„ნატო-სთან დაკავშირებით კრემლის განცხადება ახალი არ არის ჩვენთვის. ისინი არა მარტო დეკლარირებენ, არამედ ქმედებეზეც არიან გადასული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დაახლოება დასავლეთთან და ნატო-სთან არ მოხდეს," - აღნიშნავს აფხაზეთის ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
რუსეთი არ დაუშვებს აგრესიის განხორციელებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ნატო და საქართველო კი „ცხვრის ვერ შეყოფენ" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ კომსომოლსკაია პრავდას ეთერში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით ცხვირს ვერ შეყოფენ. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
კიკნაძის განცხადებით, კრემლი შეშფოთებულია საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის გააქტიურებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მორიგ განცხადებას კი მან „იაფფასიანი მეთოდი" უწოდა.
„აგრესიას აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე ჩვენ არ ვაპირებთ, ეს გაცხადებულიც გვაქვს - საქართველო არ აპირებს ძალისმიერი მეთოდით ამ რეგიონების დაბრუნებას. ეს მშვენივრად იცის ლავროვმაც, იციან აფხაზებმაც, მაგრამ ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ აფხაზეთში მაცხოვრებელი ხალხი ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ, თითქოს, რუსეთი რომ არ იყოს, ძალისმიერი მეთოდებით დავაპირებთ მათ უკან დაბრუნებას.
„ეს ჩვეული მეთოდია და ძალიან იაფფასიანი ტრიუკია ლავროვის მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც მოქმედებს. მას აქვს აფხაზეთში და აფხაზ მოსახლეობაში თავისი გავლენა. კრემლი სულ განიხილავს საქართველოს და სულ განიხილავდა თავისი ზემოქმედების, გავლენის სფეროდ და ახლა, როდესაც ამ სფეროს კარგავს, შეშფოთებულია.
„ზურაბიშვილმა რაც განაცხადა, მისი პრინციპულობიდან გამომდინარე, ზუსტად იმ პოლიტიკას გაატარებს, ეცდება დასავლეთის კურსს არ გადაუხვიოს და რაც შეეხება, რუსეთთან მოლაპარაკებას, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია რაღაცნაირად უნდა დალაგდეს, მაგრამ როგორც მან თქვა, დასავლეთის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და სწორიც არის, ვერც გააკეთებს," - განაცხადა ლევან კიკნაძემ.