ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ახლად არჩეულ პრეზიდენტს მმართველ გუნდთან მსჯელობა მოუწევს, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება. ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, მოქმედი კანონმდებლობით, ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის. ახალი კანდიდატურის წარდგენა კი დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს.
როგორც "მთელ კვირასთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი არ იცვლება, პრეზიდენტს აქვს უფლება, პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, თუმცა ერთპიროვნულად ვერ აირჩევს. ამ საკითხის ფორმირებაში მონაწილეობენ პრეზიდენტი და პარლამენტი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არანაირი გაუგებრობა არ იქნება და ხელოვნურად ბარიერების შექმნას არავინ აპირებს.
"პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია და, რა თქმა უნდა, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებთი შედგება კონსულტაციები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ეს არის ორივე ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე არანაირი გაუგებრობა არ იქნება და არც ხელოვნურად არავინ აპირებს, პრობლემები შექმნას.
"დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის ეს საკითხი პირველი გამოცდაა, იქნება თუ არა იგი დამოუკიდებელი და სამართლიანი.
"სწორედ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი იქნება პირველი გამოცდა სალომე ზურაბიშვილისთვის, ის ლაკმუსი, რომელიც განსაზღვრავს, არის ახლად არჩეული პრეზიდენტი მართლაც დამოუკიდებელი თუ მმართველ გუნდზეა "ჩამოკიდებული".
"მესმის, ძნელია, დაშორდე ადამიანს, რომელმაც ყოველი მხრიდან აგაცილა დარტყმები, რომ პრეზიდენტის სავარძლის მფლობელი გამხდარიყავი, მაგრამ მე მას ვურჩევდი, რომ ახალი კანდიდატურის შერჩევისას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ოპოზიციას, რომელიც დანებებას არ აპირებს, ამ საკითხზეც ექნება რეაქცია.
"მოსახლეობაშიც უნდა გაჩნდეს ნდობა იმ ლამაზი ფრაზეოლოგიის მიმართ, რომელიც ზურაბიშვილმა ინაუგურაციის დღეს წარმოთქვა. მთავარია, რა რეაქცია ექნება თავად "ოცნებას" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატთან მიმართებით", - განაცხადა "მთელ კვირასთან" სოსო ცისკარიშვილმა.