თამარ შუკვანი
17.12.2018

 „გენერალური მდივანი უბრალოდ, ჩვეულებრივი ვიზიტით, მოსანახულებლად არ დადის-ხოლმე, განსაკუთრებით პარტიულ ქვეყნებში. ეს უდაოდ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, გაძლიერებაა იმ ერთობლივი მოქმედებისა, რომელსაც ნატო და საქართველო ახორციელებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით, თავდაცვის სისტემის რეფორმით და ა.შ." - აღნიშნავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს 2019 წელს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების გახსნას დაესწრება. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ავრცელებს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან განსაკუთრებული ფორმატით შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტზე იყო ყურადღება გამახვილებული. უპრეცედენტო დეკლარაცია იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე გვქონდა ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი, სადაც შეჯამდა ყველა ეს მიღწეული შედეგი და დაისახა მომავალი წლის გეგმები.

„გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება ნატო-ს მხრიდან, ველით ნატო-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ველით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს ნატო-ს ჩართულობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მენაღარიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას 12 დეკემბერს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატუარაის საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას უფრო მიუახლოვდება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ მის ჩამოსვლას რაღაც სიახლე მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ აპატურაი გახლდათ თბილისში, ვიცით მისი შეფასებები და ეს, პრაქტიკულად, გენერალური მდივნის მოსამზადებელი იყო. საქართველოში გენერალური მდივნის ვიზიტი აღარ არის რაიმე სიახლე და უცხო ხილი, მაგრამ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და იმედია ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

„ამ ვიზიტს რუსეთის მხრიდან რაიმე რეაქცია, რა თქმა უნდა, მოყვება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რუსეთს ყველაფერი აინტერესებს, ჩვენი უბრალო განცხადებაც კი ნატო-სთან დაახლოებისაკენ, ევროატლანტიკური სტრატეგიის რეალიზაციის შესახებ. ეს იმათი პრობლემაა. საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი, რომლის რეალიზაციაზეც მუშოაბს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×