მარი გოცირიძე
18.12.2018

 2018 წლის ბიზნესდაჯილდოება დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილია. "თიბისის" მიერ დაფუძნებული წლის მთავარი ბიზნესღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და 1200-მდე სტუმარს უმასპინძლა. მიწვეულები იყვნენ როგორც ფინალისტი კომპანიების დამფუძნებლები, ასევე ისინი, ვინც დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ დასკვნით ეტაპზე ვერ გადავიდნენ.

დაჯილდოების ღონისძიება ელექტრონული, კლასიკური და ეროვნული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზი განსხვავებულად გამოიყურებოდა. დამონტაჟებული იყო სპეციალური სცენა, რომელზეც წამყვანი, მუსიკოსები და გამარჯვებულები გამოდიოდნენ, მათ უკან კი უზარმაზარ მონიტორზე სხვადასხვა ბიზნესის საიმიჯო რგოლები ტრიალებდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში "წლის ბიზნესი" გამარჯვებულად "გროს ენერჯი ჯგუფი" დასახელდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს.

წლის ქართული პროდუქტი "გეფერინი" გახდა - კომპანია, რომელმაც 2014 წელს ჩანთების მასობრივი წარმოება დაიწყო საქართველოში, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლების წარმოებაც დაემატება. დღეს "გეფერინის" პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის.

წლის სტარტაპი გახდა "თიერსი", რომელიც ეკოლოგიისთვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა. მისი მიზანია, მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავი გადაამუშაოს და მისგან ისეთი სასარგებლო პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო.

ნომინაციაში "წლის ტურისტული ბიზნესი" ECOTOUR GEORGIA-მ გაიმარჯვა. ეს არის პატარა ტურისტული კომპანია, რომლის საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება ფრინველებზე და, ზოგადად, ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია.

წლის ქალი მეწარმე დარეჯან კანთელაძე გახდა, რომელმაც ალპურ ზონაში ყველის საწარმო "სანტა" დააარსა, სადაც სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

ნომინაციაში "ბიზნესი დადებითი გავლენისთვის" გამარჯვებული "ჯეო მულჩი" გახდა. მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე-მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. "ჯეო მულჩი" ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა. პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ იერსახეზე.

"ბიზნესდაჯილდოება 2018"-ში გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მასმედიის წარმომადგენლებთან იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რასაც, მათი აზრით, პროექტში გამარჯვება მოუტანთ.

კომპანია "გეფერინის" დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ აღნიშნა, რომ მოპოვებული ჯილდო მეტი მოტივაციაა კომპანიისთვის, რათა უფრო საინტერესო გახდეს და სიახლეებით წარდგეს მომხმარებლების წინაშე.

"ძალიან გახარებული ვარ, რთულია ამ ემოციის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩვენი კომპანიისთვის პირველი წარმატებაა. მინდა, მთლიან გუნდს მივულოცო ეს გამარჯვება. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. დიდი მადლობა "თიბისი ბანკს" ასეთი კარგი პროექტისთვის", - განაცხადა ილია გეფერიძემ.

საბურავის გადამამუშავებელი კომპანია "თიერსის" დირექტორ ზურაბ ბაზღაძის თქმით, ახალბედა კომპანიას გამარჯვება მეტ მოტივაციას მისცემს იმისთვის, რომ განვითარდეს და გაამართლოს როგორც მომხმარებლების ნდობა, ასევე "თიბისი ბანკის" მხარდაჭერა.

"ჩვენი კომპანია საბურავის ნარჩენისგან ხელოვნურ კაუჩუკს აწარმოებს, რომელიც აქამდე არც საქართველოში იწარმოებოდა და არც სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი კომპანია ერთი წელია, რაც ბაზარზეა. იდეა იტალიაში ყოფნისას გამიჩნდა, სადაც ამ ტექნოლოგიის შესახებ შევიტყვე. მოგვიანებით ეს პროექტი სტარტაპ საქართველოს დახმარებითა და საპარტნიორო ფონდის თანადგომით განვახორციელეთ", - აღნიშნა ახალგაზრდა მეწარმემ.

მიხეილ მესტვირიშვილი, კომპანია "ჯეო მულჩის" დირექტორი: "ჩვენი კომპანია აწარმოებს მულჩს, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. კმაყოფილი ვარ, რომ დღეს ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ და ამისთვის მადლობა ამ პროექტს. ცხადია, მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება, რადგან ვგრძნობ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, ქართული პროდუქტი. ეს გამარჯვება მომავალში ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაციაში დაგვეხმარება."

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია, ტარდება და საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელ საქართველოს გაუზიარეს.

"თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, მონაწილეების მატებასთან ერთად პროექტის მასშტაბი წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება.

"ბიზნესდაჯილდოება "თიბისი ბანკისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც უკვე მესამედ ვატარებთ. მთავარი მიზანია, რომ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, იდეები და კომპანიები ერთად შევკრიბოთ და პროექტით გავაერთიანოთ, რაც ქვეყნის ეკონომიკის პროგრესს უწყობს ხელს. წელს 350-მდე კომპანია მონაწილეობდა, რაც ქართული რეალობისთვის მასშტაბური მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიებმა ერთმანეთს თავიანთი წარმატების ისტორია გაუზიარეს. მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მონაწილე გვეყოლება. ვფიქრობ, აქ წარმოდგენილი ბიზნესიდეები და ეს ადამიანები ქმნიან ქართულ ეკონომიკას. ეს ქართული ბიზნესის ახალი ძალაა, ახალი სახეებითა და ახალი იდეებით დახუნძლული, რომელსაც მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ საქმეში "თიბისი ბანკის" წვლილზე "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმაც ისაუბრა, რომლის შეფასებითაც, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესსფეროს წარმატების ისტორიები და ის კომპანიები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან და საწყის ეტაპზე მხარდაჭერას საჭიროებენ.

"ეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოებაა, რომელიც უკვე 3 წელია, ტარდება. ჩართულობა ყოველ წელს დიდია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტისთვის მზადება 5 თვის წინ დავიწყეთ. ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვავლინოთ წარმატების ისტორიები და ის კომპანიები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან. ეს პროექტი სწორედ ამიტომ არის ღირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განსაკუთრებული იყო, რადგან დავამატეთ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი ნომინაცია: წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის. მიმაჩნია, რომ დღევანდელ ბიზნესპროცესებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობისა და ქალი მეწარმეების როლის წამოწევა დროული იყო. წლევანდელი პროექტი დასრულდა, "თიბისი" კი აგრძელებს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერას", - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

წელს პირველად ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები, საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე, თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის მიმდინარეობისას პროექტის მთავარი პარტნიორი ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFiE იყო, დანარჩენი პარტნიორები კი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, IMPACT HUB  თბილისი და სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

"თიბისი ბანკმა" კიდევ ერთი წარმატებული, რიგით მესამე ბიზნესდაჯილდოება დაასრულა. პროექტის მონაწილეებმა შეძლეს, წარმატებისა და აღიარებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაედგათ, პროექტის ორგანიზატორებმა კი საშუალება მისცეს მათ, რომ თავიანთი წარმატების ისტორიები მთელი საქართველოსთვის გაეზიარებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×