"თიბისის" ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები იწყება. "თბილისის ბიზნესცენტრის" მშენებლობას 17 დეკემბერს ბანკის 26-ე იუბილეზე საფუძველი ჩაუყარეს "თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბანკის წარმომადგენელებმა. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე გაიმართა, სადაც ახალი სათავო ოფისი და მის მიმდებარედ მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება.
პროექტი, რომლის მშენებლობაც "თიბისიმ" გასულ წელს ბანკის 25-ე იუბილეზე დააანონსა, მთლიანად ეფუძნება თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად ენერგოეფექტურია და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.
"თიბისის" ახალი სათავო ოფისი ითვალისწინებს ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები და ჯანსაღი ეკოსისტემა შეიქმნება.
როგორც "თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "თბილისის ბიზნესცენტრი" გახდება ადგილი, სადაც საერთაშორისო დონის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგებობა აშენდება.
"ჩვენი აბრივიატურა არის "თბილისის ბიზნესცენტრი", რომლის ფუნდამენტის გაჭრა "თიბისი ბანკის" დაბადების დღეს დავამთხვიეთ. მადლობა ქალაქის მერიას და საკრებულოს პროექტის დამტკიცებისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გავიარეთ. "თბილისის ბიზნესცენტრი" გახდება საერთაშორისო დონის საკმაოდ სერიოზული ნაგებობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე, ბოლო ეტაპზე გამოგონილი ტექნოლოგიით. ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ლაბორატორიები და სტარტაპები დაიწყონ, რაშიც ვეხმარებით და მომავალში უფრო სერიოზულად განვახორციელებთ მათ მახრადაჭერას. გვახარებს ფაქტი, რომ მსოფლიოში უნიკალური მომენტია, 26 წლის წინ ჩვენი საქმიანობა 11 კვ/მ ფართიდან დავიწყეთ და დღეს უკვე 70 000 კვ/მ ნაგებობას ვაშენებთ. პროექტი ეკუთვნით ჰოლანდიელ არქიტექტორებს, რომლებიც საერთაშორისო კონკურსის პირობებით გამოვარჩიეთ. დღეიდან "თბილისის ბიზნესცენტრი" მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ ნიმუშებს შორის მოხვდება და ადამიანები მასში ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენენ, როცა გაეცნობიან პროექტის შინაარსს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პროქტის უნიკალურობაზე ისაუბრა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. მისი თქმით, თანამშრომლები ახალ ოფისში მეტი ინტერაქციითა და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას შეძლებენ.
"პროექტის უნიკალურობა იმაშია, რომ გვყავს ძალიან კარგი, ცნობილი არქიტექტორები. თუმცა ჩვენთვის მთავარია 2000 ადამიანი, რომელიც აქ დაიწყებს მუშაობას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას მოახდენს. ისინი შეძლებენ, რომ თავიანთი ენერგია, სამუშაო სივრცე მათთვის საინტერესო საქმიანობისთვის გამოიყენონ. ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ "თიბისი ბანკში" მომუშავე ადამიანებმა კომფორტულ გარემოში მუშაობა და დასვენება, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქცია შეძლონ. შენობაში განთავსდება რესტორნები, ფიტნეს კლუბები, სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის და ა.შ.
გვჯერა, რომ "თიბისი ბანკი" სამომავლოდაც საზოგადოებასა და მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
"მიზიდულობის ცენტრი ბიზნესისთვის" - ასე აფასებს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე პროექტს, რომელიც ფუნქციონირებას 2021 წელს დაიწყებს.
"პროექტს აქვს ეტაპობრივი მნიშვნელობა ჩვენთვის, როგორც ჯგუფისთვის და ბანკისთვის, რამდენადაც ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს საუკეთესო ტექნოლოგიების გამოყენებასა და ამავდროულად ქართული ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების შერწყმას სრულიად თანამედროვე შენობაში. გვინდა, რომ ეს ადგილი გახდეს მიზიდულობის ცენტრი ბიზნისისთვის. ვფიქრობ, რომ ადამიანები მოძებნიან ყველაფერს, რაც მათ ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისთვის დასჭირდებათ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, "თბილისის ბიზნესცენტრის" ერთ საჯარო სივრცეში გაერთიანდება სამი ძირითადი პროექტი: "თიბისის" სათავო ოფისი; ინოვაციების ლაბორატორია - ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის და კულტურული ჰაბი: გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა;
ახალი სათავო ოფისი საბანკო სექტორში აქამდე არსებულ დახურული სივრცის კონცეფციას ურთიერთობაზე ორიენტირებული ღია და მოქნილი სივრცით ჩაანაცვლებს.
"თბილისის ბიზნესცენტრის" ადგილმდებარეობა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლისის ტბის ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე ახალი საოფისე კომპლექსი მწვანე გარემოს ნაწილი გახდება, სადაც დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს ვენახებით გამდიდრებული ბუნებრივი ლანდშაფტი ენაცვლება.
"თიბისის" ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი.
პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანიას -UN STUDIO-ს წარმოადგენს. UN STUDIO-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა "თიბისის", როგორც ბრენდის, სტრატეგია და ღირებულებები.
"თიბისის" ახალი სათავო ოფისი სავიზიტო ბარათი გახდება "თიბისი ჯგუფისთვის", რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი საქართველოში პირველად შენდება.
"თბილისის ბიზნესცენტრის" პროექტის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.