"თბილისში სხვა მასშტაბებია, როდესაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია ტარდება, თელავში - სხვა. არ ველოდები, რომ თელავში კატასტროფულად დიდი აქცია ჩატარდება. ოპოზიციის ბოლო მიტინგზე თბილისში ითქვა, რომ აქცია ორგანიზებული არ იყო, შემდეგ განაცხადეს, რომ 16 დეკემბრისთვის ორგანიზებული აქციის ჩატარებას აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს მიიყვანენ. თბილისის აქციის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ოპოზიცია დიდი მასშტაბის აქციის ჩატარებას ვერ შეძლებს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
16 დეკემბერს თელავში ახლად არჩეული პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, ამის გასაგებად "რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ კარგი და წარმატებული საარჩევნო კამპანია ჰქონდა და ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა მიიღო, რაც მოულოდნელიც კი იყო, საზოგადოებაში იმის განწყობა არ არის, რომ აქციები ფართომასშტაბიანი და მით უმეტეს პერმანენტული იყოს.
"რეზონანსი": შესაძლოა თუ არა, ოპოზიციის მხრიდან იყოს რაიმე პროვოკაციული ქმედება ან ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა?
ვ.ძ: მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ინაუგურაციის ჩაშლას, აპირებენ მხოლოდ საპროტესტო აქციის გამართვას. პროვოკაციები ასეთ დროს ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ პროვოკაციებს არ უნდა ველოდოთ ამ აქციის ხელმძღვანელების მხრიდან.
არც ის მგონია, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და სხვა მიმართულება მისცენ საპროტესტო აქციას. როდესაც ასეთი ვითარებაა, რაიმე პროვოკაციაზე წასვლა აქციის ხელმძღვანელთა მხრიდან არც გამართლებული იქნება და არც მოსალოდნელი არაა.
შესაძლოა, მცირე მასშტაბის პროვოცირება მოხდეს, მაგრამ ეს იქნება მიტინგთან და არა ინაუგურაციასთან მიმართებით. ამ ეტაპზე იგი პერმანენტულ სახეს არ მიიღებს, რადგან საზოგადოება ასეთი მასშტაბური აქციებისთვის არ არის მზად, მით უმეტეს - პერმანენტულისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს თუ შეუძლებელია, ხვალაც ასე იქნება.
საპროტესტო ტალღა გაზაფხულზე ან თებერვალში შეიძლება გაჩნდეს. მაშინ უნდა შევაფასოთ, ოპოზიცია შეძლებს თუ არა პერმანენტული აქციების გამართვას. იგი ძალიან მასშტაბური უნდა იყოს და ასევე მიზანმიმართული, რომ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წამოვიდეს, რაც ამ ვითარებაში შეუძლებელია. თუკი შეიცვლება პოლიტიკური გარემო, ალბათ შეიცვლება დამოკიდებულებაც.