სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფი" აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია "ევროინს გრუპის" წევრი გახდა.
"ევროინს საქართველოს" ხელმძღვანელთა განცხადებით, ქართული სადაზღვევო კომპანიის შერწყმა არის "ევროინს გრუპის" განვითარების სტრატეგიის ნაწილი. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად "ევროინს გრუპის" წარმომადგენლები ჯანსაღ ბიზნესგარემოს, ეკონომიკურ ზრდასა და სადაზღვევო სექტორის დინამიკურად განვითარების პროგნოზს ასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოში გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობა და ზედამხედველობის სამსახურის როლი, რომელმაც ოპერატიულად გასცა ნებართვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარიგების წარმატებით დასრულებაში.
შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასასრულებლად 2018 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ეწვივნენ uroins Insurance Group (ENG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი და დირექტორთა საბჭოს წევრი ჩაატაი ულუდაგ, რომელიც პარალელურად "ევროინს ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს შეუერთდება სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე.
"ევროინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორის - თენგიზ მეზურნიშვილის შეფასებით, შერწყმის მიზანია დაზღვევის სერვისის გამარტივება, რათა იგი მოსახლეობის ფართო მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც მომხმარებელს სადაზღვევო სერვისზე წვდომას გაუადვილებს: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ აიტი ტექნოლოგიების დანერგვით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ და გავამარტივოთ სადაზღვევო პოლისის მომსახურება, რათა ადამიანებს შეეძლოთ, გამარტივებული ფორმით და ხშირ შემთხვევაში ონლაინ შეიძინონ სადაზღვევო მომსახურება. შესაბამისად, თვითონ პროდუქტიც შეიცვლება ანუ მინიმიზებული იქნება ის გამონაკლისები, რომელიც ანაზღაურების პროცესს უკავშირდება. აქცენტი გაკეთდება ხარისხზე. იგი ევროპული სტანდარტის შესაბამისი გახდება. ვფიქრობით, რომ ამით საზოგადოების ინტერესი დაზღვევის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება".
სადაზღვევო მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნის დაძლევას კომპანია ახალი სერვისების დანერგვით გეგმავს.
"დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი გამოწვევაა, თუმცა ყველაზე მეტად გვაფიქრებს დაბალი მოთხოვნა სადაზღვევო მომსახურებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამ მხრივ ბევრად უკეთესი ვითარებაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან დაზღვევის კულტურა ახლა ინერგება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად გაზარდოს სადაზღვევო მომსახურება, რითაც დაზღვევა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში", - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
"ევროინს საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სანდრო ჩოჩიამ კომპანიის სტრატეგია შეაფასა: "საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ შემოვიდა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ ევროპაში მოღვაწე წარმატებული სადაზღვევო კომპანია. განხორციელებული ინვესტიცია ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მოხმარდება. მომავალი წლის დასაწყისში უკვე ბაზარზე იქნება დაანონსებული ჯანდაცვის ახალი პროდუქტი, რომლითაც პირველად წარვდგებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ხოლო შემდეგ იგეგმება უკვე სხვადასხვა, ევროპაში აპრობირებული პროდუქტის მორგება საქართველოს ბაზრისთვის. სიახლე იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი კლიენტისთვის და პოტენციური კლიენტებისთვისაც, რომლებიც დაზღვევის განსხვავებულ სერვისებს მიიღებენ".
ნიშა, რითაც ევროპულმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი, კონკრეტულად კი, "აისი ჯგუფი" შეარჩია, ქვეყნის მდიდარი ტრადიციები და დარგში მოღვაწე გუნდის პროფესიონალიზმია. uroins Insurance Group (ENG)-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვმა ქართულ ბაზარზე შემოსვლის საფუძვლად სწორედ ეს არგუმენტი დაასახელა: "საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონულად, ისე გლობალურად. "აი სი ჯგუფის" სახით ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მზადყოფნა ცვლილებისთვის და რაც მთავარია, უნარი, განახორციელოს ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელ რეგიონში. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე, ქვეყანაში დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები განვავითაროთ. ჩვენ შევარჩიეთ საქართველო სწორედ იმისთვის, რომ ვხედავთ აქ სტრატეგიულ პარტნიორს, რაც ჩვენთვის არის წინ გადადგმული ნაბიჯი.
ვხედავთ ასევე, რომ იზრდება მოთხოვნა რიგი ტიპის მომსახურებაზე, სხვადასხვა ნაწარმზე, ახალ ტექნიკურ საშუალებებზე, რათა გაუმჯობესდეს და უფრო უსაფრთხო გახდეს დაზღვევის ბაზარი და სწორედ ამისთვის შემოვედით საქართველოში."
"თავისებური სინერგეტიკა" - ასე უწოდებს შერწყმის პროცესს "ევროინს საქართველოს" უცხოელი პარტნიორი ჩაატაი ულუდაგ, რომელიც დაზღვევის სფეროსადმი საზოგადოების მაღალ ინტერესზე სვამს აქცენტს: "ვხედავ ძალზე სასიკეთო საქმეს, მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც საქართველოში წარმატებას მოგვიტანს. ჩვენ გვაინტერესებდა კომპანიის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე ადგილობრივი ბაზრის რეაგირება. ამ მხრივ გაგვიმართლა, რადგან უკვე ჩანს შედეგი. ამას ადასტურებს საზოგადოების მაღალი ინტერესი, რაც პრეზენტაციაზე გამოიკვეთა. ვხედავთ, რომ ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდა და ჩვენ ამ მოთხოვნებს მოვარგებთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც იქნება თავისებური სინერგეტიკა".
უცხოელი პარტნიორების ინფორმაციით, გარდა უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა, უგკწშტთ შტთგკფტსუ პკწგზ (უტპ) საქართველოში დასავლური გამოცდილებისა და ცოდნის იმპორტსაც განახორციელებს. დაგეგმილია კომპანიის თანაშრომლების როტაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანში "ევროინს ჯგუფში" შემავალ სადაზღვევო კომპანიებში და ტრეინინგ ცენტრებში, ასევე, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც კომპანიას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.
"ევროინს ჯგუფი" ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა.