მსახიობის და მწერალის, გივი სიხარულიძის განცხადებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გმირთა მოედანზე და მთაწმინდის პანთეონში ფარულად მისვლა მისთვის სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, პირიქით, საქართველოს მოსახლეობისთვის საამაყო უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ ადგილებში მივიდა და წინაპართა საფლავები გვირგვინით შეამკო.
„ფარულად რა, ვერ გავიგე პარტიზანია თუ ვინ არის. პირიქით, მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მივიდა პრეზიდენტი. საამაყო უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი მივიდა, შეამკო გვირგვინით ყველა ის ადგილი, სადაც მისასვლელია ყველა ქართველისთვის და ვერაფრით ვერ გავიგე რა არის ეს, რას გულისხმობს ასე ჩუმად მიპარვით, გამოპარვით, ვერაფრით ვერ ვიგებ, არ მესმის. ჩემთვის სრულიად გამაოგნებელი ფაქტია,“ - განაცხადა გივი სიხარულიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მან საქართველოს არჩეულ პრეზიდენტის უსურვა, რომ ისეთი პრეზიდენტი ყოფილიყოს, როგორიც საქართველოს მოსახლეობას გამოადგება.
„ვუსურვებდი რომ იყოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ქართველ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, უბრალო ხალხს გამოადგება და არა ვიღაც გაფეტიშებულ, გათახსირებულ ძალით ინტელიგენციას,“ - განაცხადა გივი სიხარულიძემ.