რამდენიმე კომპანია შეიძლება საერთოდ გაქრეს
მარიკა გოგოხია
14.12.2018

 ქართული წარმოების ლუდს ბაზარზე პოზიციის შენარჩუნება უჭირს. არ არის გამორიცხული, ბაზარზე სულ 3-4 ადგილობრივი კომპანია დარჩეს. სავარაუდოდ, "აისი" და "ყაზბეგი" ახალი მფლობელის ხელში გადავა, რომელიც შეიძლება "ზედაზენი" აღმოჩნდეს. ასეთი გარიგების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა სპეციალისტებისა და საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისთვის ლუდის ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილია.

მიუხედავად იმისა, რომ ლუდის კომპანია "აისს" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის მხარდაჭერა აქვს, წაგებაზე მუშაობს. როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემები აქვს "ყაზბეგსაც", მაგრამ ხმამაღლა ამას არ აღიარებენ. კარგად თავს ვერც "კასტელი" გრძნობს.

თავის დროზე ლუდის ბაზარს პრობლემა აქციზის გადასახადის ზრდამ შეუქმნა, თუმცა შემდეგ მთავრობა მწარმოებლების მიმართ დათმობაზე წავიდა. აქციზის განაკვეთის სპირტიანობის მიხედვით განსაზღვრამ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, რომ პროდუქტი გაეიაფებინათ, მაგრამ ჩაგდებულ ბიზნესს ამან ვეღარ უშველა.

ამ ეტაპზე ლუდის ბაზარზე ორი ყველაზე მსხვილი და სტაბილური კომპანიაა - "ნატახტარი" და "ზედაზენი". მიუხედავად ამისა, ბაზარს მონოპოლიის საფრთხე არ ემუქრება, რამდენადაც იმპორტული პროდუქტის წილი დიდია და მომხმარებელს ფართო არჩევანის შესაძლებლობა აქვს.

მიზეზის დასახელება, თუ რატომ ვერ ახერხებენ ქართული კომპანიები ბაზარზე დამკვიდრებას, სპეციალისტებისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში მონოპოლიაზე ეჭვის მიტანა ნაკლებადაა შესაძლებელი, რამდენადაც ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის საშუალებით კონკურენცია საკმაოდ დიდია.

"2017 წელს აქციზის განაკვეთი შეიცვალა და მისი ღირებულება ალკოჰოლურობიდან გამომდინარე დადგინდა. ამან კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, რომ ფასის კორექტირება მოეხდინათ, რაც პოზიტიური ფაქტია. მიუხედავად ამისა, პრობლემა ამით ვერ მოგვარდა და ახლა უკვე ლუდის ბაზარზე მსხვილი გარიგება იგეგმება.

რაც შეეხება გამსხვილებას, ზუსტად ვიცი, ეს კომპანიები მრავალმილიონიან წაგებაზე მუშაობენ. სწორედ ამიტომ გახდა ეს გარიგება საჭირო და საკითხი დღის წესრიგში დადგა.

რაც შეეხება უშუალოდ ლუდის ბაზარს, მონოპოლიაზე ეჭვი ყველაზე ნაკლებად შეიძლება მივიტანოთ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმპორტირებული პროდუქცია დიდ კონკურენციაშია ადგილობრივ პროდუქტთან და მაღალი წილი უჭირავს ბაზარზე. პირიქით, ქართულ კომპანიებს კონკურენცია უცხოურ ნაწარმთან უჭირთ. მეორეც, ეს არ არის ისეთი პროდუქცია, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებენ, ამ თვალსაზრისით, მომხმარებელს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს და ამას მწარმოებლებიც ითვალისწინებენ.

ეს არის წმინდა ბიზნესური გარიგება. თუ რატომ ვერ გაამართლა და რატომ ვერ მოახერხეს დამკვიდრება ბაზარზე ძველმა თუ ახალმა კომპანიებმა, ამას სერიოზული კვლევა სჭირდება. რატომ დათმეს პოზიცია, ამის თქმა ჩემი მხრიდან გაუმართლებლად მიმაჩნია", - განუცხადა ბაირახტარმა "რეზონანსს" და დასძინა, რომ ეს პრობლემა შეიმჩნევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც და ამ მხრივ საქართველო არ არის გამონაკლისი.

"მსოფლიო მაგალითებს თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრ ქვეყანას უწევს პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება. მათაც კი სჭირდებათ საკუთარი წარმოების დაცვა იმპორტისგან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. რეალურად თუ შევხედავთ, გარკვეული რისკი არსებობს, რომ იმპორტულმა პროდუქციამ დაჩაგროს ადგილობრივი, თუნდაც გამიზნულად", - ამბობს ბაირახტარი.

ქართული ბაზრის მთავარი პრობლემა პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კლებაა. ასე ფიქრობს "ახალი ეკონომიკური სკოლის" წარმომადგენელი გია ჯანდიერი, რომლის ვარაუდითაც, ბიზნესს კიდევ გაუჭირდება, თუკი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დონე არ აიწევს.

"მოსახლეობაში ლუდის მოხმარება, სტატისტიკურად, შემცირებულია. თავის დროზე აქციზის განაკვეთის ზრდამ ლუდის ბიზნესს პრობლემა შეუქმნა. წესით, ყველა ბიზნესს ექმნება პრობლემა, როცა ეკონომიკა წინ არ მიდის.

ხალხს რეალური ფული შეუმცირდა და მოხმარებას ამცირებს, რაც შექმნილ ვითარებაში ლოგიკურია. ასეთ სიტუაციაში ვერც კომპანიები აწევენ ფასს, რადგან მოთხოვნა კიდევ დაიკლებს. მთავარია, ხალხი გადახდისუნარიანი გახდეს, რაც გაყიდვასაც დაეტყობა. ამ ბიზნესს დღეს სხვა ვერაფერი უშველის", - ამბობს ჯანდიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×