თამარ მუკბანიანი
14.12.2018

 მუნიციპალიტეტები თანხას ვერ ხარჯავენ. კახეთის რეგიონს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 35 მლნ-დან 21 მლნ ლარი გაუხარჯავი დარჩა და მხოლოდ 14 მლნ-ის ათვისება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონები განვითარების დაბალ საფეხურზეა და მთავრობა მუდმივად მათ წინსვლაზე სვამს აქცენტს, ხშირად ბიუჯეტი ვერ სრულდება და წლის ბოლოს თანხა უკან უბრუნდება ცენტრალურ ბიუჯეტს.

წლის დასრულებამდე 2 კვირა და ცენტრალური ბიუჯეტიდან დასახარჯი 1.8 მლრდ ლარია დარჩენილი. ბიუჯეტის შესრულების პრობლემები ძირითადად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანმდევ პრობლემად იქცა. როგორც "რადიო თავისუფლება" აღნიშნავს, 2018 წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 35 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და ამ თანხიდან მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 14 მილიონის ათვისება შეძლეს. დანარჩენი 21 მილიონი ლარი გაუხარჯავი დარჩა.

პრობლემები ყოველწლიურად სხვა რეგიონებსაც აქვთ, თუმცა ეს ინფორმაცია მომდევნო წელს ხდება ხოლმე საჯარო. კახეთის რეგიონის პრობლემასთან დაკავშირებით კი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა ისაუბრა.

რეგიონებში, დაგეგმვისა და შესრულების პრობლემების გარდა, თანხის აუთვისებლობას სისტემური პრობლემები და რაიონებში ტენდერების დროს ნეპოტიზმის მაღალი დონეც განაპირობებს. შედეგად კი გვაქვს დაბალგანვითარებული რეგიონები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თანხით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ პრობლემა ძალიან დიდია, რეგიონებში ყოველწლიურად აუთვისებელი თანხის ოდენობა მატულობს.

"ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემაა და რეგიონებს ასეთი შორი გზა აქვთ გასავლელი, სანამ განვითარების ნორმალურ სტანდარტს მიაღწევენ, უცნაური და ცუდი ფაქტია, რომ საბიუჯეტო თანხის ათვისება ვერ ხერხდება.

ძირითადი ხელის შემშლელი ისევ ყბადაღებული სატენდერო და ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში.

ასევე გასათვალისწინებელია დაბალი კომპეტენცია, რაც რეგიონებში მეტად იჩენს ხოლმე თავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ამიტომ იქ უფრო დიდი ხარვეზებია როგორც კომპანიის, ასევე საჯარო სექტორის მხრიდან. საბოლოო ჯამში კი, სახელმწიფო იღებს აუთვისებელ ხარჯებს, რომლებიც შემდეგ უკან უბრუნდება ბიუჯეტს.

ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რამდენი რამ არის გასაკეთებელი რეგიონებში, რათა გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს. როცა ეს პროცესი ცალსახაა და თანხის ათვისება ვერ ხდება, ეს უკვე სისტემური პრობლემაა.

ამას სჭირდება სახელმწიფო ზედამხედველობა, მით უმეტეს, რომ მუდმივ პრობლემად იქცა თანხის აუთვისებლობა. წესით, ინფრასტრუქტურიდან რეგიონული განვითარების გამოყოფამ ზედამხედველობის ხარისხი უნდა გაზარდოს, თუმცა ამას სჭირდება კომპეტენტური ადამიანების დასაქმება ამ სექტორში და პოლიტიკური ნება", - აცხადებს "რეზონანსთან" კაპანაძე.

ძირითად პრობლემად კვალიფიკაციის ნაკლებობასა და რეგიონებში არსებულ ნეპოტიზმის მაღალ დონეს მიიჩნევს ეკონომისტი, პროფესორი პაატა აროშიძეც.

"რამდენიმე მიმართულებაა პრობლემური, პირველ რიგში, ესაა დაგეგმარება და თანხის "გაბერვა", მეორე კი - კვალიფიკაცია და კომპეტენციის ნაკლებობა. უამრავი მოუგვარებელი საკითხია, რისთვისაც სახელმწიფო თანხას გამოყოფს, თუმცა მაინც გადაუჭრელი რჩება. ძალიან მძიმე რეალობაა იმ ფონზე, როცა ბევრი რამისთვის ქვეყნას აქვს ფული და ამ დროს თანხა, რომელიც არსებობს, ვერ იხარჯება.

ამის გარდა, ტენდერები უკვე ძალიან ხშირად ვერ ტარდება ხან ნეპოტიზმის და ხან ზემოხსენებული კვალიფიკაციის პრობლემის გამო. ეს წლის ბოლოს სამწუხარო ტრადიციად იქცა, რომ საუბარს ვიწყებთ სისტემურ პრობლემაზე, მაგრამ მეორე წელსაც იმავე რეალობაში გვიწევს ყოფნა", - აცხადებს აროშიძე "რეზონანსთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×