მარი გოცირიძე
14.12.2018

 პირველად საქართველოში კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ საინვესტიციო ანალიზი გაკეთდა. კვლევის ავტორი "თიბისი კაპიტალია", რომელმაც გადაწყვეტილება ბაზრის მონაწილე კომპანიებისა და ინვესტორების მზარდი მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. კვლევა სექტორის შესახებ რელევანტურ, სანდო და კომპეტენტურ ინფორმაციას იძლევა. შესაბამისად, მისი მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი.

როგორც "თიბისი კაპიტალის" წარმომადგენლებმა საინვესტიციო კვლევის პრეზენტაციისას განაცხადეს, ორგანიზებულ საცალო ვაჭრობას ანუ ბრენდირებულ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 2017 წლის მდგომარეობით, აღნიშნული სექტორის ზომა 7.8 მილიარდი ლარის მოცულობის იყო, საიდანაც ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეებს მხოლოდ 16% ეკავათ.

"თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, აქსპ სექტორი საქართველოში ძალიან მომგებიანია და ზრდა-განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობები, რაც პარტნიორებთან გვაკავშირებს. ესენი არიან საცალო ბაზრის სეგმენტში წარმოდგენილი ლიდერი კომპანიები, რომელთაც ინდუსტრიის ობიექტური ანალიზი გავაცანით. ვფიქრობთ, რომ "თიბისი კაპიტალმა" მნიშვნელოვანი ანალიზი წარმოადგინა. ჩვენ მიერ ძალიან საინტერესო დაკვირვებები არსებობს კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორთან დაკავშირებით. როგორც ანალიზისას გამოიკვეთა, საცალო ბიზნესი ძირითადად თბილისშია თავმოყრილი და ამ მხრივ რეგიონების ათვისება ძალიან საინტერესოდ გვეჩვენება. ალბათ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ანალიზი, როცა რეგიონებში FMCG სექტორის განვითარებაზე ვისაუბრებთ, რისი პოტენციალიც დიდია", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სექტორის ზრდის შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი "თიბისი კაპიტალის" კვლევისა და საბროკერო დეპარტამენტის უფროსმა ნინო ცხადაიამ, რომლის შეფასებითაც, გაცილებით მეტი ანალიზი იქნება ჩასატარებელი თითოეული რეგიონის ჭრილში, რათა პერსპექტივა სწორად განისაზღვროს.

"კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორი არის საკმაოდ პერსპექტიული. დღეს მისი ჯამური მოცულობა არის დაახლოებით 8 მილიარდ ლარამდე. ჩვენი პროგნოზით, სექტორი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 6%-ით შემდეგი 6 წლის განმავლობაში, ხოლო ბაზრის წილი გაორმაგდეს. ორგანიზებული ბაზრის წილი დღეს 16%-ია და 30%-მდე უნდა გაიზარდოს. ჩვენი აზრით, ეს არაორგანიზებული ბაზრის ჩანაცვლების ხარჯზე უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებაა ქვეყანაში, ხალხი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე არ ამცირებს დანახარჯს, რადგან ციკლურობით არ გამოირჩევა და ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია. ჩვენ სექტორი დავყავით 3 ნაწილად, რათა გვეჩვენებინა, რას ხარჯავს მოსახლეობა აქსპ პროდუქციაზე და რა იხარჯება ამ მიმართულებით ტურიზმიდან და ასევე რესტორნებიდანაც. აღმოჩნდა, რომ ტურიზმის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19%-ს შეადგენს. მართალია, FMCG სექტორი რეგიონებში ნაკლებად არის განვითარებული, თუმცა პერსპექტივა დიდია. ბაზრის მოთამაშეებმა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ დემოგრაფიული ანალიზის საფუძველზე, თუ სად უფრო მომგებიანია შესვლა, თუმცა გაცილებით მეტი ანალიზი იქნება ჩასატარებელი თითოეული რეგიონის ჭრილში, რომ პერსპექტივა სწორად განისაზღვროს", - განაცხადა ნინო ცხადაიამ.

საცალო ვაჭრობის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.

