილი, რადგანაც სატატისტიკას უწყება ამ მუხლის აღძვრის რაოდენობის მიხედვით ითვლის.

ასევე, ყურადსაღებია სამი დღის წაინ,  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა.  "თინეიჯერების 98%-ს ეზიზღება საკუთარი თავი, დარჩენილ 2%-ს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე. მათ რომ სიცოცხლე და საკუთარი თავი უყვარდეთ (თავს ასე არ იგრძნობენ)", - ამბობს 14-17 წლის გოგოების ფოკუს ჯგუფის მონაწილე ბათუმიდან. 

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლების უმრავლესობა ავტორიტარულ სტილს ირჩევს, რომელიც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იშველიებს.

"თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ბუნდოვანია დასჯის მიზეზი და მიზანი. მშობელი არ ახდენს სწორ კომუნიკაციას შვილთან, რასაც შედეგად არ მოჰყვება მოზარდის ქცევის გამოსწორება", - აღნიშნულია ფონდის დოკუმენტში. 

ფსიქოლოგები საქართველოში წინა წელთან შედარებით სუიციდის გახშირებულ ფაქტებს საგანგებოს უწოდებენ. მათი განცხადებით, თვითმკვლელობის ასაკი ძირითადად ბოლო დროს თინეიჯერებში გახშირდა. თუმცა გამონაკლისები არც ზრდასრული  ასაკის ადამიანები არიან. 

ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითმკვლელობის რიცხვმა იმატა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამ ყველაფერს კომპლექსური სახე აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში გრაფიკულად პაუზა არა არის და ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო სტრესულ გარემოში ცხოვრობს. 

ხიდაშელი აცხადებს, რდომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად საზოგადოებაში დაპირისპირების კოეფიციენტი ბოლო რამდენიმე წელია კიდევ უფრო მძაფრდება. 

ხიდაშელი ფიქრობს, რომ საქართველოში სიძულვილის ენა ჩვენი ცხოვრების თანამდევი გახდა და მოსახლეობა ძირითადად ბულინგითა და  აგრესიით არის  დაკავებული. ფსიქოლოგი მბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ხშირია ასევე თვითმკვლელობამდე ადამიანის მიყვანის ფაქტებიც, რომელიც შეიძლება სრულიად გაუთვითცნობიერებლადაც მოხდეს. 

„არსებობს საზოგადოებაში საკმაოდ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა. ქვეყანაში დააკვირდით, ყველა საკმაოდ აგრესიულია და პატარა განსხვავებული მოსაზრების გამო, შესაძლოა მძიმე ბულინგის და აგრესიის მსხვერპლი გახდეთ. ბოლო 30 წელია ქვეყანაში სტრესული და მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. პოლიტიკურადაც ხშირია  სიძულვილის ენაზე საუბარი. 

ფაქტია, ამ სტატისტიკის მიხედვით ჩვენ უმძიმეს სტრესში ვართ და აქედან ვერაფრით გამოვდივართ. შეიძლება ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდეს, მაგრამ ამხელა სიძულვილში ყოფნის შემთხვევაში, ადამიანს ნორმალური ფსიქიკა ვერ რჩება. 

პოლიტიკამ კი ხალხი ჭკუიდან უფრო შეშალა. ეს არის ადამიანებს შორის ჩვეულებრივი კლასობრივი, რასობრივი, რელიგიური და ყველა ნიადაგზე დაწაყებული დაპირისპირება. ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მძიმე პერიოდს გადის“,-აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, თვითმკვლელობისკენ საქართველოში მიდრეკილება ყველა ასაკში არსებობს. თუმცა ამ ზღვარმა ბოლო დროს კიდევ უფრო დაბლა დაიწია და 12 წლამდე  ჩამოვიდა.  ხიდაშელი აცხადებს, რომ ბავშვი როგორ ოჯახშიც  არ უნდა იზრდებოდეს, მასზე  გარე ფაქტორებიც ზეგავლენას ახდენს. ის შესაძლოა ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი სკოლაში და ქუჩაშიც გახდეს. მისი თქმით, მართალია მშობლებს უჭირთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მათთან კომუნიკაცია, მაგრამ ისინი მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც სუიციდისკენ მიდრეკილების მქონე ბავშვი ყოველთვის იცვლება და ჩაკეტილი ხდება. 

„ბავშვების მშობლებიც 90-იანი წლების თინეიჯერები არიან, რომელთა  ფსიქიკაც არანაკლებ დასტრესილია. ამიტომაც არის ხშირად, რომ შვილების პრობლემების შემჩნევა უჭირთ ხოლმე. თუმცა ძალიან დაკვირვებული მშობელი შვილში შეცვლილ ფსიქიკას ყოველთვის შეამჩნევს. 

მშობლების უმეტესობა თავის საკუთარ პრობლემებს ვერ უმკლავდება, ამიტომაც ზედ შვილის პრობლემების დამატების ნერვები აღარ აქვს. ხშირად ბავშვის სუიციდის შემთხვევაში, მშობლები ამბობენ, რომ მას არაფერი სჭირდა. 

ეს ტყულია, ბავშვში ცვლილებებს როგოც კარგი სკოლის მასწავლებელი, ასევე მშობელიც შეამჩნევს.  დიდი მნიშვნელობა ჩვენს განათლების სისტემასაც ენიჭება. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა იმის გამო ხდება, რომ დიალოგი არ არსებობს.  მნიშვნელოვანი და საგანგაშო ნიშანია, როდესაც ბავშვს ჩვენთან კონტაქტი და დიალოგი არ სურს. როცა ის ჩაკეტილია და რაღაცის დამალვას ცდილობს. მისი გახსნა და მასთან კონტაქტის ფორმა უნდა მოვძებნოთ“,-აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×