პარლამენტში ახალი რეგლამენტის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას უფლებამოსილება შეუწყდება, პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ გადაწყვტილების მომხრეა, სხვების აზრით კი რეგლამენტის გამკაცრება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე პარლამენტში მიღებულ ცვლილებებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ დეპუტატის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში პასუხი კანონმდებლობამ უნდა გასცეს.
"მე პირადად მომხრე არ ვარ აკრძალვების, ვეტოების, აღკვეთების, მაგრამ ამ ახალ რეგულაციას მხარს ვუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ როცა ადამიანს გირჩევენ საკანონმდებლო ორგანოში, შენ კი იგნორირებას უწევ, არ დადიხარ პარლამენტის სხდომებზე, შენს ცოდნას და ენერგიას არ ახმარ ამომრჩეველს, რომელმაც ასე იწვალა და დაგაკისრა მაკონტროლებლის ფუნქცია, ასეთ ადამიანს კანონმა უნდა უთხრას, რომ მისი ადგილი საკანონომდებლო სივრცეში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამდეროვე ცივილიზაციას არ მოწონს ეთიკა და ზნეობა, ყველა სტიგმები მოიხსნა - რაც გინდა ის გააკეთე, მომხრე ვარ "ეთიკის კოდექსის" ამოქმედებითაც, რადგან მიმაჩნია, რომ პარლამენტმა თავისი სახე უნდა შეინარჩნოს და დარღვევების შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს მიღებული კანონი. ფეხბურთის მოედანზეც ასეა, ფეხს რომ დაგიდებენ, ჯარიმა ინიშნება, ასეთი რამ პოლიტიკაშიც უნდა არსებობდეს," - განაცხადა "რეზონანსთან" ლადო კახაძემ.