უკრაინაში დიდი ზეიმია. ისტორიული საეკლესიო კრება შედგა. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური აირჩიეს - 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სტამბულში უკვე დაპატიჟა, სადაც 6 იანვარს გადასცემს კიდეც ავტოკეფალიის ტომოსს და მართლმადიდებელ ოჯახში კიდევ ერთი ავტოკეფალური ეკლესია გაჩნდება.
უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართა. კრებას 192 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ტაძრის გარეთ მოედანზე კი ისტორიულ კრების ათასობით უკრაინელი გულშემატკივრობდა.
საეკლესიო კრებაზე შეკრებილმა მღვდელმთავრებმა ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად აირჩიეს პერეიასლავისა და ბელოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე (ერისკაცობაში სერგეი დუმენკო), რომელიც იქამდე არაკანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.
ის 39 წლისაა და კიევის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების აკადემიის რექტორი და ბიბლიური და ფილოლოგიური კათედრის პროფესორია.
უკრაინის ეკლესიის მეთაურის არჩევა ტაძრის წინ, მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამცნო.
„ეს დღე შევა ისტორიაში, როგორც წმინდა დღე უკრაინის ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნისა. დღე, როდესაც საბოლოოდ მივიღეთ დამოუკიდებლობა რუსეთისაგან“, – მიმართა პოროშენკომ შეკრებილებს.
პოროშენკოსთვის, რომელიც 2019 წელს კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინის ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა.
დღეიდან, უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურის ტიტულია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე. ახალი, გაერთიანებული უკრანული ეკლესიის მეთაურის რანგში პირველი წირვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ 16 დეკემბერს აღავლინა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის მეთაურად არჩევა ტელეფონით იმავე საღამოს მიულოცა და სტამბოლში მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, სწორედ 6 იანვარს უნდა ჩავიდეს მეთაურად ახლად არჩეული ეპიფანე სტამბულში, სადაც ბართლომეოსი მას ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს, რაც იქნება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დამაგვირგვინებელი პროცედურა.
საეკლესიო კრება წმინდა სოფიას ტაძარში 15 დეკემბრის დილით დაიწყო. განსახილველი საკითხები წინასწარვე იყო ცნობილი - უკრაინის ერთიანი ეკლესიის შექმნა, მისი დებულების დამტკიცება და წინამძღოლის არჩევა.
უკრაინული მედიის ცნობით, საერთო ჯამში კრებაში მონაწილეობდა 192 ადამიანი - 64 ეპისკოპოსი, 64 მღვდელი და 64 ერისკაცი.
მანამდე უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებდა: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო, რომლის წინამძღოლი იყო ფილარეტი; უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი იყო მაკარი და ასევე რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - მოსკოვის საპატრიარქო, რომლის წიმანძღოლიც გახლავთ ონუფრი.
პირველი ორი ეკლესიის მღვდელმთავრები კრებაზე პრაქტიკულად სრული შემადგენლობით მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიიდან კი კრებას რამდენიმე ეპისკოპოსი დაესწრო.
რუსეთის ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და მიიჩნევს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა. რუსეთის პატრიარქმა კირილემ კრების წინ მიმართვები დაუგზავნა რომის პაპ ფრანცისკეს, კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე რიგ ქვეყნებს, სადაც კირილე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
ცნობისათვის, კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურები 11 ოქტომბერს დაიწყო. მსოფლიო პატრიარქმა კანონიკურ სტატუსში დააბრუნა კიევის პატრიარქი ფილარეტი, ასევე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი მაკარი და დაანონსა, რომ ამ ეკლესიების გაერთიანების და ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭებოდა. რუსეთის ეკლესიამ ამ გადაწყვეტილების გამო 15 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და კონსტანტინოპოლი მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა.