პარლამენტის ყოფილი დეპუტატის - კობა დავითაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლო გასცდა სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. იჭრება პარლამენტის პრეროგატივაში და ცდილობს მის ჩანაცვლებას. მიმაჩნია, რომ მისი უფლებამოსილება უნდა გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოს, როგორც ეს, მაგალითად, არის აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში" - აცხადებს კობა დავითაშვილი.
ცნობისთვის, არის ასეთი მოსაზრებაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან ისევ თბილისში გადმოვიდეს და პრეზიდენტის სასახლეში დაიდოს ბინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და არ გამორიცხავს, რომ ამ მოსაზრებას პოლიტიკური ელიტა და კონსტიტუციონალისტთა 99% არ გაითვალისწინებს და შეეწინააღმდეგება.
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მოსაზრებას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვარ დამფუძნებელი საკონსტიტუციო სასამართლოსი და ვიყავი მისი პირველი თავმჯდომარე. მაშინაც განიხილებოდა ვარიანტები, ყოფილიყო სპეციალიზებული ორგანო.
"მეორე ვარიანტით, ეს ფუნქცია შეესრულებინა სასამართლოებს, ან უზენაეს სასამართლოს; ზურაბ ჟვანიასთან ერთად გავიტანეთ იდეა, რომ საქართველოში ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლო.
"საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს თავის პოზიცია და არ ვფიქრობ, რომ იგი ორგანიზაციულად, შინაარსობრივად თუ მსოფლმხედველურად გაიგივებული უნდა იყოს პარლამენტთან.
"არც იმას გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების იდეას პოლიტიკური ელიტა და კონსტიტუციონალისტთა 99% არ გაითვალისწინებს და შეეწინააღმდეგება.
"რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისში გადმოტანის საკითხს, ამას ორივე ხელით ვუჭერ მხარს, საკონსტიტუციო სასამართლო არის ცენტრალური ორგანო და ალბათ თბილისში უნდა იყოს, ეს ეკონომიურადაც გამართლებული იქნებოდა. თუმცა პრინციპული საკითხი არ არის, აუცილებლად პრეზიდენტის გამოთავისუფლებულ სასახლეში განთავსდეს" - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.