"გაშავებული" მსესხებლების "გასუფთავებას", მინიმუმ, 5 წელი დასჭირდება. სესხების განულების პროგრამაში მონაწილეების შესახებ ნეგატიურ ჩანაწერს "კრედიტ ინფო" შეინახავს. ვალების ჩამოწერის პროცესი უკვე მიმდინარეობს ავტომატურად, როგორც კი მსესხებელი ერთიან სიაში მოხვდება.
როგორც "ქართუ ფონდში" აღნიშნავენ, 600 ათას კაცს, შესაძლოა, დაემატოს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომელთა საქმეებს სასამართლო განიხილავს და პრობლემურ საკითხად მიიჩნევა. გადახდისუუნარო მსესხებლების კატეგორიაში არიან გარდაცვლილებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯერ კიდევ მოეპოვებათ. შეგნებით თუ შეუგნებლად, კომპანიებმა მათი ვალების ჩამოწერაზეც იზრუნეს.
გუშინ "ვალი.გე"-ს კიდევ შვიდი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა: "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია", "გრანატ კაპიტალ", "გრანატ ინვესთმენთ", "პრობლემური აქტივების ბიურო", "ფინანსური ბიურო", "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" და "ფინანსური სექტორი".
"კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინსესხის გამცემი და სხვა", - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 483 მსესხებლის 1 154 414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, დავალიანების ჯამური თანხა კი 3 682 200 002 ლარია.
როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" "ქართუ ფონდში" განუცხადეს, მიკროსაფინანსოების მიერ სიების წარდგენის პროცესი გრძელდება და უახლოეს პერიოდში მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატება.
"ვალების განულების პროცესი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. მათი მონაცემი საბოლოოდ "კრედიტ ინფოში" მოიყრის თავს. თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ თვის ბოლომდე გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება.
ჩვენ ინფორმაციას გვაწვდიან ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მისი სისტემატური განთავსება ხდება და პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა განულების პროცესზე. ფონდი არ ადგენს სიებს, ვიღებთ უკვე დამუშავებულ ინფორმაციას და შესაბამის საიტზე ვათავსებთ. შესაძლოა, მას დაემატოს სხვა კომპონენტიც, როგორიცაა სასამართლოში წარმოებული საქმეები და პრობლემურ საკითხად მიიჩნევა.
პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება განახლებული მონაცემები. სავარაუდოდ, იმ ადამიანებსაც გაუნულდებათ ვალი, რომელთა საქმეებს სასამართლო განიხილავს", - აცხადებენ ფონდში.
ფინანსისტების შეფასებით, სესხების განულებით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში რეალურად ვერ მოგვარდება, რადგან დიდია რისკი, რომ ეს ადამიანები სასესხო ვალდებულებებით მომავალშიც დაიტვირთონ, თუმცა "კრედიტ ინფო" მათ შესახებ მონაცემს მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეინახავს.
"ფინანსური განათლების ცენტრის" დირექტორი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ სიაში შეტანილია სხვადასხვა ტიპის სესხები, რითაც სესხების განულების პროცესში მონაწილეთა რიცხვი და ჯამური დავალიანება გაიზარდა. პროექტში მონაწილეთა შორის კი გარდაცვლილებიც აღმოჩნდნენ.
"გადახდისუუნარო მსესხებლებისთვის ერთიან ბაზას "კრედიტ ინფო" წარმოადგენს. მეეჭვება, რომ ცალკე შეიქმნას მონაცემთა ბაზა, როცა ის უკვე არსებობს. ადამიანი თუ ვერ ან არ ასრულებს თავის ვალდებულებას და მასზე ნეგატიური ჩანაწერი არსებობდა, ვალის განულების შემდეგ "კრედიტ ინფო" მის შესახებ ინფორმაციას მომდენო 5 წლის განმავლობაში შეინახავს.
რაც შეეხება ვალების განულების პროცედურას, ეს ვალდებულებები ფონდ "ქართუს" უკვე შეძენილი აქვს კომპანიებისგან და სიაში როგორც კი იპოვის ადამიანი თავს, მისი ვალდებულება ავტომატურად ითვლება განულებულად. ტექნიკურად ასე მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "გასუფთავდებიან". ახალ სესხს ისინი ვერ აიღებენ, რადგან მათი 95% პრობლემური მსესხებელია, დიდი ხნის განმავლობაში არ იხდიდნენ ვალს და ბანკებისთვის სარისკო სუბიექტები არიან. რისკების სამსახური ყველა მოვლენას შეისწავლის, მაგრამ ვალები რომ გაუნულდათ, ეს არ ნიშნავს, რომ "გასუფთავდნენ".
თუ ვინმეს სასამართლოში ჰქონდა ვალდებულება, ისინიც გათავისუფლდებიან მისგან. ჩვენ ვიცით, რომ კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსოების ნაწილმა ჩამოწერა ხანდაზმული ვალდებულებები, მაგრამ სიაში მოხვდნენ ისინიც, რომლებსაც 2000 ლარზე მეტი დავალიანება აქვთ. ამ სიაში არიან გარდაცვლილებიც.
5 წლის განმავლობაში რჩება ეს ინფორმაცია, რადგან "კრედიტ ინფოს" წვდომა არ აქვს საჯარო რეესტრთან, გარდაცვლილის ცნობას კი არავინ წარუდგენს მას. ამიტომ მიაღწია დავალიანებამ 3 მილიარდ ლარს, რადგან სხვა ტიპის სესხებიც შეიყვანეს სიაში", - განაცხადა კეპულაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლოა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები არ დაელოდონ ხუთწლიანი პერიოდის გასვლას და სესხების განულების პროცესში მონაწლე პირებზე სესხი მაინც გასცენ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები საფინანსო სექტორისთვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლებად რჩებიან.