თამარ შუკვანი
17.12.2018

 "შესთავაზეს ალერნატიული მარშრუტი და ტრანსპორტი იმისათვის, რომ თელავში მისულიყვნენ. ოპოზიცია თავიდანვე იმისთვის იყო მზად, რომ ერთგვარი აჟიოტაჟი და ისეთი განცდა შეექმნა, თითქოს თელავში ჩასვლის საშუალებასა და გამოხატვის თავისუფლებას არ აძლევდნენ," - ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ამის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა გურჯაანში პოლიციას გზა ბლოკირებული ჰქონდა და თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის მხარდამჭერები სამართალდამცველებმა არ გაატარეს, რის შემდეგაც დღის განმავლობაში ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ზაალ ანჯაფარიძე: ავტობუსებითა და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვა ერთგვარი თავის დაზღვევის მიზნით იყო გამოწვეული. კარგად იციან ამ პოლიტიკური ძალის ხელწერა - მათი მიზანი არ იყო, როგორც თავად ამბობენ, ნახევარი საათით მიტინგზე ჩასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. მაღალი ალბათობით, მიზანი ინაუგურაციისთვის რაღაცნაირად ხელის შეშლა იყო და ისეთი განწყობის შექმნა, რომ საზეიმო ღონისძიებას ჩრდილი მისდგომოდა და არ ჩატარებულიყო ისე, როგორც ჩატარდა.

ხელისუფლებამ, რომელიც ალბათ ვარაუდობდა, რომ ასე მოხდებოდა, გადაწყვიტა, თავი დაეზღვია და დამატებითი კორდონები დაედგა. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა პოლიტიკური პარტიის მიერ.

"მთელი კვირა": თქვენი აზრით, რა იქნება გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი?

ზ.ა.: დღეს ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლებისგან მაქსიმუმი მოითხოვოს, რათა მიიღოს მინიმუმი. ეს მაქსიმუმი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ა.შ. მაგრამ, დიდი ალბათობით, ამას ხელისუფლება არ დათანხმდება და ყველაფერი დავა მოლაპარაკებაზე - საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასა და 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე.

მსხვილი პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ჩამოყალიბებული ელექტორალური რესურსი აქვთ, არ პედალირებენ და აქტიურად არ მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მაგალითად, "ევროპული საქართველო", რომელმაც მესამე შედეგი აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ისინი არ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ისინი ითხოვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლას და სურთ, კონსტიტუციურ ვადაში მივიდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, "ნაციონალური მოძრაობაა". ისინი ამის მიღწევას ასეთი ძალისმიერი აქციებითა და მიტინგებით ცდილობენ, მაგრამ ეს მიტინგები მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი არ არის. მათ უკვე უჭირთ ბევრი ხალხის მობილიზება.

რამდენიმე ხნის განმავლობაში ისინი მაინც მიტინგებით შეეცდებიან, ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინონ და შემდეგ ყველაფერი მივა იქამდე, რომ დაიწყება მოლაპარაკება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე 2020 წლისთვის.

"ნაცმოძრაობას" დღეს კრიტიკული მასის მობილიზების რესურსი უკვე აღარ აქვს, მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. თუნდაც იმ რადიკალური დღის წესრიგიდან, რომელსაც ისინი მისდევენ და მათ მომხრეებშივე არ არის მაინცდამაინც მიმზიდველი და პოპულარული.

"მ.კ.": მათი მხრიდან რევოლუციური სცენარი რამდენად არის მოსალოდნელი?

ზ.ა.: რევოლუციური სცენარი ყოველთვის იქნება მათი ერთ-ერთი მიზანი მანამ, სანამ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. მათი ელექტორალური რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სააკაშვილიდან მოდის. "ნაცმოძრაობაში" არ არიან ახლა ისეთი ქარიზმატული ლიდერები, რომელთაც პარტიისათვის ბევრი ხმის მოტანა შეუძლიათ.

შეიძლება გრიგოლ ვაშაძე იყოს ვიღაცისთვის სიმპათიური პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ მას არ აქვს ის ქარიზმა და ელექტორალური რესურსი, რაც სააკაშვილს. სანამ სააკაშვილი მართავს პოლიტიკურ პროცესებს და მისი ფინანსური რესურსებით სულდგმულობს "ნაციონალური მოძრაობა", მუდმივად მოსალოდნელი იქნება რევოლუციური სცენარი.

სააკაშვილიც უნდა დარწმუნდეს, რომ ხალხში რევოლუციური განწყობა არ არის; დასავლეთში შეიძლება არ უნდოდეთ მორიგი რევოლუცია საქართველოში, რადგან ეს რევოლუცია, შესაძლოა, არ დამთავრდეს ისე, როგორც 2003 წელს დამთავრდა.

"ნაციონალური მოძრაობა", თუ მათ საღი აზრი შერჩათ, მივა იმ დასკვნამდე, რომ სჯობს, მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვიდრე საზოგადოებაში გააჩინონ იმის განცდა, რომ ეს არის აშკარად მარგინალური პოლიტიკური ძალა და ის მხარდაჭერაც დაკარგონ, რაც მათ მიიღეს ბოლო არჩევნების დროს.

"მ.კ.": თქვენ პირადად რა მოლოდინი გაქვთ, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?

ზ.ა.: უნდა დავაკვირდეთ მის ქმედებას პრეზიდენტის თანამდებობაზე. გააჩნია, რა საკითხებს წამოსწევს წინ, თუნდაც მისი შეზღუდული უფლებამოსილებიდან გამომდინარე. რა პრობლემებზე გააკეთებს პედალირებას, როგორ გამოიყენებს საერთაშორისო კავშირებს და როგორი იქნება მისი პოზიცია რუსეთთან მიმართებით - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ისიც მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკას, რასაც ამჟამად "ქართული ოცნება" ადგას რუსეთთან მიმართებით, თუ, როგორც პრეზიდენტი, იქნება მომხრე იმისა, რომ საქართველომ უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის გართულების რისკის ფასად.

"მ.კ.": როგორ ურთიერთობას ელოდებით მმართველ გუნდსა და სალომე ზურაბიშვილს შორის? იქნება თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, რამაც, შესაძლოა, მათ შორის დაძაბულობა წარმოქმნას. გავიხსენოთ მარგველაშვილისა და "ქართული ოცნების" ურთიერთობა.

ზ.ა.: მმართველი გუნდი და სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ყველა საკითხზე ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ და იყოს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ თემებსა და საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ გააჩნია, ისინი როგორ მოიქცევიან. სალომე ზურაბიშვილი მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა მარგველაშვილი თუ შეეცდება, ყველაფერი მოაგვაროს დახურულ კარს მიღმა და უთანხმოება არ გადმოიღვაროს გარეთ, როგორც ეს ხდებოდა მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს.

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ დიდ ვალშია მმართველ პარტიასთან მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა - "შენ არ ხარ მმართველ პარტიასთან ვალში". ვფიქრობ, თავადაც კარგად იცის, რომ საკმაოდ დიდ ვალშია. დიდი ძალისხმევა დაუჯდა მმართველ პარტიასა და ივანიშვილსაც მისი გაპრეზიდენტება. ამიტომაც ის პირველ ეტაპზე მაინც შეეცდება, რომ რაღაცნაირად არ გაართულოს ურთიერთობა მმართველ პარტიასთან, თუკი ფუნდამენტურ საკითხებზე ფუნდამენტური აზრთა სხვადასხვაობა არ წარმოიშვა მასა და "ქართულ ოცნებას" შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×