სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და რუსეთი უკრაინას ეკლესიურად ოფიციალურად დაკარგავს. ახლადარჩეული მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რანგში მსახურებას უკვე შეუდგა. ახლა ყველა 6 იანვარს ელოდება, როდესაც სტამბულში მიწვეულ ეპიფანეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის დოკუმენტს - ტომოსს გადასცემს და უკრაინა რუსეთის რელიგიური გავლენებისგან ოფიციალურად გათავისუფლდება.
რას მოიმოქმედებს საპასუხოდ მოსკოვი?
ცალსახად ნათელია ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს. თუმცა არაღიარების გარდა, კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ონუფრის უკვე გაცხადებული აქვს, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტაძრებს სისხლის ფასადაც დაიცავენ და ქუჩაში უკრაინული ტაძრების სამღვდელოება და მრევლი გამოვა.
კიევში გამაერთიანებელი საეკლესიო კრება 15 დეკემბერს გაიმართა, სადაც 192 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 64 ეპისკოპოსი, 64 მღვდელი და 64 საერო პირი. ფარული კენჭისყრით ეკლესიის ახალი მეთაური 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე (ერისკაცობაში სერგეი დუმენკო) აირჩიეს და დაამტკიცეს ეკლესიის წესდება.
ამ კრების შედეგად ნებაყოფლობით გაუქმდა უკრაინაში მოქმედი ორი მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი იყო ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წინამძღოლი იყო მაკარი.
თუმცა უკრაინაში ასევე არის მესამე მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და მისი წინამძღოლი გახლავთ ონუფრი. მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს არ აღიარებს და ასევე არ აღიარებს 15 დეკემბრის გამაერთიანებელ კრებასაც.
ეპიფანე იქამდე არაკანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.
გამაერთიანებელ კრებაზე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიიდან მხოლოდ 2 ეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი ესწრებოდა. მოსკოვის საპატრიარქომ ეს სასულიერო პირები სქიზმატებად გამოაცხადა.
გუშინ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანგებო სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მღვდელმთავრობა ჩამოართვეს და მსახურება აუკრძალეს იმ ორ მიტროპოლიტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო 15 დეკემბრის გამაერთიანებელ კრებაში, სინოდმა მათ ნაცვლად ახალი ეპისკოპოსები აირჩია.
გარდა ამისა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს იმ მღვდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებითაც, რომლებმაც ეპისკოპოსებთან ერთად მიიღეს გამაერთიანებელ კრებაში მონაწილეობა.
როდესაც ახალი გაერთიანებული უკრაინული ეკლესია შეიქმნა, მნიშვნელოვანია რა ბედი ელის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის დაქვემდებარებაში არსებულ ათასობით ტაძარს.
უკრაინული მედია წერს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი პირველიერარქი წოდებული იქნება, როგორც რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი უკრაინაში, ხოლო ტაძრები უკრაინის ახალ ეკლესიას გადაეცემა.
დღეს უკრაინაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, მრევლის თვალსაზრისით და ტაძრების რაოდენობით, არის მოსკოვის დაქვემდებარებაში არსებული ეკლესია, რომელსაც ონუფრი ხელმძღვანელობს. მის მფლობელობაში 11 392 ეკლესია და ტაძარი, მაშინ როდესაც, კიევის საპატრიარქოს ჰქონდა - 3 784 ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას კი - 868 ტაძარი.
მოსკოვის საპატრიარქო ფლობს უკრაინის სამ ყველაზე მნიშვნელოვან მონასტერს - კიევ-პეჩორის ლავრას, პოჩაევის ლავრას და წმინდა სამების ლავრას კიევში.
23 ნოემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რელიგიურ ორგანიზაციას პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის იურიდიული უფლება გაუუქმა და ის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. მსგავსი ბედი ელის სხვა ტაძრებსაც.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადეს, რომ საკუთრების გადანაწილების მცდელობები „ძალადობას" და „სისხლისღვრას" გამოიწვევს. ამდენად, სწორედ ტაძრების საკუთრების თემაზეა მოსალოდნელი დიდი პრობლემების დაწყება რუსეთის მხრიდან.
თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, მოსკოვის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი.
„6 იანვარს გადაეცემა ახლადარჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსი ფანარში და ეს ერთგვარად სიმბოლურიც იქნება. „ეპიფანია" - ბერძნულად ნათლისღებას ნიშნავს და შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ მაინც სიმბოლურია, რომ მას სწორედ ახალი სტილით ნათლისღების დღეს - 6 იანვარს გადაეცემა ტომოსი. ამის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას სტატუსი უნდა შეეცვალოს და ასევე დროთა განმავლობაში მათ ტაძრები და მონასტრები უნდა დატოვონ. ლოგიკურად, უკრაინის ხელისუფლება მათ ამ ტაძრებიდან გამოიყვანს. სხვანაირად არ შეიძლება. ტაძრები უკრაინის ეკლესიის საკუთრება უნდა გახდეს. სამართლებრივი დავა გახდა. ოფიციალურად კონსტანტინოპოლმა უკვე აღიარა უკრაინის ახალი ეკლესია და ევქარისტულ კავშირში მოიხსენია. ამიტომ ის ქონება, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზეა, ეკუთვნის ამ ქვეყნის კანონიკურ ეკლესიას - ახლადგამოცხადებულ უკრაინის ეკლესიას. მე ვფქრობ, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის იურისდიქციაში მყოფი უკრაინელი მღვდელმთავრები ნელ-ნელა გადაბარგდებიან უკრაინის ეკლესიაში. ასევე რუსეთი პროვოკაციებისგან თავს არ შეიკავებს. არ გამოვრიცხავ შეტაკებებსაც, რასაც საეკლესიო ისტორიაში ჰქონდა კიდეც ადგილი ბერებს შორის შეტაკებებსაც," - ამბობს ბარნოვი.
ფოტოზე: მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი ონუფრი