მისი შეფასებით, საცალო ვაჭრობის სფეროს ზრდის დინამიკა ზრდადია და აშკარად პოზიტიური, ხოლო ამ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის "თიბისი ბანკი" ძირითადი პარტნიორი ბანკია, შესაბამისად, ბანკისთვის აღნიშნული სექტორი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"თიბისი" მუდმივად სთავაზობს სექტორის მონაწილეებს როგორც მათ მოთხოვნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს, ასევე საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. ამჯერად ჩვენ შევთავაზეთ მათ საცალო ვაჭრობის სექტორის პირველი ქართული კვლევა, რადგან აკლდათ ინდუსტრიის ანალიზი ობიექტური წყაროსგან. ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ დინამიკა ზრდადია და აშკარად პოზიტიური, მაგრამ არ იყო ზუსტი ციფრები, როგორი დინამიკა იყო ზრდის პროცენტებში, რა მომენტები დაფიქსირდა წლების განმავლობაში და რამდენად მომგებიანია. კვლევა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მონაწილეობს იგი სექტორში თუ აპირებს შემოსვლას, საშუალება ექნება, რომ გაეცნოს კვლევის შედეგებს და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. მთავარი გამოწვევაა შესაძლებლობა ზრდისთვის - გაცილებით მეტი პროდუქტისა და კონკურენტუნარიანი ფასის შეთავაზება კლიენტებისთვის. ანალიზმა აჩვენა, რომ 50%-მდე ორგანიზებული ბაზარი თბილისშია, რეგიონებში კი ეს მაჩვენებელი 12%-ს არ აღემატება, რაც სიგნალია ბაზრის მოთამაშეებისთვის, რომ რეგიონების მიმართულებით ბევრად განვითარდეს. გარდა ამისა, სექტორი ძალიან მომგებიანია საქართველოში. ეს შესაძლებლობას აძლევს მათ, მოიზიდონ ინვესტიციები როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთაც რამდენადაც მოგება და ზრდა ორი მთავარი ფაქტორია, რის საფუძველზეც ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს", - აღნიშნა გიორგი თხელიძემ.

საინტერესოა საცალო ბაზრის წამყვანი მოთამაშეების დამოკიდებულება "თიბისი კაპიტალის" კვლევასთან დაკავშირებით და მათი პოზიცია სექტორის საქმიანობასა და შემდგომ განვითარებაზე, რაზეც საკუთარი მოსაზრება გამოთქვა სააქციო საზოგადოება "ნიკორა ტრეიდის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი შეფასებით, "თიბისი ბანკმა" საინტერესო სამუშაო გასწია, რაც არის პირველი მცდელობა, რომ საცალო სავაჭრო სეგმენტის სისტემიზაცია მოხდეს და ტრენდები სწორად გამოიკვეთოს.

"ანალიზის წარმოდგენით "თიბისი კაპიტალმა" უდიდესი სამუშაო გასწია. მართალია, გამოკითხვაში მონაწილეობდა ორგანიზებული ვაჭრობის 16%, მაგრამ რეალურად ამ სეგმენტის წილი 20%-ზე მეტია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ დიდია განვითარების პოტენციალი. მაგალითისთვის, დასავლეთ ევროპაში ორგანიზებული საცალო ვაჭრობის წილი 70-80%-ის ფარგლებშია, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი 50%-მდეა. ბიზნესი ყოველთვის ცდილობს, თავისი ძალისხმევა მიმართოს იქით, სადაც ზრდის პოტენციალია. რაც შეეხება რეგიონებს, ასეთი თავკომბალა წარმომადგენლობა დედაქალაქში განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. გარდა ამისა, აქ გაცილებით მაღალია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, ვიდრე რეგიონებში. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონების განვითარების მიხედვით ტენდენცია ნელ-ნელა შეიცვლება. "ნიკორა ტრეიდის" მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის განმავლობაში გვაქვს 70 ახალი მარკეტი, მათგან 67 უკვე გახსნილია. მომავალ წელსაც მაღაზიების გახსნას დაახლოებით ასეთი ტემპით ვაპირებთ. ვგეგმავთ, რომ ეს მაჩვენებელი რეგიონებთან მიმართებით 50/50-ზე გახდეს", - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

"თიბისი კაპიტალი" "თიბისი ბანკის" შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან "თიბისი კაპიტალი" გახდა "თიბისი ბანკის" კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×