ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება. მოქმედი კანომდებლობით ახალი თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივაა. როგორც კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, პრეზიდენტს აქვს უფლება პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატი, თუმცა ერთპიროვნულად ვერ აირჩევს, რადგან ამ საკითხის ფორმირებაში მონაწილეობს როგორც პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი. ექსპერტთა აზრით, სწორედ ამ საკითხზე მოუწევს სალომე ზურაბიშვილს პირველი მსჯელობა მმართველ გუნდთან და ეს იქნება პირველი გამოცდა არის თუ არა ის დამოუკიდებელი პრეზიდენტი.
როგორც "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ განაცხადა, გამოცდისთვის ძალიან ადრეა, რადგან ინაუგურაციიდან ერთი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ ახალი პრეზიდენტის პირველი ნაბიჯების შეფასების საშუალება მოგვეცეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა კარტ ბლანში მისცა სალომე ზურაბიშვილს იმოქმედოს თავის შეხედულებების მიხედვით, არა მგონია, რომ ინაუგურაციიდან ორ კვირაში იგი კონფლიქტში შევიდეს მმართველ გუნდთან, მითუმეტეს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან მიმართებაში. ამიტომ, ამ ეტპაზე დაპირისპირებას არ ველი.
არ გამოვრიცხავ, რომ მმართველ გუნდს ცესკო-თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ თამარ ჟვანიას კანდიდატურა აწყობდეს, გამოცდილი კადრის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში "ოცნებისთვის" პრობლემები არ შეუქმნია. როგორც წესი საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება და მმართველი გუნის წევრები აკონტროლებენ ყველაფერს, გავლენა აქვთ სასამართლოზე და სხვა ინსტიტუტებზე, "ოცნებამ" თავი არ დაიზღვიოს და ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც მას პრობლემებს შეუქმნის" - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.