"დღეს, კონკურენციის სააგენტო საბანკო სექტორის მიმართ, ფაქტობრივად, უუფლებოა და ეს უნდა გამოსწორდეს"
თამარ მუკბანიანი
14.12.2018

 კანონი, კონკურენციის შესახებ საფინანსო სექტორზე, მათ შორის ბანკებზეც გავრცელდება. ეროვნული ბანკი, კანონში ცვლილების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სექტორს, უკვე ჰყავს თავისი მარეგულირებელი, ცენტრალური ბანკის სახით. სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფორმალურად ის მართლაც არსებობს, თუმცა ის არაფრის მაქნისია. 

ხადურის უწყების უფლებამოსილების ზრდას „კონკურენციის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კონკურენციის სააგენტოს მარეგულირებელი კომისიების მსგავსად, საბჭო უხელმძღვანელებს და გაიზრდება უწყების ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე. 

საფინანსო სექტორზე, კანონის გავრცელების წინააღმდეგია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე თვლის, რომ საფინანსო სექტორს უკვე ჰყავს რეგულატორი, რომელიც კონკურენციის საკითხებსაც აგვარებს.

„საფინანსო სექტორში კონკურენციის საკითხებს არეგულირებს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და ვფიქრობ, არ უნდა გავრცელდეს. ერთადერთი რეგულატორი უნდა ჰყავდეს და ჰყავს საფინანასო სექტორს. ეს არის ეროვნული ბანკი“, - აცხადებს გვენეტაძე. 

მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორის ნამდვილად ჰყავს ზედამხედველი სებ-ის სახით, კითხები ამ კუთხით მუდმივად ჩნდება. წლიდან წლამდე ფართოვდება ბანკების არაპროფილური ბიზნესების ჩამონათვალიც. ბოლოს ბანკების მიმართ ბრალდებები სადაზღვევო სექტორმა გამოთქვა და მთავრობას, პარლამენტს და ეროვნულ ბანკს ბანკების ექსპანიის შეჩერება მოსთხოვა. 

ამიტომ ფინანსისტი, ლია ელიავა მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტოს უნდა ჰქონდეს საშუალება, გააკონტროლოს არა მხოლოდ საფინანსო, არამედ ყველა სექტორში და დარგი ქვეყნაში.  

"დღეს, კონკურენციის სააგენტო საბანკო სექტორის მიმართ, ფაქტობრივად, უუფლებოა. ეს იმ ფონზე, როცა სხვა სფეროების მიმართ რომლებსაც ასევე ჰყავთ საკუთარი მარეგულირებელი, ეს ნორმა არ არის გამოყენებული. 

რამდენიმე დღის წინ სადაზღვევო კომპანიებმა გამოთქვეს პრეტენზია, სწორედ კონკურენციის საკითხის დარღვევასთან დაკავშირებით ბანკების მხრიდან. მიმაჩნია, რომ საბანკო სექტორი არის ეკონომიკის ისეთივე სექტორი როგორ სხვა ყველა დანარჩენი და ისინი თანაბრად უნდა რეგულირდებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან.  

არგუმენტი, რომ საბანკო სექტორს ჰყავს უკვე მარეგულირებელი, არასწორია მაშინ, როცა სხვა მარეგულირებლის მქონე დარგები, კონკურენციის სააგენტოს წესების ქვეშ ექცევიან. კონკურენციის სააგენტოს უნდა ჰქონდეს საშუალება, გააკონტროლოს არა მხოლოდ საფინანსო სექტორი, არამედ ყველა სფერო. 

ეროვნული ბანკის ასეთი თავგამოდება და საბანკო სექტორის დამატებითი ჩერევისგან დაცვა, სრულიად ლოგიკურია, რადგან ეს სფერო ოლიგოპოლიზებულია და თუ ახალი რეგულაცია შეეხებათ, მაშინ აუცილებელი გახდება ამ დიდი ოლიგოპოლიის დაშლა და მათი აქტივების შემცირება, რასაც ცენტრალური ბანკი არ დაეთანხმება. რადგან ის თავად აფარებს ხელს, ესე იგი გამოდის თავისი ვიწრო ინტერესებიდან. 

დღეს, ეროვნულ ბანკს  გააჩნია აბსოლუტური ძალაუფელბა საბანკო სექტორზე, მას შეუძლია ყველა ღონისძიება მიიღოს მონაწილეთა მიმართ, თუმცა ეს აბსოლიტური ძალაუფლება ქვეყნის სასიკეთოდ არ არის გამოყენებული“, - აცხადებს "რეზონანსთან" ელიავა. 

ფინანსურ სექტორში, კონკურენციის სააგენტოს ჩარევა, არამიზანშეწონილად მიაჩნია, ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას, თუმცა იქვე ამბობს. რომ დღეს, ეროვნული ბანკი ამ მხრივ არასაკმარისად მუშაობს და ყველა შემთხვევაში ატარებს კომერციული ბანკების ინტერესს.  

"საფინანსო სექტორს ნამდვილად ჰყავს თავისი მარეგულირებელი, ასე რომ ფორმალურად, ეს განცხადება ნამდვილად სწორია, მაგრამ მთავარია რამდენად ეფექტური და ხარისხიანია ცენტრალური ბანკის მმართველობა. აქ, მე პირადადაც მაქვს უამრავი შენიშვნა. კონკურენცია, საერთოდ არ არსებობს ამ ბაზარზე, ძირითადად ხდება ყველა საფინანსო სექტორის მოთამაშის გვერდზე გადადება იმისათვის, რომ ბანკებმა იხეირონ. 

მთავარი რეგულატორი, ძალიან ხშირად მიდის დათმობებზე კომერციული ბანკების ინტერსების დასაკმაყოფილებლად.

საბანო სექტორის დარეგულირების გარშე შუეძლებელია განვითარედეს ბიზნესი და შესაბამისად, ვერც დასაქმებული გვეყოლება იმდენი და ვერც ეკონომიკური დოვლათი შეიქმნება. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკიც სხვანიარად უნდა მუშაობდეს და აჩენდეს ახალ შესაძლებლობებს. დღეს კი წლობით არის შენარჩუნებული ერთი და იგივე სტატუს-კვო", - განუცხადა "რეზონანსს" ჭარაიამ. 

მისივე თქმით, საბანკო სექტორი დღეს ქვეყნაში იმდენად მძლლავრია, რომ შეუძლებელია მისი რეგულირება მხოლოდ ერთმა ინსტიტუციამ შეძლოს. 

"საგულისხმოა ისიც, რომ კონკურენციის სააგენტოს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება აქვს და ჯარიმის მიზანშეწონილობას და ოდენობას საბოლოოდ სასამართლო ადგენს. ამის კარგი მაგალითია, სააგენტოს მიერ 50 მილიონით დაჯარიმებული ნავთობიმპორტიორები, სადაც სასამართლომ 50-დან მხოლოდ 5 მლნ დაუტოვა ჯარიმად და ახლა იმასაც კი არ იხდიან. ჩნდება ბუნებრივი კითხვა, თუ იმპორტიორებთან ვერაფერს გახდა, როგორ დაარეგულირებს კონკურენციის სააგენტო გაცილებით უფრო ძლიერ საბანკო სექტორს? ამას სჭირდება, სახელმწიფო დონეზე პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის აქტიური ჩარევა, რომ ბოლომდე მიიყავნონ ხოლმე დაწყებულის საქმე, თორემ ფორმალურად არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება რეგულატორი", -აცხადებს ჭარაია "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×