"არჩევნები შედგა და ოპოზიციამ დამარცხება უნდა აღიაროს, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა და მეტი არაფერი" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რ": საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, დღესაც გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს იწყებს. თქვენი აზრით, აქვს ოპოზიციას იმის რესურსი, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.
იგორ კვესელავა: რაც ინაუგურაციის დღეს მოხდა ოპოზიციის მხრიდან, არის სამარცხვინო. ქვეყანა თავის ისტორიაში პირველად ირჩევს ქალ პრეზიდენტს, უამრავი სტუმარია ჩამოსული უცხოეთიდან და ოპოზიციამ ასეთ სანახაობა მოაწყო. სალომე ზურაბიშვილი როგორი პრეზიდენტი იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა სულ რაღაც 100 დღის შემდეგ პირველი შეფასებების გაკეთების საშუალება გვექნება. მაგრამ ერეკლეს სასახლეში გამართულ იმ უბრალო, მაგრამ შინაარსიან ღონისძიებაზე, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა საზოგადოებას.
"რ": რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს?
ი.კ: იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა მოწინააღმდეგეს 20%-იანი სხვაობით მოუგო, არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენება უსაფუძვლოა, არჩევნები შედგა და ოპოზიციამ დამარცხება უნდა აღიაროს. ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, არის ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა, ისინი აშკარა პროვოკაციაზე, სახელმწიფო გადარიალებისკენ მიდიან. მათი ლიდერი კი აცხადებს, რომ მშვიდობიანად დავამხობთ ამ ხელისუფლებასო, მაგრამ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ყველა დამხობა არის ძალადობრივი გზით.
"რ": ოპოზიციის განცხადებით, ისინი იმ 800 ათასი ამომრჩევლის ხმას იცავენ, რომლებმაც მათ ნდობა გამოუცხადეს, ხელისუფლებამ კი არჩევნები გააყალბაო.
ი.კ: მილიონზე მეტი ხმა მისცა ქართველმა ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილის, მაშინ ამ ხალხმა რა უნდა ქნას, ისინიც ქუჩაში გამოვიდნენ? მე ვფიქრობ, რომ მართლაც უნდა დადგინდეს საიდან მიიღო ოპოზიციამ ამდენი ხმა, ვინ დებს იმ თანხებს მათი მოძრაობისთვის, რა მატერიალური შესაძლებელობები აქვთ? ვეთანხმები შს მინისტრის განცხადებასაც, რომ არჩევნები დამთავრდა და ქვეყანაში წესრიგი უნდა დამყარდეს. ჩემი აზრით, ყველა, ვინც კანონს არღვევს, დეპუტატი იქნება თუ სხვა მაღალჩინოსანი, ყველა უნდა დაისაჯოს. თუ ქვეყანაში წესრიგი არ დამყარდა და ხელისუფლება ისევ უაზრო კოჰაბიტაციაში შევიდა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, არც 2020 და არც 2027 წელს.
"რ": გაერთიანებული ოპოზიციის აქციებში მონაწილოებას არ იღებენ ის პარტიები, რომლებმაც თავიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს, ფიქრობთ, რომ მათი ერთობა კვლავ ძალაში დარჩება?
ი.კ: ჩემი აზრით, ეს არის მსუბუქი ჟანრის ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ სარგებელს ეძებს და როგორც კი დაინახეს რომ არჩევნები წააგეს, სოროებში შეძვრნენ. მათი ერთობიდან არა მგონი რამე გამოვიდეს, ეს გამორიცხულია. "ნაციონალურ მოძრაობას" ნდობა აღარ აქვს საზოგადოებაში, ისინი დღეს მხოლოდ თავისი ელექტორატის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, იჯდება ცოტახანს ამ აქციებზე და მერე დაიშლებიან. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", კი ჰგონია რომ მესამე ძალაა, მაგრამ ეს ასე არ არის, მესამე ძალა მართლაც გაჩნდება ქვეყანაში, ეროვნულ-პატრიოტული ძალა, რომელიც მოძრაობას დაიწყებს საქართველოსთვის და არა საკუთარი ჯიბისთვის.